ავტორი: გიორგი ბილანიშვილი |
ბოლო სამი წელია ყოველწლიურად ქვეყნდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, დოკუმენტი, რომელიც ასახავს როგორც ამ სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს, ისე საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე ინფორმაციას. ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება უკავშირდება საქართველოს კანონს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში“. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებზე დაყრდნობით შემუშავებული ამ დოკუმენტის მიზანია: გამოიკვეთოს საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანასკნელი – 2017 წლის ანგარიშიდან; შეფასდეს საქართველოს უსაფრთხოების გარემოში არსებული დინამიკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამივე ანგარიშზე დაყრდნობით; გამოიკვეთოს საქართველოს უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები. საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშზე დაყრდნობით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში ასახულია საქართველოს წინაშე არსებული შემდეგი ძირითადი საფრთხეები:3 საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას ეტაპობრივად ახორციელებს; ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი ოდენობით მობილიზებული რუსული სამხედრო კონტინგენტი, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბის საფრთხეს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას; ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში შექმნილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის უკონტროლო ვითარება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს საშუალებას აძლევს საკუთარი ოპერატიული, სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების შესაბამისად განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება; საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებებსა და მათი განთავისუფლებისთვის დაკისრებული გაზრდილი ე.წ. ჯარიმების გადახდის იძულებაში გამოიხატება; აქტუალურ პრობლემად რჩება საოკუპაციო ხაზების გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის წარმოება; ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის; საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია; საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ; „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში ჩართული უცხო ქვენების სპეცსამსახურების ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ; გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა. ახალგაზრდები უარს აცხადებენ აღნიშნული ორგანიზაციის იდეების მხარდამჭერ გაერთიანებებში გაწევრიანებაზე, ხოლო ორგანიზაციის მხარდამჭერი ავტორიტეტული ლიდერები მათ რიგებს ტოვებენ; „ისლამური სახელმწიფო“, სავარაუდოდ, გააძლიერებს იდეოლოგიურ მუშაობას და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, სოციალური მედიის გამოყენებით მეტი ადამიანის რადიკალიზაციასა და გადაბირებას შეეცდება; გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია ძირითადად ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელებით იყო დაკავებული, 2017 წლის ტენდენციამ გვიჩვენა, რომ ტერორისტული აქტების განხორციელება „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების მთავარ იარაღად იქცა; 2017 წლის განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ტერორისტული საფრთხეები არ შემცირებულა; 2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს; საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ძირითად შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს; ამჟამად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის; დადგენილ იქნა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენება სცადონ.
საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეების დინამიკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015, 2016 და 2017 წლების ანგარიშების მიხედვით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015, 2016 და 2017 ანგარიშებიდან გამომდინარე, საერთო ჯამში, საქართველოს უსაფრთხოების გარემოში დრამატული ცვლილებები არ შეინიშნება. სამივე დოკუმენტში უმეტესად იდენტურ საფრთხეებზეა საუბარი.
მათ შორის, უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და იქ განთავსებული დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც 2015 და 2016 წლების ანგარიშებში ქართული სახელმწიფოსთვის „ეგზისტენციალურ“, ხოლო 2017 წლის ანგარიშში „მთავარ“ საფრთხედ არის მოხსენიებული.
სამივე ანგარიშში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობაზე, რაც მკაფიოდ მიუთითებს რუსეთის სავარაუდო საბოლოო მიზანზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან დაკავშირებით ყურადღება გამახვილებულია არა მარტო სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მცდელობებზე, არამედ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოპოვების ამოცანაზე, რაც განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს.
მართალია საქართველო საერთაშორისო ტერორიზმისთვის მთავარ სამიზნედ არ არის მიჩნეული, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმულია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების მთავარ იარაღად, კონვენციური ომის ნაცვლად, იქცა ტერორისტული აქტების განხორციელება. ეს კი გარკვეული დონით მაინც ზრდის ტერორისტული აქტების საშიშროებას საქართველოში.
ყოველივე ზემოხსენებულთან ერთად, კვლავ აქტუალური რჩება ტერორისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების საფრთხეც.
საქართველოს უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015, 2016 და 2017 წლების ანგარიშების მიხედვით
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის ანგარიში წინა ანგარიშებისგან იმ თვალსაზრისით განსხვავდება, რომ მასში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების მიმოხილვას. წინა ანგარიშებში საფრთხეებზე მხოლოდ მოკლედ იყო საუბარი და ძირითადი ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს აღწერას.
ამდენად, ის ახალი საფრთხეები, რომლებიც აისახა 2017 წლის ანგარიშში, შესაძლოა, სწორედ ზემოხსენებული ცვლილებით იყოს გამოწვეული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მათი განხილვა მნიშვნელოვანია.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტებში საფრთხეების მიმოხილვაზე ყურადღების გამახვილება დასავლეთში დამკვიდრებული პრაქტიკაა. შესაბამისად, დადებითად უნდა შეფასდეს ამ პრაქტიკის გაზიარება.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოების გარემოში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშების მიხედვით, ასეთად უნდა მივიჩნიოთ:
დასკვნა რუსეთი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიო ერთპოლუსიანი სისტემიდან მრავალპოლუსიან სისტემაზე გადასვლის პროცესშია. იგი საკუთარ თავს მრავალპოლუსიან სისტემაში ერთ-ერთ ძლიერ პოლუსად ხედავს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური გავლენის სფერო. ამის მისაღწევად რუსეთი საჭიროდ მიიჩნევს პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარი გავლენის აღდგენას. შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ საქართველოსთან მიმართებით მისი აქტივობის შემცირებას ახლო მომავალში. ცხადია, რომ სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შეფასებისას, რომელიც ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმედ არ უნდა მივიჩნიოთ, თუმცა საკმაოდ რთულია და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფაქტორის გამო, გაუარესების რისკებს შეიცავს, რაც, ცხადია, გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.
საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.
|