“საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი – 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.
კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.
დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად – twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას – მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.
გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 19 მაისს გაზეთ „ერთობა“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.
1918 წლის 26 მაისის წინა დღეები განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ქვეყანას ბეწვის ხიდზე უწევდა გავლა. დამოუკიდებლობის გამოცხადება გარდაუვალი იყო. საგარეო ფაქტორებთან ერთად ამას ამიერკავკასიის რესპუბლიკის მმართველობაში შექმნილი მდგომარეობაც ადასტურებდა.
სწორედ 1918 წლის 23 მაისს, როცაა გაზეთი „ერთობა“ პირველ სტატიად „მოსალოდნელ საფრთხეს“ აქვეყნებდა, ბათუმში მყოფი აკაკი ჩხენკელი საიდუმლოდ წერილს სწერდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და ატყობინებდა, რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდა ყოფილიყო, რასაც თან გერმანიისთვის მფარველობის მოთხოვნა უნდა მოჰყოლოდა. არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა რუსეთის ჯარის ნდობა. საჭირო იყო ყველას განეიტრალება, ვინც რუსეთისკენ აიღებდა გეზს. ბოლშევიზმი სამშობლოს ღალატს ნიშნავდა.
აკაკი ჩხენკელის მიერ ეროვნული საბჭოსთვის საიდუმლოდ გაგზავნილი წერილი პრესისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, თუმცა არსებულ რთულ მდგომარეობაში დარჩენა ქვეყნისთვის რომ კარგს არაფერს მოასწავებდა, ცხადი იყო.