ავტორი: მედეა ივანიაძე, რონდელის ფონდის უმცროსი მკვლევარი
2023 წლის მარტიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს მიმართ სხვადასხვა საკითხზე რუსეთის ფედერაციის განცხადებებს აკვირდება. საქართველოს შესახებ რუსეთის განცხადებების მიმოხილვის გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
*მიმოხილვის მეექვსე პუბლიკაცია 2023 წლის 5 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
რუსეთის განცხადებები „3+3 ფორმატში“ საქართველოს ჩართვაზე და რეგიონში „გავლენის სფეროზე“
2023 წლის 12 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენაზე ისაუბრა. „ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან ყველანაირად შეგვაკავოს და გამოგვაძევოს. ეს არ გამოვა. ჩვენ აქ ვართ ისტორიულად და არსად გავქრებით. ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს მშვენივრად იციან“, – თქვა ლავროვმა.
15 დეკემბერს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა კვლავ მოუწოდა საქართველოს ე.წ. „3+3 ფორმატში“ მონაწილეობა მიეღო. მისი განცხადებით: „ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის კარი ყოველთვის ღიაა“. ის ასევე ირწმუნებოდა შემდეგს: „ისტორიული ფაქტები, ჩვენი ამჟამინდელი რეალობის ფაქტები… გვიჩვენებს, რომ რეგიონის ქვეყნებზე უკეთ ვერავინ მოაგვარებს ჩვენს რეგიონულ პრობლემებს“. მისი თქმით, რეგიონული პრობლემების გადაჭრაში „არარეგიონული აქტორების ჩართვის ყველა მცდელობა… როგორც წესი, საუკეთესო შემთხვევაში არაფრით მთავრდება, უარეს შემთხვევაში კი – სერიოზული კატასტროფით, რომელსაც გლობალური განზომილება აქვს“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად მოუწოდებს საქართველოს, რომ ე.წ. „3+3 ფორმატს“ შეუერთდეს, ქართული მხარე კი ამბობს, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. ოქტომბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველო ე.წ. „3+3 ფორმატში“ შესაძლოა ახლო მომავალში ჩაერთოს.
2023 წელს საქართველოში განხორციელებული მიზნები – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად
30 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2023 წელს რუსეთის მთავარი საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მე-6 პუნქტში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ვიზების გაუქმებასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების განახლებაზეც ეწერა.
აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა კიდევ ერთხელ შეაქოსაქართველოს მთავრობის მიმდინარე პოლიტიკა: „საქართველო გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. ნეტავ, სომხეთს შეეძლოს იმავეს გაკეთება!“ სიმონიანი ამ კომენტარით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის სიტყვებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა.
გასული თვეების განმავლობაში რუსულმა მხარემ არაერთხელ გააკეთა დადებითი კომენტარი საქართველოს ხელისუფლების შესახებ.
რუსეთის გამოხმაურება საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე
9 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა.
მან მომხდარს „საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა“ უწოდა და თქვა, რომ ბრიუსელი რუსეთის დადანაშაულებას „ცდილობდა“, „სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირების დეტალური ახსნა-განმარტებების უგულებელყოფით“.ზახაროვამ ევროკავშირის პოზიცია დაახასიათა, როგორც „პოლიტიზებული“, „მცდარი“ და „მიკერძოებული“. ზახაროვას თქმით, ეს „ძირს უთხრიდა“ ევროკავშირის, როგორც „სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის როლს“.
30 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. წარმომადგენლებს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „სასაზღვრო ზონაში ბოლოდროინდელი პროვოკაციების გათვალისწინებით“, ხაზი გაესვა თბილისის მიერ „სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სასწრაფოდ შემუშავების, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსურ სახელმწიფო საზღვარზე დელიმიტაციის პროცესისა და მათი შემდგომი დემარკაციის აუცილებლობას“.
5-6 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა თქვა, რომ „მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია ‘ადგილზე’ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსურ სასაზღვრო რაიონებში, ცალკეული ინციდენტების გარდა, ზოგადად სტაბილური რჩება“.
როგორც ჩანს, რუსული მხარე „ბოლოდროინდელ პროვოკაციებსა“ და „ცალკეულ ინციდენტებში“ გინტურის მკვლელობას გულისხმობდა.
რუსული მხარის კომენტარები დასავლეთსა და საქართველოზე
5-6 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდის გამართვის შეახებ რუსულმა მხარემ საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე განაცხადა შემდეგი: „სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტიურობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების რეალიზაციით, ამ ქვეყნის თანამედროვე სახის შეიარაღებით გატენით“.
15 დეკემბერს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა და მიანიშნა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის „გაღიზიანებას“ იწვევდა. „ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის აბსოლუტურად სუვერენული საქმეები, მაგრამ აქედანვე ჩანს ამ გადაწყვეტილების პოლიტიზება… სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე ასეთი პოლიტიკური ნების დემონსტრირების სურვილი, ძირითადად, რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანების სურვილით ხდება“, – თქვა პესკოვმა.
10 დეკემბერს რუსეთის დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელის, ვასილი პისკარევის თქმით, რუსეთის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების გამოძიების სახელმწიფო დუმის კომისიამ „რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით ნატოს ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების, მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ‘გავლენის აგენტების’ საქმიანობის გააქტიურება“ დააფიქსირა.
ის ირწმუნებოდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალური ქმედებების ორგანიზების მცდელობებია და რომ შესაბამის ტრენინგებს „ბალტიის ქვეყნებში და საქართველოში“ აწყობდნენ. პისკარევის თანახმად, ტრენინგი ტარდებოდა „ფსევდოდამკვირვებლებისთვის“, „დევნილობაში მყოფი ჟურნალისტებისთვის“ და ეს საქმიანობა „ორგანიზაციული და საგრანტო მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც, მათ შორის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ფინანსდება“.
რუსეთის გამოხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ აქციაზე
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იჯარით გადაცემა დაამტკიცა.
27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა კი აგარაკის იჯარით გადაცემის გამო გამართულ საპროტესტო აქციის შესახებ თქვა, რომ „არეულობა ხელოვნურად, გარედან იყო წახალისებული“. „ეს არის ის, რის ორგანიზებას იწყებენ ე. წ. მეგობრები, არიან ახლომდებარე ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ამით“, – განაცხადა კარასინმა.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ასლან ბჟანიას განცხადებით, „უახლოეს მომავალში“ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა შეიქმნებოდა. ბჟანიას თქმით, ასევე პუტინთან ერთად მათ განიხილეს რუსეთის მიერ ინიციირებული „ინტეგრაციის პროცესები“, დაკავშირებული სამომავლოდ სამოკავშირეო სახელმწიფოში ოკუპირებული აფხაზეთის შესაძლო ჩართვასთან.
ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის
15 ნოემბერს რუსეთის ტრანსპორტის ფორუმზე რუსეთის პერმის მხარის წარმომადგენლებმა ავიაკომპანია „იკართან“ და „აზიმუტთან“ ავიამიმოსვლის განვითარების გეგმები განიხილა, რა დროსაც, პერმის მხარის განცხადებით, 2024 წლისთვის თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობებზე ილაპარაკეს.
10 დეკემბრიდან საქართველოს ავიახაზებმა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ „აზიმუტი“ უკრაინის მიერ სანქცირებული რუსული ავიაკომპანიაა. რუსეთის ვნუკოვოს აეროპორტის თანამფლობელის თქმით, რუსებისთვის თბილისი მეოთხე „კარგი“ სატრანზიტო ჰაბია. ივლისში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა.
„რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს“ აქტივობები
1 დეკემბერს ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა ჩატარდა. შეხვედრაზე ინგუშეთსა და საქართველოს შორის ტურიზმისა და კულტურული გაცვლის განვითარების საკითხები განიხილეს. მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვაზე, ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა ასევე მოინახულეს „ინგუშეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილი“. ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების და ტურიზმის წარმომადგენლები „ორივე ქვეყნიდან’.
2023 წლის თებერვალში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში „რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს“ რუსული ნაწილის დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. ივნისში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოზე საინვესტიციო თანამშრომლობა და ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ტელეგრამარხმა „საპა ცხინვალი“ რუსეთიდან საქართველოში სატრანზიტო გზის შესაძლო გახსნის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ თანაბარი პირობები იქნება და თუ ისინი იქნებიან, „ამ ჯაჭვის ღირსეული რგოლი, მაშინ – რატომაც არა?..” წყაროს მიხედვით, ამ საკითხის განხილვაზე ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის პრემიერ-მინისტრები იყვნენ, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლები არ მიუწვევიათ, რამაც ისინი გააკვირვა. წყარომ ასევე თქვა, რომ ადრე „პრეზიდენტის ადმინისტრაციისა“ და რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ძირითადად „ზემო ლარსის“ საკითხს განიხილავდნენ, თუმცა ინგუშეთის მხარე მათ ტერიტორიაზე საქართველოსკენ მიმავალი რკინიგზის აშენების შეთავაზებით გამოვიდა, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობამ კი მათ შესთავაზა რკინიგზას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის გაევლო.
როგორც 31 ოქტომბერს გამჟღავნებული ინფორმაციით ირკვევა, რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო-სახმელეთო კავშირების აღდგენის შესაძლებლობის საკითხზე მხარეებმა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ისაუბრეს.