2016 წლის 17-18 დეკემბერს სასტუმროში „ამბასადორი კაჭრეთი“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონმა (რონდელის ფონდი) საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამართა ორდღიანი სემინარი, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ენერგოსექტორში თანამშრომლობის საკითხებს. სემინარი ჩატარდა პროექტის ,,საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ – ფარგლებში, რომელსაც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად ახორციელებს.
სემინარის პირველი დღე დაეთმო საქართველოს-ევროკავშირის ურთიერთობების თემას. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ისტორიული ურთიერთობები, ილაპარაკა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოთამაშის როლზე, მისი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების შესახებ: სამეზობლო პოლიტიკაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ორმხრივ ურთიერთობებზე, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, ევროკავშირის ჩართულობა შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებში.
სემინარის მეორე დღე მიეძღვნა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვას. ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ენერგეტიკის საკითხებში დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორი, საერთაშორისო ენერგოპროექტები, საქართველოს როლი ენერგოსატრანზიტო დერეფანში და საქართველო-ევროკავშირის ასოცირება ენერგეტიკის სექტორში. მან ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში არსებული რეფორმებისა და გამოწვევების შესახებ და დასასრულ განმარტა ის როლი, რაც ზოგადად ენერგეტიკის სფეროში პარლამენტსა და პარლამენტის თანამშრომლებს ეკისრებათ.