ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
სირიის 7-წლიანი სამოქალაქო ომის ბოლოს მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ 2018 წლის შემოდგომისთვის ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა (რუსეთის ფედერაცია, ირანი და „ჰეზბოლაჰი“) შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე აღედგინათ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი.
დღეისთვის წინააღმდეგობის მთავარ ფორპოსტად რჩება ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე იდლიბის პროვინცია, სადაც თავი მოიყარეს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილმა ძალებმა. ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა კი ამ რეგიონზე გადამწყვეტი შეტევისათვის მზადება დაიწყეს, რაც განიხილება სირიის ომის დამამთავრებელ ფაზად.
იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია
ამჟამად იდლიბის პროვინციაში დაახლოებით 3-4 მლნ ადამიანი (მათ შორის სირიის შიდა პროვინციებიდან ადგილნაცვალი 1 მილიონზე მეტი პირი) ცხოვრობს. აქ თავმოყრილია ასადის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დიდი ცოცხალი ძალა – 70 – 80 000 მებრძოლი, რომლებიც გადანაწილებულია სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ, ორგანიზაციაში. სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ამ პროვინციაში ოპოზიციის ზომიერი ფრთის გარდა წარმოდგენილია ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ძალა – „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელიც ყველაზე ძლიერი სამხედრო დაჯგუფებაა რეგიონში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იდლიბის პროვინციაში განლაგებულია „ასტანის პროცესში“ მონაწილე 3 ქვეყნის – თურქეთის, რუსეთისა და ირანის – სადამკვირვებლო პუნქტები, რაც კიდევ უფრო ართულებს მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას.
ასადის რეჟიმი და მისი მოკავშირეებს იმედი აქვთ, რომ რეგიონს გაწმენდენ ტერორისტებისგან. თურქეთი ყოველთვის ითხოვდა დამატებით დროს, რათა მომხდარიყო „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლების განიარაღება ან მათი განცალკევება ზომიერი ოპოზიციისგან. ახლა კი, როგორც ჩანს, თურქეთისთვის მიცემული ეს ვადა იწურება – რეგიონში გადასროლილია დამატებითი სამხედრო ძალები დასკვნითი იერიშის დასაწყებად.
ამ საკითხთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება ა.წ. 7 სექტემბრისთვის თეირანში დაგეგმილი სამმხრივი (რუსეთი-ირანი-თურქეთი) სამიტი, სადაც სწორედ იდლიბის პროვინციის თემას განიხილავენ უმაღლეს დონეზე. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ რაზე შეძლებენ ან ვერ შეძლებენ მხარეები შეთანხმებას.
მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები
იდლიბის პროვინციაზე კონტროლის აღდგენის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავარი კითხვაა – ეს მშვიდობიანი გზით განხორციელდება თუ სამხედრო კონფრონტაციასთან გვექნება საქმე?
სამხედრო კონფრონტაციის სცენარის შემთხვევაში, სავარაუდოდ, დიდი სისხლისღვრა მოხდება და მივიღებთ ჰუმანიტარული სახის კატასტროფას. იდლიბის პროვინციაზე მსხვილმასშტაბიან შეტევას უდავოდ მოჰყვება მსხვერპლი როგორც მებრძოლებში, ისე სამოქალაქო მოსახლეობაში. მებრძოლების ნაწილი (მათ შორის კავკასიიდან ჩასულებიც) და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიძრება თურქეთის მიმართულებით. მოვლენათა ასეთი განვითარება ჰუმანიტარულ კატასტროფის წინაშე დააყენებს როგორც მილიონობით ადამიანს, ისე დიდ სირთულეს შეუქმნის ეკონომიკურ პრობლემებში ჩაფლულ თურქეთს, სადაც ისედაც ცხოვრობს 4 მლნ.-მდე სირიელი ლტოლვილი.
აღსანიშნავია, რომ იდლიბის პროვინციაზე შეტევა, რამდენიმე მიზეზის გამო, არ იქნება მარტივი გასეირნება:
1. რეგიონში თავმოყრილია ბრძოლებში გამოცდილი ათიათასობით მებრძოლი, რომლებიც არ აპირებენ დანებებას;
2. იდლიბის პროვინცია ტერიტორიულად დიდია აღმოსავლეთ ღუტასთან და დარაასთან შედარებით, სადაც სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა წინა თვეებში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს;
3. იდლიბს აქვს ზურგი თურქეთის სახით და, აღმოსავლეთ ღუტასა და დარაასგან განსხვავებით, არ იმყოფება ალყაში. შესაბამისად, თურქეთიდან ქმედითი დახმარების მიღების შემთხვევაში, გაიზრდება წინააღმდეგობის ხარისხი;
4. ამასთან, თურქეთი იდლიბში წარმოდგენილია სამხედრო სახითაც – ბოლო დღეებში თურქეთმა იქ დამატებითი ცოცხალი ძალა და შეიარაღება გადაისროლა. მის პოზიციებზე ნებისმიერი შეტევა შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგებით დასრულდეს.
მოლაპარაკება-შეთანხმების სცენარის შემთხვევაში თურქეთი ახერხებს „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ დათანხმებას განიარაღებაზე. ამ ორგანიზაციის მებრძოლების ნაწილი გადადის ზომიერი ოპოზიციის რიგებში და გრძელდება ასტანის მოლაპარაკებების პროცესი. „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის უმეტეს ნაწილს დაიკავებს ასადის რეჟიმი, დანარჩენზე კი თურქეთის დე-ფაქტო კონტროლი დამყარდება. მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სიტუაცია დაკონსერვდება და პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლებს. თუმცა ბოლომდე გარკვეული არაა, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევათ „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლებს.
კონფლიქტში ჩართულ მხარეთა ინტერესები
ა) სირიის ინტერესი – დამასკოს უნდა რაც შეიძლება მოკლე პერიოდში აღადგინოს კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. იგი იმედოვნებს, რომ იდლიბის პრობლემის მოგვარების შემდეგ სირიელი ქურთების დაყოლიებასაც შეძლებს ქვეყნის საბოლოო გასაერთიანებლად. ამიტომ იგი ყველაზე მეტადაა მონდომებული უახლოეს ხანში დაიწყოს გადამწყვეტი შეტევა იდლიბის პროვინციის მიმართულებით.
ბ) თურქეთის ინტერესი – ანკარას არ უნდა ლტოლვილთა ახალი მასისა და მებრძოლების (მათ შორის – ტერორისტების) შესვლა თურქეთის ტერიტორიაზე. ანკარისთვის პრიორიტეტია სირიაში თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული YPG-ის (პროქურთული „ხალხთა თავდაცვის ნაწილები“) წინააღმდეგ ბრძოლაა. ამის გამო ყველა შესაძლო მეთოდით შეეცდება ხელი შეუშალოს ქურთული წარმონაქმნის (ავტონომიის) იურიდიულ გაფორმებას სირიის ტერიტორიაზე. ამავე დროს ანკარა შიშობს, რომ იდლიბის პროვინციის შემდეგ ასადის რეჟიმი და მისი მოკავშირეები შეუტევენ თურქეთის მიერ დაკავებულ აფრინისა და ჯერაბლუსის პროვინციებს (შესაძლოა მათ ამ საქმეში YPG-ც მიიმხრონ), რასაც შეიძლება თურქეთისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
გ) ირანის ინტერესი – თეირანს უნდა სირიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღიდგინოს სრული კონტროლი და აქ სახმელეთო ბაზები შექმნას, რასაც მთავარ საფრთხედ მიიჩნევს ისრაელი და პერიოდულად ბომბავს ირანელთა სადგომებს სირიის ტერიტორიაზე.
დ) რუსეთის ინტერესი – მოსკოვს უნდა სირიის კონფლიქტი იმგვარად დასრულდეს, რომ თავად წარმოჩნდეს მსოფლიო დონის მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია გლობალური სახის კონფლიქტების მოგვარება. ამავე დროს, მოსკოვს არ სურს კონფლიქტი თურქეთთან, რომელსაც ამერიკელების წინააღმდეგ აგულიანებს. ამიტომ მისთვის მისაღები იქნება იდლიბის პრობლემის მოგვარება როგორც მოლაპარაკებების გზით, ისე (თუ სხვა გამოსავალი არ დარჩება) საომარი მოქმედებებით. მოსკოვისთვის მიუღებელია ირანული სამხედრო ბაზები სირიაში, რადგან შიშობს, რომ ამ შემთხვევაში თეირანს, მოსკოვთან შედარებით, მეტი გავლენა ექნება ასადის რეჟიმზე. მოსკოვის ინტერესებშია, რომ ჩრდილოკავკასილმა მებრძოლებმა ვერ შეძლონ სამშობლოში დაბრუნება. ამიტომ მას ურჩევია კავკასიელი მებრძოლების სირიაშივე განადგურება ან გრძელვადიანად იქ დატოვება.
ე) დასავლეთის ინტერესი – დასავლეთის სურვილია სირიაში არსებული „დაეშისა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების განადგურება. მისთვის ნაკლებად პრინციპული საკითხია ასადის რეჟიმის შეცვლა. დასავლეთში (განსაკუთრებით, ევროპულ დედაქალაქებში) არ სურთ, რომ ლტოლვილთა ახალი ნაკადები დაიძრას ევროპის მიმართულებით. ამავე დროს ისინი გმობენ სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს. ასეთი ფაქტის განმეორების ან იდლიბის მიმართულებით მსხვილმასშტაბიანი შეტევის წამოწყების შემთხვევაში, მათ თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და სირიის პოზიციების დაბომბვა მოუწევთ. ამასთან, საპასუხო ნაბიჯების სიდიდე დამოკიდებული იქნება შეტევის ხასიათსა და მასშტაბებზე (მაგალითად, იქნება თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი ან რა რაოდენობით იქნება მსხვერპლი). დასავლურ კონტრზომებს შორის კი შესაძლოა იყოს როგორც სამხედრო (დაბომბვები), ისე ეკონომიკური სახის (სანქციების გამკაცრება) ნაბიჯები.
ამავე დროს, დასავლეთი, სირიის პოზიციების დაბომბვის შემთხვევაში, მაქსიმალურად შეეცდება თავიდან აიცილოს პირდაპირი კონფრონტაცია კრემლთან.
საგულისხმო ფაქტია, რომ აშშ კვლავაც ინარჩუნებს პოზიციებს YPG-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში იგი გამოიყენოს პლაცდარმად სხვადასხვა მიმართულებით (ირანი, ერაყი, ისრაელის დაცვის ვალდებულება და ა.შ.).
რაც შეეხება უშუალოდ იდლიბის პროვინციაზე მოსალოდნელი შეტევის საკითხს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ა.წ. 4 სექტემბერს Twitter-ის საშუალებით – მის განცხადებაში ნათქვამია: „სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იდლიბის პროვინციას დაუფიქრებლად არ უნდა დაესხას თავს. რუსები და ირანელები მძიმე ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში მონაწილეობით. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ეს დაუშვებელია!“
ამ გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ავიაციამ იმავე დღესვე დაბომბა იდლიბის პროვინცია და მომდევნო დღესაც განაგრძო მცირე მასშტაბის გამაფრთხილებელი დაბომბვები.
დასკვნები
- ტრამპისაგან რუსეთის გაფრთხილება და ამაზე რუსეთის რეაქცია მეტყველებს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავ არ არსებობს შეთანხმება სირიის საკითხზე;
- იდლიბის პროვინციაზე სრულმასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ აქამდე არნახული ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც უარყოფითად აისახება მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებზე;
- სირიიდან ლტოლვილთა ახალი მასის დაძვრის შემთხვევაში მას გაჰყვება მებრძოლთა დიდი ნაწილი. ეს კი გაზრდის ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეს თურქეთში და სხვა რეგიონებში (ევროპა, კავკასია, უკრაინა და ა.შ.), სადაც მებრძოლთა ნაწილი შემდეგ გადასვლას შეეცდება. ამ შემთხვევაში დასავლეთს ექნება რუსეთის, სირიისა და ირანის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ;
- თურქეთში გადასულ კავკასიელ მებრძოლებს ბუნებრივია გაუჩნდებათ სამშობლოში დაბრუნების ცდუნება და მათ ინტერესთა სფეროში მოხვდება საქართველო, როგორც ეს იყო ჩატაევისა და მისი რაზმის შემთხვევაში.