ავტორი: მედეა ივანიაძე, რონდელის ფონდის უმცროსი მკვლევარი 

 

2023 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. საქართველოს მთავრობამ, ანტიდასავლური პოლიტიკის პარალელურად, ჩინეთთან პოლიტიკური დაახლოება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც კომუნისტურ ჩინეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტადაა გაუარესებული. სტატიაში შევეცდები განვიხილო, თუ რა მიზნით შეიქმნა ეს პარტნიორობა და რატომ არის ჩინეთთან ამგვარი დაახლოება საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის სახიფათო.

ერთიანი ჩინეთის პრინციპი

დოკუმენტი ზოგადი ჩანაწერით იწყება, რომ მხარეები „ყველა ქვეყნის“ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ადასტურებენ. შემდეგ წარმოდგენილია კომუნისტური ჩინეთის ხედვის მხარდასაჭერი დებულება, რომ საქართველო „მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, თუმცა ამას არ მოჰყვება ჩინური მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების განცხადება, რაც საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოა. ცხადია, „ყველა ქვეყანაზე“ ზოგადი ჩანაწერი ჩინეთის ხელწერაა, რადგან ამგვარად პეკინი რეალურად რუსეთის ინტერესებს უწევს ანგარიშს. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ჩინეთის ე.წ. პოლიტიკური მოგვარების პრორუსულ დოკუმენტშიც ანალოგიურად წერია „ყველა ქვეყნის“ სუვერენიტეტის პატივისცემაზე, სადაც ჩინეთის მიერ რუსეთის ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაც იგულისხმება, რაც ანექსირებულ უკრაინულ რეგიონებსაც მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩინეთი იმ 12 ქვეყანას შორის იყო, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ საქართველოს რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რის გამოც ჩინეთმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმისგან მადლობაც კი დაიმსახურა. საყურადღებოა ისიც, რომ ჩინური მხარე აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციულ ნარატივს 2008 წლის აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიაზე და სხვ.

ჩინეთის გლობალური ხედვის მხარდაჭერა

დოკუმენტში ვხვდებით ჩინეთის კომუნისტური პარტიის მისწრაფებების მხარდასაჭერ და ანტიდასავლურ ჩანაწერსაც, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის კომპარტიის თავმჯდომარის, სი ძინფინგის მიერ შემოთავაზებულ გლობალური უსაფრთხოების, გლობალური განვითარებისა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივები საწყის ეტაპზეა, ჩანს, რომ ყველა მათგანი ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანებს ემსახურება, რისი მთავარი მიზანიც არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლა ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმისთვის თავსებად გარემოდ, სადაც ის წესების დამდგენი და წამყვანი ძალა იქნება.

გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის დოკუმენტში არაერთი სახიფათო ჩანაწერია. ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო კი არის ჩინეთის მიერ ე.წ. უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის მხარდაჭერა, რომლის თანახმად, „ერთი ქვეყნის უსაფრთხოება სხვების ხარჯზე არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, რაც იდენტურია უკრაინის მიმართ რუსეთის ცრუ პრეტენზიისა, თითქოს რუსეთის საზღვრებთან ნატოს არსებობა მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთ-უკრაინის ომზე ჩინეთის ე.წ. მოგვარების დოკუმენტიც სავსეა რუსეთის მხარდაჭერის პუნქტებით, მათ შორისაა „უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის“ შესახებ მსგავსი ჩანაწერი.

ამის გარდა, 2021 წელს გლობალური განვითარების ინიციატივის წარდგენისას სიმ თქვა, რომ განვითარების გზით ხელი უნდა შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე უარესი დამრღვევია, ეკონომიკურ განვითარებას ადამიანის უფლებების წინაპირობად ასახელებს. გლობალური ცივილიზაციის ინიციატივის წარდგენის დროსაც სიმ დასავლეთი ამოიღო სამიზნედ და ისეთ ღირებულებებზე საუბრისას, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლიანობა, თქვა, რომ „ქვეყნები უნდა იყვნენ ღია სხვადასხვა ცივილიზაციის ღირებულებების აღქმის დაფასებისას და თავი შეიკავონ საკუთარი ღირებულებების ან მოდელების სხვებისთვის დაწესებისა და იდეოლოგიური დაპირისპირებისგან“. ამ განცხადებით ის უგულებელყოფს ამ ღირებულებების ობიექტურ მნიშვნელობას და ირწმუნება, რომ ყველა ქვეყანას თავისუფლების საკუთარი განმარტება შეიძლება ჰქონდეს.

ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ასევე გამორჩეულია იმით, რომ მთელ ტექსტში ჩანს ჩინეთის კომპარტიის მხარდასაჭერი განცხადებები, მაგალითად, რომ „საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად“ – სინამდვილეში კი ჩინური მოდერნიზაცია თავისუფლებას, დემოკრატიასა და პოლიტიკურ ლიბერალიზაციას სრულიად გამორიცხავს. ასევე ვხდებით ჩანაწერს ჩინეთისა და საქართველოს მიერ „ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერაზე“, „ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვის წახალისებაზე“, ჩინეთის კომპარტიის კონცეფციის „კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ხელშეწყობაზე“ – ყოველივე ეს სწორედ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საპირისპიროა და მიმართულია მის წინააღმდეგ. საქართველომ ჩინეთთან ერთად გამოთქვა მზადყოფნა „მმართველობის სფეროში გამოცდილების გასაცვლელად“ – ქვეყანასთან, რომელიც უპრეცედენტო ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმად ჩამოყალიბდა.

სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ჩანს, რომ პეკინი საქართველოში ჩინეთის პოპულარიზაციასა და სახელმწიფო პროპაგანდის გაძლიერებას ესწრაფვის. ამის მაგალითია მედიისა და საჯარო დიპლომატიის სფეროებში ურთიერთობების განმტკიცების შესახებ ჩანაწერი, ასევე ჩინეთის რბილი ძალის გამტარებელი კონფუცის ინსტიტუტებისა თუ საკლასო ოთახების შემდგომი განვითარება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში თავისუფალი მედია არ არსებობს და ის ძირითადად კომპარტიის მიერ მართული ორგანოა, რომელიც შესაბამის ნარატივს ავრცელებს. როგორც წესი, საზღვარგარეთ ჩინეთის ქმედებები მიზნად ისახავს ჩინეთისა და მისი პოლიტიკისადმი დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას და თავისი სხვადასხვა აგრესიული ქმედებით გამოწვეული კრიტიკის განეიტრალებას. სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერიდან მალევე საქართველოში  კონფუცის კიდევ ერთი ინსტიტუტის დაარსება დააანონსეს, ქსენოფობიურ და ანტიდასავლურ ტელეარხ „ობიექტივზე“ კი საქართველოში ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის მონაწილეობით ჩინეთზე გადაცემათა ციკლი დაიწყეს, რაც „სი ძინფინგის გზასაც“ მოიცავს.

ტექნოლოგიური  საფრთხეები

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი ციანგთან, სადაც ქვეყანაში „5G ტექნოლოგიების განვითარებაც“ განიხილეს. ღარიბაშვილი ასევე ეწვია დასავლური ქვეყნების მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანია Huawei-ს, სადაც თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. Huawei-მ სურვილი გამოთქვა საქართველოში ციფრული ჰაბის შექმნაში შეიტანოს წვლილი.

ციფრულ სფეროში ჩინეთთან თანამშრომლობა სახიფათოა, რადგან შპიონაჟის საშიშროებას არსებობს. ჩინურ კომპანიებსა და ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას შორის კი ზღვარი გამქრალია. 2021 წლის იანვარში საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც საქართველოში უსაფრთხო და სანდო 5G ქსელის განვითარებას ითვალისწინებს. ეს კი გამორიცხავს Huawei-ის 5G-ს.

ეკონომიკური განზომილება

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში ასევე ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ ასპექტს. მხარეები ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც პეკინის საგარეო-პოლიტიკური გავლენის იარაღია, თანამშრომლობის გაძლიერებას აპირებენ. ასევე, მხარეები „ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების… დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების“ მიზნით თანამშრომლობის სტიმულირებას გეგმავენ.

შუა დერეფნის განვითარებასთან ერთად, მხარეებმა ვაჭრობის მოცულობის გაზრდის სურვილიც გამოხატეს. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეები ხშირად ასახელებენ ამ ფაქტორებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სჭირდებოდა. მართალია, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შუა დერეფნის გააქტიურების საკითხმა უფრო წინ წამოიწია, მაგრამ ამ დერეფნის განვითარება იქამდეც დაწყებული იყო და, ჩინეთის გარდა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ ამ დერეფნის ათვისების ინტერესი.

ვაჭრობას რაც შეეხება, 2022 წელს ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო (მასზე მთლიანი ვაჭრობის 9.8% მოდიოდა). ჩინეთში ექსპორტის 89.9% სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე, ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატებზე მოდიოდა. საქართველოში ჩინეთიდან იმპორტი ყოველთვის აჭარბებდა ჩინეთში ექსპორტს. მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით კი, ჩინეთი საქართველოს მე-4 სავაჭრო პარტნიორი გახდა (მთლიანი ვაჭრობის 7.8%). ამასთან, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტმა 49.6%-ით იკლო. ჩანს, რომ 2017 წელს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ნაკლებადაა ათვისებული.

სტრატეგიული დოკუმენტის ეკონომიკურ განზომილებაში ერთადერთი შედარებით კონკრეტული რამ, რასაც ჩინეთი საქართველოს ჰპირდება, არის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხის შესწავლა, თუმცა ესეც მხოლოდ დაპირებაა და სხვა დეტალები უცნობია. ამასთან, პეკინთან საქმის დაჭერისას ესეც სახიფათოა, რადგან არაერთი ქვეყანა გახვეულა ჩინეთის ვალის ხაფანგში.

ჩინეთის წვდომა შავ ზღვაში საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე?

ღარიბაშვილი ჩინეთში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმსაც დაესწრო, სადაც შუა დერეფანზე საუბრისას თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

ჩინურ კომპანიებს ანაკლიის პორტის მშენებლობის ინტერესი წარსულშიც გამოუხატავთ. 2019 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ანაკლიის პორტის პროექტს დაასრულებდა, რაც ხელს შეუშლიდა საქართველოს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის სფეროში მოქცევას. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. ფართოდ მიჩნეულია, რომ საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესის გამო მიიღო, რაზეც მმართველი პარტიის წევრსაც მიუნიშნებია.

მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ ამერიკული ინვესტიციით პორტის აშენებაზე უარი თქვა, სამი წლის შემდეგ კი პორტის მშენებლობის გეგმები ხელახლა დაანონსდა, ჩნდება კითხვა: რა შეიცვალა? შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის გავლენის შესახებ ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამჯერად ანაკლიის პორტს მოსკოვისთვის მისაღები პირობებით ააშენებენ. 22 სექტემბერს ანაკლიის პორტის ასაშენებლად შესარჩევ კონკურსში მეორე ეტაპზე ორი მონაწილე გადავიდა – შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

რუსეთისთვის ჩინური მხარის აშენებული პორტი პრობლემა არ უნდა იყოს რამდენიმე მიზეზის გამო: რუსეთი და ჩინეთი თანამოაზრე ავტორიტარული ქვეყნები არიან ექსპანსიური ამბიციებით, რომლებიც დასავლეთს მთავარ მეტოქედ განიხილავენ. ამიტომ, მოსკოვის მსგავსად, არც პეკინს სურს შავ ზღვაში დასავლეთის მიერ აშენებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ჩინეთი რუსეთს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს და მოსკოვს ნაკლებად აქვს ჩინეთის წინააღმდეგ წასვლის სურვილი. პეკინის წვდომა შავ ზღვაში ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიც ღრმაწყლოვანი პორტია, ჩინეთის მხრიდან მასპინძელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე გავლენის ზრდისა და მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის არაერთ რისკს ქმნის. მართალია, ეს ჩინეთისგან მომდინარე ახალი პოტენციური საფრთხეა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთის ასეთი გავლენა მოსკოვისთვისაც ხელსაყრელი იყოს.

ქართული მხარის ინტერესი

სტრატეგიული პარტნიორობა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გასული წლების დადებითი დინამიკის ლოგიკური გაგრძელებაა.

ჩინეთთან საქართველოს დაახლოება ქვეყნის ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალას სხვა თანამოაზრეები და პარტნიორები სჭირდება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ისეთი დიდი ავტორიტარული ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, სასურველი პარტნიორი უნდა იყოს – დასავლეთისგან განსხვავებით, პეკინს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა თუ პოლიტიკური რეფორმების მხრივ ვითარება არ აინტერესებს. ამავდროულად, ჩინეთი მსოფლიოში რიგით მეორე ეკონომიკაა. ამასთან, ორმხრივ დოკუმენტში „მმართველობის სფეროში გამოცდილების გაცვლის“ შესახებ ჩანაწერი შემთხვევითი არაა – მაგალითად, ჩინეთში ტექნოლოგიების დახმარებით მართული ტოტალური კონტროლის სისტემა ნებისმიერი ავტორიტარული ქვეყნისთვის მიმზიდველი და მისაბაძი უნდა იყოს.

საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ერთხმად შეაქეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ოპონენტთა შეფასებები გააკრიტიკეს. ყველაფერთან ერთად, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები დეზინფორმაციულ ნარატივს ავრცელებენ, რომ თითქოს ჩინეთს საქართველოს დეოკუპაციაში დადებითი როლის შესრულება შეუძლია. სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ტექსტისა და ჩინეთის რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, ეს აბსურდია და, როგორც ჩანს, დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ძალისხმევის ნაწილია, რათა ჩინეთის გავლენა პოზიტიურ ამბად წარმოჩინდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელის და ევროპული მხარის განცხადებებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, უარყოფითი იყოს. ამის გათვალისწინებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა შესაძლებელია აღვიქვათ, როგორც მთავრობის მცდელობა, ქვეყანას ალტერნატიული პარტნიორი შესთავაზოს – მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ჩინეთი ღირებულებზე დაფუძნებული დასავლეთის ალტერნატივა ვერასდროს იქნება. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს კარგად ესმის. IRI-ის აპრილის კვლევის თანახმად, სადაც გამოკითხულებს არაერთი ქვეყნის დასახელება შეეძლოთ, ჩინეთს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად საქართველოს მოსახლეობის 3% ასახელებს, 63% – ევროკავშირს, ხოლო 47% – აშშ-ს.

საქართველო, როგორც ჩინეთის დიდი სტრატეგიის ნაწილი

დღევანდელი ჩინეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას თუ შევხედავთ, პეკინის ყველა ქმედება მიმართულია ჩინეთის გლობალური ამბიციისკენ, შეცვალოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და გახდეს მსოფლიოში წამყვანი ძალა. უმთავრესი, რაც ჩინეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიძლება აინტერესებდეს, შუა დერეფნის გამოყენებაა. მართალია, ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ჩინეთს მეტად დასჭირდა შუა დერეფანი, მაგრამ, სავარაუდოდ, აქ პეკინის ინტერესი უფრო ფართოა. არ არის გამორიცხული, რომ ტაივანზე შესაძლო სამხედრო იერიშის შემთხვევაში, დასავლურ სანქციებთან ერთად, დასავლეთმა ჩინეთს სავაჭრო გზები დაუბლოკოს. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხო სავაჭრო გზები – საქართველოს მთავრობის მიერ ჩინეთის კომპარტიის ინტერესების პატივისცემა კი ამის ერთ-ერთი გარანტიაა.

„დამალე შენი ძალა, დაელოდე შენს დროს“ –  დიდი ხნის განმავლობაში დენ სიაოპინის ეს სიტყვები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელო იყო, თუმცა გასულ წლებში ეს მიდგომა სი ძინფინგმა შეცვალა. შედეგად, ბოლო წლებში ჩინეთის აგრესიულმა ქმედებებმა დასავლეთის ქვეყნებიც გამოაფხიზლა და მათ ჩინური საფრთხის შესაკავებლად დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ ჩინეთი ცდილობს გარშემო შემოიკრიბოს ქვეყნები, რომლებიც დასავლეთის საპირისპიროდ, საერთაშორისო ასპარეზზე მის ინტერესებს მხარს დაუჭერენ ან, სულ მცირე, არ შეეწინააღმდეგებიან მაინც. წლების განმავლობაში ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობის დადებითმა დინამიკამ პეკინი დაარწმუნა, რომ საქართველოს მთავრობა დღეს სწორედ ასეთი მხარეა. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთისადმი ჩინეთის მხარდაჭერის გამო, მოსკოვს რომც სურდეს, საქართველოში პეკინის გავლენის ზრდას მაინც ვერ შეეწინააღმდეგება.

დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ჩინეთზე პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულება დროთა განმავლობაში ამ ქვეყანას ჩინეთის ვასალად აქცევს ხოლმე. დასავლეთისგან ჩამოშორების პარალელურად, საქართველოს ჩინეთთან პოლიტიკური დაახლოებით მოსალოდნელია, რომ მისი უსაფრთხოება უფრო მოწყვლადი გახდეს და ის, საბოლოო ჯამში, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში აღმოჩნდეს.