ავტორი: გიორგი ბილანიშვილი

2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რამდენად სახიფათო და რთულია საქართველოსთვის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა. ეს მოცემულობა, სავარაუდოდ, არც ახლო მომავალში შეიცვლება. ამრიგად, როდესაც რუსეთთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზეა საუბარი, სწორად უნდა შეფასდეს ის შედეგები, რაც შეიძლება ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს მოჰყვეს, როგორც საქართველოს შიდა, ისე საგარეო პოლიტიკისთვის.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება  რუსეთთან ურთიერთობების „დალაგება“ გახდა. ამ მიზნით 2012 წლის 1 ნოემბერს   შეიქმნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა, რომელზეც ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პირველივე ოფიციალური რეაქცია საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაზე არცთუ დამაიმედებელი იყო.
2012 წლის 3 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან  პირველ  რიგში  კონკრეტული  პრაქტიკული  ნაბიჯების გადადგმას ელოდა.

კიდევ უფრო კონკრეტული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის პასუხი 2012 წლის 4 დეკემბერს საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე: „ჩვენი ქართველი მეზობლები საუბრობენ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ ამტკიცებენ, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავენ. ალბათ ასეთი რიტორიკა არ უწყობს ხელს დიალოგის დაწყებას წინაპირობების გარეშე“.

პირველი შეხვედრა ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის იმავე წლის 14 დეკემბერს ქ. ჟენევაში გაიმართა4. მას შემდეგ შეხვედრები რეგულარულად ტარდება.

„აბაშიძე-კარასინის“  ფორმატი  ეხება  ეკონომიკურ  და  ჰუმანიტარულ საკითხებს.  ბოლო  წლებში  საქართველოდან  რუსეთში  დაახლოებით  ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ამავე დროს უფრო ინტენსიური გახდა სახმელეთო და საჰარეო ტრანსპორტის კომუნიკაცია. 

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობებს, ამ მხრივ დღემდე არანაირი სასიკეთო ცვლილება არ შეინიშნება. პირიქით, ინტენსიურად გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ხშირია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება. სამწუხაროდ, გვაქვს ტრაგიკული შემთხვევებიც, როგორიც იყო არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები6.

ამავე დროს, საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ორმხრივი ე.წ. სტრატეგიული შეთანხმებები გააფორმა ცხინვალთან და სოხუმთან. საქართველოში ამ შეთანხმებების გაფორმება მცოცავ ანექსიად შეფასდა.

ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით   საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებს,  რაც თავისთავად უმთავრესი საკითხია, როდესაც რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციაზეა ლაპარაკი.

ბოლო პერიოდის განვითარება

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია მოიძიოს რუსეთთან ურთიერთობების ახალი გზები, რაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს. 2017 წლის 20 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა  გიორგი  კვირიკაშვილმა  აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რომ პირველ რიგში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოხდეს დონის აწევა მინისტრის  მოადგილიდან  მინისტრამდე.  მან  იქვე  დააფიქსირა,  რომ  მზად  იყო თავადაც ჩართულიყო ჟენევის ფორმატში, თუ ფორმატი პრემიერ-მინისტრის დონემდე გაიზრდებოდა8.

შემდგომში ეს თემა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა – 2018 წლის 9 მარტს გავრცელდა  საქართველოს  პრემიერ-მინისტრის  განცხადება,  სადაც დადასტურებული იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში ჩასართავად პრემიერ-მინისტრის   მზადყოფნა და ასევე წამოყენებული იყო ახალი ინიციატივა.
„მზად  ვართ,  ასევე,  პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და  ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ  თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც“,9 –    განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცხადია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება გადაიქცა პოლიტიკური დებატების მთავარ თემად. მით უმეტეს, რომ იგი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განვითარებული სამწუხარო მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ისედაც აწეული იყო.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაციამ რამდენიმე დღის შემდეგ, ა.წ. 12 მარტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.10 საპასუხო განცხადებაში კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს არ აქვს რეალური საფუძველი იფიქროს, რომ მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე რუსეთთან შეთანხმებას მიაღწევს. უფრო მეტიც, ძალიან მაღალია რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია შეეცდება საქართველოს ხელისუფლების  ინიციატივის  საკუთარი  ინტერესების  შესაბამისად ინტერპრეტირებას და ამას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს.

 

რუსეთის საპასუხო განცხადების ძირითადი გზავნილები

რუსეთის საპასუხო განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს, რაც ნათლად მეტყველებს საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ინტერესებსა და პოზიციებზე. ამ საკითხზე უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად უმჯობესი იქნებოდა ჯერ გამოიყოს ეს ძირითადი გზავნილები და შემდეგ გაანალიზდეს რუსეთის ინტერესებისა და პოზიციების კონტექსტში.

ძირითადი გზავნილები
  კმაყოფილებით აღვნიშნავთ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით (ორიგინალი: С  удовлетворением отмечаем выраженный в нем настрой на продолжение и углубление процесса двусторонней нормализации.).
  რუსეთი ისევე, როგორც უწინ, დაინტერესებულია  მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და  მზად  არის  წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში (Россия, как и прежде, заинтересована в  оздоровлении отношений с  соседней Грузией и  готова  идти настолько далеко, насколько к этому готовы в Тбилиси.).
 ჟენევის     დისკუსიებში     პროგრესისკენ     სწრაფვა     ქართული     მხარის კონსტრუქციულობის იმედს  გვიტოვებს  მარტის  ბოლოს  დაგეგმილ  შემდეგ რაუნდზე (Нельзя не приветствовать также декларируемое стремление к прямому диалогу с Абхазией и Южной Осетией.);
  მივესალმებით აფხაზეთთან და  სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ სწრაფვის დეკლარირებას. ეს არის ერთადერთი რეალური გზა, რომ საქართველომ მოაგვაროს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც არ  მიეკუთვნებიან რუსეთ-საქართველოს ორმხრივი  ურთიერთობის  დღის  წესრიგს  (Нельзя  не приветствовать также декларируемое стремление к прямому диалогу с Абхазией и Южной Осетией. Именно таков единственный реальный путь к урегулированию волнующих Грузию вопросов, выходящих за рамки двусторонней российско- грузинской повестки.).
ძირითადი  გზავნილების  შეფასება  რუსეთის  ფედერაციის  ინტერესებისა და პოზიციების კონტექსტში
რუსეთი მართლაც დაინტერესებულია, რომ დააფიქსიროს საქართველოს მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ სწრაფვა მაშინ, როდესაც მას არ შეუცვლია თავისი პოლიტიკა და მიდგომები არც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და არც საქართველოს საგარეო კურსის მიმართ. ამით რუსეთის ფედერაციას საშუალება ეძლევა ამტკიცოს, რომ საქართველო შეგუებულია „ახალ რეალიებთან“, როგორც მოსკოვში უწოდებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას, და მზად არის ამ პირობებში რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

შესაბამისად, ეს რუსეთს ეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე დაამტკიცოს, რომ აფხაზეთი და  ცხინვალის რეგიონი აღარასოდეს დაუბრუნდება საქართველოს. ამასთან, მას ეძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობაც, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს საზოგადოების მოთხოვნაა, რასაც მხოლოდ   ცალკეული   პოლიტიკური  ჯგუფები   უშლიან   ხელს,   რომლებიც ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ ევროპული და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკური კურსი.

რაც  შეეხება  საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის რუსეთის განცხადებაში დაფიქსირებულ  მზადყოფნას, უნდა ითქვას, რომ ეს პოზიცია არ არის  ახალი.  დაახლოებით იგივეა  დეკლარირებული რუსეთის  ფედერაციის უკანასკნელ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, თუმცა იქვე აუცილებელ პირობად მოყვანილია „ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი რეალიების“ მხედველობაში მიღება.
ამჯერად რუსეთის მხარემ   უბრალოდ თავი აარიდა ზუსტად იგივე ფორმულირების გამოყენებას. თუმცა ამავე განცხადების ბოლოს პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს აფხაზეთთან და  ცხინვალის რეგიონთან გადამისამართება რუსეთის მხრიდან     „ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი რეალიების“ აღიარების აუცილებლობაზე მორიგ ხაზგასმად უნდა ჩაითვალოს.
საყურადღებოა განცხადებაში გამოხატული მოლოდინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით. ეს ადასტურებს, რომ რუსეთი მარტის ბოლოს გასამართ შეხვედრას განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებდა. როგორც ჩანს, მოელოდნენ, რომ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ. აღსანიშნავია ისიც,  რომ  შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხილი  გამოთქვა, რომ  ვერ  მოხდა  ამ  საკითხზე შეთანხმება.
ერთადერთი ინტერესი, რაც  რუსეთს ამ  შემთხვევაში შეიძლება ამოძრავებდეს, არის განცხადების შინაარსი –  იგი  მოსკოვისთვის მისაღებ  ფორმულირებებს უნდა შეიცავდეს. ეს  კი  ისეთი სახის ფორმულირებებია, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთს თავიდან აიცილოს ის  ფორმალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც  მას,  როგორც  კონფლიქტის მონაწილეს, 2008  წელს  საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ დაეკისრა.
იმავე   ფორმალური   პოლიტიკური   პასუხისმგებლობის  არიდებასთან   არის დაკავშირებული განცხადების ბოლოს რუსეთის მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია    აფხაზეთთან და  ცხინვალის რეგიონთან საქართველოს პირდაპირი დიალოგის დაწყების მიზანშეწონილობის  თაობაზე. ცხადია, ასეთი დიალოგის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი შეეცდება სრულად მოიხსნას თავისი, როგორც კონფლიქტის  მხარის,  პასუხისმგებლობა. ამავე   დროს   გაუგებარია,  თუ   რა სარგებელი ექნება საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და  ცხინვალის რეგიონში არსებულ რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებით.

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს