2006 წლის 3 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სემინარს ევროინტეგრაციის საკითხებზე. სემინარი ჩატარდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის „საქართველოში ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ“ ეგიდით. პროექტი ხორციელდება ევროკომისიის საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამის „ჟან მონეს“ ფარგლებში.
ინტენსიური სემინარი ეძღვნებოდა ევროინტეგრაციის ფუნდამენტურ საკითხებს: ევროინტეგრაციის ისტორია; ევროკავშირის ინსტიტუტები; ევროპის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ევროკავშირის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის პოლიტიკა და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები – პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა.
სტუდენტებმა ძლიერი ინტერესი გამოხატეს სემინარის თემატიკისადმი და კითხვა-პასუხის სესიაზე არაერთი საინტერესო კითხვა დასვეს. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სხვადასხვა ტიპის რუკა და ევროკავშირთან დაკავშირებული მასალა.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ლექციის რიდერი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გადმოცემული ევროკავშირთან დაკავშირებული სხვადასხვა ჟურნალი და ბროშურა.
ლექციები ჩაატარეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომლებმა: კახა გოგოლაშვილმა, არჩილ გეგეშიძემ და ფონდის მკვლევარებმა: სერგი კაპანაძემ და ეკა აკობიამ, ისევე როგორც ევროინტეგრაციის ცენტრის პრეზიდენტმა, ვასილ ჭყოიძემ.
ამავე პროექტის ეგიდით მსგავსი სემინარების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვა კუთხეებშიც, კერძოდ ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. პროექტის ზოგადი მიზნია ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ასევე ქართველ სტუდენტებში ევროინტეგრაციის საკითხებში კვლევითი ინტერესის გაღვივება.
*პროექტის ორგანიზატორები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისამდი და უღრმეს მადლობას უხდიან ქალბატონ თინათინ ზურაბიშვილს, მისი ფასდაუდებელი დახმარებისათვის სემინარის ორგანიზების პროცესში.