20 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: „თავისუფალი და ღია ინდო-წყნარიოკეანეთი იაპონიის ხედვა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“.

დისკუსია ჩატარდა ორ სესიად. პირველი სესია ეხებოდა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარიოკეანეთის შექმნის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, ხოლო მეორე – შავი ზღვის რეგიონსა და იქ არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

მომხსენებლებმა მიმოიხილეს იაპონიის საგარეო-პოლიტიკური ვექტორები და ინტერესები, ბოლო წლებში არსებული თანამშრომლობის ტენდენციები საქართველოში, ზოგადად, კავკასიის რეგიონსა და სუამის ქვეყნებში, განსაკუთრებული ყურადღება კი იაპონიის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარიოკეანეთის ინიციატივას დაუთმეს.

დისკუსიის მეორე ნაწილი შეეხებოდა შავი ზღვის რეგიონს, აქ არსებულ უსაფრთხოების აქტორებს, მათ გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს, მიზნებსა და ამოცანებს, ასევე, ძალთა ბალანსის ცვალებად კონფიგურაციას. მომხსენებლებმა ისაუბრეს იაპონიის შესაძლო ჩართულობაზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში.

ღონისძიებაზე მოწვეული მომხსენებელი იყო კეიოს უნივერსიტეტის პროფესორი იოკო ჰიროსე. დისკუსიაში დისტანციურად ერთვებოდა ჰოკაიდოს უნივერსიტეტის პროფესორი ტომოჰოკო უიამა.

საჯარო დისკუსია გაიმართა რონდელის ფონდისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით.
„თავისუფალი და ღია ინდო-წყნარიოკეანეთი – იაპონიის ხედვა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“. 20 ნოემბერი 2023