2016 / 06 / 16

2016 წლის 16 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობებების კვლევის ფონდმა ახლქალაქის რეგიონულ ოფისში გამართა საჯარო დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე „ვარშავის სამიტი – მოლოდინები და შესაძლებლობები.“ დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე და აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია.

საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. ლექციები გამიზნულია ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამ ტიპის შეხვედრები დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებისა და გაძლიერების პროცესებში.