ავტორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ჩამოყალიბდა ერთი არცთუ სახარბიელო ტენდენცია – ეკონომისტები, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ახსენდება მთავრობასა თუ მედიას, როცა ქვეყანაში, რეგიონსა თუ მსოფლიოში ეკონომიკური სირთულეები იჩენს თავს, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ კრიზისზე. სავარაუდოდ, ეკონომიკური გართულებების დროს ეს არის ერთადერთი პოზიტივი და ისიც – მხოლოდ ამ პროფესიის წარმომადგენლებისათვის…
სულ ცოტა, ბოლო ოთხი წელია საქართველოში ეკონომისტები მხოლოდ მაშინ ხვდებიან ყურადღების ცენტრში, როცა უჭირს საქართველოს ეროვნულ ვალუტას – ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ლარის დევალვაციის მიზეზების შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს ჩატარდა საყურადღებო კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა და პრობლემა კვლავაც მწვავედ რჩება.
ეროვნული ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ლარის სტაბილურობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგადასახდელო ბალანსს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მიმდინარე ანგარიში, მასში კი შედის საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი. ეროვნული ვალუტის სტაბილურობისათვის, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, ამოსავალია თანაფარდობა ქვეყნის ექსპორტსა და იმპორტს შორის, რადგანაც პირველი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემომტანია, ხოლო მეორე საჭიროებს ამ ვალუტის ქვეყნის გარეთ გატანას. მათ შორის სალდო კი ქმნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ეკონომიკურ საფუძველს.
2017 წლის მონაცემებით საქართველოში იმპორტი ექსპორტს (რეექსპორტის გარეშე) 3,8-ჯერ აღემატებოდა – ეს არის ნომერი პირველი პრობლემა, რის გამოც ლარს არ აქვს სტაბილურობისათვის საჭირო ძლიერი ეკონომიკური საფუძველი.
მართალია, ტურიზმის ხელშეწყობით საქართველოში ჩამოსული ტურისტების და მათ მიერ დახარჯული ვალუტის რაოდენობაც იზრდება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ვალუტის საშუალოდ 80% ქვეყნიდან გაედინება, რისი მიზეზიც არის ეროვნული ეკონომიკის განუვითარებელი რეალური სექტორი, როცა როგორც სამომხმარებლო, ისე სასურსათო კალათაში იმპორტულ და სამამულო წარმოების პროდუქციას შორის თანაფარდობაა 4:1-თან. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, თითოეული ტურისტის მიერ დახარჯული თანხის საშუალოდ 80% ქვეყნიდან ამ ტურისტის მოხმარებისათვის საჭირო პროდუქციის იმპორტისათვის გაედინება. ტურისტულ სეზონზე, ტურისტების მიერ დახარჯული თანხების დიდი ოდენობის გამო, მათი საქართველოში დატოვებული 20%-ის აბსოლუტური მნიშვნელობაც იზრდება, თუმცა სეზონის დამთავრებისთანავე ეს თანხებიც არსებითად მცირდება.
გარდა ამ ეკონომიკური პრობლემისა, ლარის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ ვალუტათა არასტაბილურობა. საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა. კერძოდ, ამ ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტი ჯამური იმპორტის 37,3%-ია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ამ ქვეყნებისათვის დამახასიათებელია ეროვნულ ვალუტათა დევალვაცია, რაც, როგორც ეკონომიკსიდანაა ცნობილი, ხელს უწყობს ამ ქვეყნებიდან ექსპორტის ზრდას, რადგან ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო ექსპორტიორებს რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტის მოპოვება უნდათ.
საქართველოს ორ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორზე ჯამური იმპორტის მეოთხედზე მეტი მოდის. ორივე ქვეყნის ეროვნული ვალუტების – თურქული ლირისა და რუსული რუბლის -გაუფასურება ბოლო წლებში პრაქტიკულად შეუქცევადია და სხვა მიზეზებთან ერთად მთავარი ამ ქვეყნების მმართველობით სისტემაში ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერება და მათთან აშშ-ის დაპირისპირებაა.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ყველაზე მთავარ სავაჭრო პარტნიორთან, თურქეთთან, ჯერ კიდევ 2008 წლიდან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც აშკარად არასამართლიანია: თურქეთიდან საქართველოში იმპორტის განხორციელებას ბევრად უფრო ნაკლები ბარიერი აქვს, ვიდრე პირიქით – საქართველოდან თურქეთში ექსპორტს. ამ ვითარებაში თურქული ლირის გაუფასურება ხელს უწყობს თურქული პროდუქციის იმპორტის ზრდას საქართველოში, თუმცა, ფაქტობრივად, ქართული ლარი ბევრად უფრო სწრაფად უფასურდება (პრაქტიკულად თურქული ლირის გაუფასურების უკვე გაჟღერების ეტაპზევე), ვიდრე ლირის ამ გაუფასურების გამო ფაქტობრივად იზრდება ხსენებული იმპორტი. ამის მიზეზი კი უკვე აღარ არის ეკონომიკა. ამის მიზეზი ფსიქოლოგიური და მმართველობითი ფაქტორებია.
ბოლო წლებში საქართველოში ბიზნესსაც და მთლიანად მოსახლეობასაც თურქული ლირისა თუ რუსული რუბლის გაუფასურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე უჩნდება მოლოდინი, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ლარის გაუფასურება. უკვე ეს მოლოდინი ზრდის მოთხოვნას დოლარზე, რაც აჩქარებს ლარის გაუფასურებას, მიუხედავად იმისა, რომ ლირისა თუ რუბლის გაუფასურების გამო, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტი შესაძლოა ჯერ გაზრდილი არც კი იყოს.
ამ ფსიქოლოგიური ფაქტორის გამოყენება კი ყველაზე მეტად ხელეწიფებათ კომერციულ ბანკებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში ორ მსხვილ ბანკს უკავია დომინირებული პოზიცია, განსაკუთრებით საყურადღებოა მათი ქცევა. კერძოდ, არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ სწორედ ეს ორი ბანკი ხდება სავალუტო ბაზარზე დოლარსა თუ ლარზე მოთხოვნის ნახტომისებური გაზრდის ინიციატორი, განსაკუთრებით – როგორც კი გაჟღერდება ინფორმაცია თურქული ლირის თუ რუსული რუბლის გაუფასურების შესახებ. ამ ბანკების მესვეურებმა იციან, რომ ლარის დევალვაცია არა მათ, არამედ ამ ვალუტების გაუფასურებას „დაბრალდება“. შედეგად, ამ სპეკულაციური ოპერაციებით მსხვილი ბანკები დამატებით მოგებას იღებენ. აი, აქ უკვე მივადექით მმართველობით ფაქტორს.
შესაბამისი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საბანკო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეასრულოს, თუმცა მას არასდროს ჰქონია კონფლიქტი ამ მსხვილ ბანკებთან. უფრო მეტიც, ქართულ საზოგადოებაში არცთუ უსაფუძვლოდ ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკი კი არ ასრულებს საზედამხედველო ფუნქციას ამ ორ მსხვილ ბანკზე, არამედ სწორედ ეს უკანასკნელნი კარნახობენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, თუ როგორ მოიქცნენ.
სამწუხაროდ, მაშინაც კი, როცა აშკარად შეინიშნება სავალუტო რყევები, როცა ლარი განიცდის ნახტომისებურ გაუფასურებას, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა იმის ნაცვლად, რომ საჯარო გამოსვლებით ცდილობდეს სავალუტო ბაზრის დამშვიდებას, ხშირად დუმილს არჩევს, თითქოს ის, რაც მოსდის ლარს, მას არ ეხებოდეს! ამით კი, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ამ ბაზარზე პანიკის ელემენტების გაძლიერებას.
ლარის ნახტომისებური გაუფასურების გამოსარიცხად არაერთი ინსტრუმენტია ეროვნული ბანკის ხელში, თუმცა მათ, უკეთეს შემთხვევაში, ან დაგვიანებით, ან საერთოდ არ იყენებს. სავალუტო რეზერვი ხომ სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ შემსუბუქდეს კრიზისული ხასიათის მოვლენები. როცა ლარი უფასურდება, ამ რეზერვების მცირედი დოზებით გამოყენება აუცილებელია არა იმისთვის, რომ ლარის კურსი უცვლელი დარჩეს (ეს შეცდომა იქნება!), არამედ იმისთვის, რომ ამ გაუფასურებაში ნახტომები გამოირიცხოს. ეს იქნებოდა სავალუტო ბაზარზე შესაძლო პანიკის წარმოქმნის პრევენციის იარაღი.
ცალკე პრობლემაა ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ეროვნული ბანკი მორჩილად ახორციელებს. ამ დროს ვერავინ უარყოფს ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის – ჯოზეფ სტიგლიცის – არგუმენტირებულ მოსაზრებას, რომ ქვეყნებში, სადაც იმპორტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტს, ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი უსუსურია, ხოლო შესაბამისი მონეტარული პოლიტიკა კი – მცდარი. სამწუხაროდ, სავალუტო ფონდის ბიუროკრატია ამ არგუმენტებზე თვალს ხუჭავს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა რატომღაც არ იყენებს ჯოზეფ სტიგლიცის და სხვა ცნობილი ეკონომისტების არგუმენტაციას, მით უმეტეს, რომ საქართველოში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმპორტი ექსპორტს 3,8-ჯერ აღემატება.
დაბოლოს, აუცილებელია თუნდაც ორიოდე სიტყვით ვთქვათ განხილული პრობლემის პოლიტიკურ მდგენელზე.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიციისათვის ხელსაყრელია, როცა ლარი უფასურდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ გაუფასურებას ნახტომისებური ხასიათი აქვს, რაც ბიზნესისა და მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ლარის გაუფასურება იძლევა მმართველი პოლიტიკური პარტიის და მისი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკის საშუალებას. სამწუხაროდ, პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ არ განიხილავს ეროვნული ბანკის როლს, რადგან ეს არ ჯდება მის პოლიტიკურ ინტერესებში. თუკი გავიხსენებთ, რომ ლარის „მშობელი“ სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკია, მაშინ, უწინარეს ყოვლისა, ლარის სტაბილურობაზე პასუხი სწორედ მას უნდა მოეკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ – მთავრობას. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ამ პოლიტიკურ თამაშს ხელს უწყობს მთავრობაც, როცა მისი ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და მათი მოადგილეები ლარის გაუფასურების შესახებ კომენტარებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის დუმილის ფონზე აკეთებენ.
ასე რომ, ის, რაც ლარის გარშემო ხდება, ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორითაა გამოწვეული და ყოველივე ეს მიზანმიმართულ და თანამიმდევრულ გადაწყვეტას მოითხოვს.