2022 წლის 3 ნოემბერს რონდელის ფონდში სასწავლო პროგრამის – „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ – კურსდამთავრებულთა დაჯილდოებისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია გაიმართა. კურსის დასრულება მონაწილეებს მიულოცეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა და შსს-ს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, რომელიც ამავე პროგრამის 2012-2013 წლის კურსდამთარებულია.
ექვსთვიანი პროგრამის განმავლობაში, ლექციების პარალელურად, თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა პოლიტიკის დოკუმენტზე. შერჩეული შვიდი ნაშრომი კრებულად გამოქვეყნდა.
პროგრამას -„საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ – რონდელის ფონდი 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. მონაწილეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებსა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში.