2007 წლის 16 თებერვალს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია ირანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში -მოჯთაბა დამირჩილო. ელჩმა ისაუბრა კავკასიაში ირანის საგარეო პოლიტიკის შესახებ. დამირჩილომ ჩამოთვალა საგარეო პოლიტიკის მაფორმირებელი საშინაო და საგარეო ფაქტორები, ის პრობლემები, რომლებიც წარმოიშვება საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელების გზაზე და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ირანი აღმოჩნდა. ელჩი ასევე შეეხო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმპლემენტაციის საკითხებსა და ამ პროცესში სხვადასხვა სამთავრობო ფრთის როლს.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ირანის ისტორიულ კავშირებზე. მან კითხვაზე, თუ რა გავლენას იქონიებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე, უპასუხა, რომ ირანს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ირანს კარგი ურთიერთობები აქვს ნატო-ს წევრ თურქეთთან.
მოხსენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. ბევრი კითხვა დაისვა ირანის ატომური პროგრამის შესახებ. ელჩმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პროგრამას მშვიდობიანი მიზანი აქვს და გამოკვეთა ის ეკონომიკური და ენერგეტიკული ფაქტორები, რომელთა გამოც აუცილებელია ირანის ატომური ენერგიის სექტორის შექმნა.