პროგრამა „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას მართვის სფეროში არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში.

პროგრამის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს საჯარო ადმინისტრაციასა და საჯარო პოლიტიკაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას და საჯარო მოხელეებისთვის მართვის თანამედროვე მიდგომებისა და უნარ-ჩვევების დამკვიდრებას.

პროგრამა მხარს უჭერს საჯარო მმართველობის კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და გაითვალისწინებს მის საჭიროებებს. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და მოქნილი გარემოებათა შესაბამისად.

პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა უწყებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო მოხელეთა შესაძლებლობების ზრდას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს უკეთ წარმოჩნდეს საერთაშორისო დონეზე სხვა სახელმწიფოებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.

პროგრამას ახორციელებს რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან (ESD) პარტნიორობით და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით.