ავტორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

 

თანამედროვე საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც დაეფუძნება ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. კერძოდ, 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდის ტემპმა კი 6,1 პროცენტი შეადგინა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აშკარად იკვეთება მოსახლეობის უკმაყოფილება შექმნილი ეკონომიკური და სოციალური სირთულეების გამო. კერძოდ, მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოს რეგიონებში ფაქტობრივად ყოველი მეორე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა თბილისში, სადაც დაახლოებით ყოველი მეხუთე ადამიანია შიმშილის ზღვარზე. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს; იმავდროულად, 2017 წელს სამი და მეტი ბავშვის მქონე ოჯახების 33,4 პროცენტი, ხოლო ერთი ან ორი ბავშვის მქონე ოჯახების 24,1 პროცენტი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს.

იბადება ლოგიკური კითხვა: თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია, მაშ რა იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას, ხომ არ არის ეს საქართველოს ეკონომიკის არასწორი მიმართულებით განვითარებით გამოწვეული?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია დავახასიათოთ ის ეკონომიკური მოდელი, რომლის კულტივირებაც ხდება საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკის შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ეკონომიკის მომხმარებლური მოდელი. ამის დასტურად საკმარისია აღვნიშნოთ, რომ იმპორტი, სამწუხაროდ, უკვე არაერთი წელია სტაბილურად 3,5-ჯერ აღემატება ექსპორტს, ხოლო სამომხმარებლო კალათაში ისევე, როგორც სასურსათო კალათაში იმპორტული საქონლის ხვედრითი წილი ასევე სტაბილურად 80 პროცენტია. სხვა სიტყვებით, ჩვენ უფრო მეტს მოვიხმართ, ვიდრე ვაწარმოებთ. და თუ ეს ასეა, ბუნებრივია კითხვა – როგორ ვახერხებთ მოვიხმაროთ უფრო მეტი, ვიდრე ვაწარმოებთ?

პასუხი სულაც არ არის რთული. კერძოდ, გვაქვს ამგვარი მოხმარების ორი წყარო – ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან და საბანკო კრედიტები.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით, საქართველო დატოვა არაერთმა ჩვენმა თანამემამულემ. მათი მეტ-ნაკლებად ზუსტი რაოდენობა ძნელი დასადგენია, თუმცა აღსანიშნავია, რომ არაერთი წელია საქართველოში საბანკო არხებით ყოველწლიურად სტაბილურად გადმოირიცხება 1-დან 1,5 მლრდ-მდე აშშ დოლარი – ამ ინფორმაციას აღრიცხავს საქართველოს ეროვნული ბანკი. ეს არის იმ თანხის ნაწილი, რომელსაც საქართველოდან წასული ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ გამოიმუშავებენ და სამშობლოში ნათესავებს საარსებოდ უგზავნიან. გამოდის, რომ ქვეყნიდან წასული ჩვენი თანამემამულენი მუშაობენ სხვა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და იქ შექმნილი შემოსავლების ნაწილით სამშობლოში ინახავენ თავიანთ ახლობლებს. აი, სწორედ ეს ქმნის ჩვენი თანამოქალაქეების მოხმარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან წყაროს.

რაც შეეხება საბანკო კრედიტებს, ეს ცალკე ფენომენია. საქართველოს ბანკების საკრედიტო რესურსის მნიშვნელოვანი წყაროა ევროპის ფინანსურ ბაზრებზე აღებული დაბალპროცენტიანი კრედიტები, რომლებიც საქართველოში შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით განთავსდება. ჯერ კიდევ „ნაციონალების“ მმართველობისას ფართოდ გამოიყენებოდა სამომხმარებლო კრედიტების ლამის იძულებით გაცემის სისტემა, როცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ტელევიზორები, მაცივრები, მობილური ტელეფონები და სხვ.) პრაქტიკულად ყველა სავაჭრო ობიექტში პოტენციურ მყიდველს სთავაზობდნენ კრედიტს ამა თუ იმ ტექნიკის შესაძენად. იმის გათვალისწინებით, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა საქართველოში არ იწარმოება და რომ ის მხოლოდ და მხოლოდ იმპორტირებულია, გამოდის, რომ საქართველო ჩამოყალიბდა „ფინანსურ მილად“, როცა საზღვარგარეთიდან შემოტანილი საკრედიტო რესურსი გამოიყენება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ იმპორტული საქონლის მოხმარებისთვის. მაშასადამე, საზღვარგარეთიდან მოზიდული საკრედიტო რესურსი გაედინება მესამე ქვეყნებში, სადაც იწარმოება ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ასე, რომ საქართველოში ინტენსიურად მოიხმარება ის, რაც ქვეყანაში არ იწარმოება, თანაც იმ შემოსავლის ხარჯზე, რაც ჩვენთან არ შექმნილა.

ამას დაემატა მოსახლეობის მიერ გაადვილებულ რეჟიმში სხვადასხვა მიზნით აღებული კრედიტებიც, რომელთა მომსახურების უნარიც მოსახლეობას არ აღმოაჩნდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას, რადგანაც 630 000 ადამიანი (რაც ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 32 პროცენტია) არის ე.წ. „შავ სიაში“, ანუ პრობლემა აქვს აღებული კრედიტების მომსახურება-დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმთავრესად კონცენტრირებულია უძრავი ქონების შესყიდვაში და ნაკლებად გამოიყენება ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაში.

ყოველივე ეს კი ქმნის იმის საფუძველს, რომ საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი, განუვითარებლობის გამო, არ არის მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი გენერატორი. სამწუხაროდ, მის ფუნქციას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასრულებს საზღვარგარეთიდან მომდინარე ფულადი გზავნილები და კრედიტი.

ამ ვითარებაში ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა ხედვა აქვს მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და რა ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ „ნაციონალებიდან“ მოყოლებული, მთავრობა ძირითადად ორიენტირებული იყო საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე. სამწუხაროდ, არც „ქართული ოცნების“ მთავრობას აღმოაჩნდა განსხვავებული ხედვა და ისიც უმთავრეს აქცენტს საქართველოს ტურისტული ცნობადობის, ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებაზე აკეთებს.

ცნობილია, რომ ტურიზმი ეკონომიკის რეალური სექტორის მამოძრავებელი ძალაა. ეს დებულება საქართველოს შემთხვევაში დაზუსტებას მოითხოვს, რადგანაც ტურიზმი საქართველოში ვერ არის მისი თითქმის განუვითარებელი ეკონომიკის რეალური სექტორის განმავითარებელი. სინამდვილეში ტურიზმი საქართველოში ავითარებს იმ ქვეყნების ეკონომიკის რეალურ სექტორებს, საიდანაც ძირითადად ხორციელდება იმპორტი საქართველოში. და ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუკი გავიხსენებთ, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათის არა უმეტეს 20 პროცენტია საქართველოში წარმოებული, ხოლო დანარჩენი 80 პროცენტი კი იმპორტირებულია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტსაც ხომ იგივე სამომხმარებლო კალათა ხვდება? მაშასადამე, რაც უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში, მით უფრო მეტი იმპორტია (აბსოლუტურ განზომილებაში) განსახორციელებელი.

არ იქნება მართებული, თუკი მკითხველს იმის შთაბეჭდილება შეექმნება, თითქოს პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნდეს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. სინამდვილეში ტურიზმი ეკონომიკის ძალზე მნიშვნელოვანი დარგია იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკის რეალური სექტორის დარგებია განვითარებული და ამის საუკეთესო მაგალითებს იძლევა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი თუ აშშ, რომლებიც არა უბრალოდ ტურისტული ქვეყნებია, არამედ ეკონომიკის სექტორული განვითარების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

მაშასადამე, ტურიზმის განვითარების ეკონომიკის უმთავრეს პრიორიტეტად აღიარება ქმნის ილუზიას, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მაინც ვერ უმჯობესდება. საქართველოს ამგვარად მზარდი ეკონომიკა სინამდვილეში არა თუ ვერ განვითარდება, არამედ, გარკვეული აზრით, დეგრადირებასაც კი განიცდის, რადგანაც ამ ტიპის ეკონომიკაში სულაც არ არის საჭირო მაღალკვალიფიციური, ინტელექტუალური შრომით დაკავებული, შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანები – და ეს ადამიანები იძულებული არიან სხვა ქვეყანაში ეძებონ საკუთარი ნიჭის რეალიზების ასპარეზი.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო უკვე არაერთი წელია იმყოფება „ტურისტულ ხაფანგში“ – ეკონომიკა იზრდება, მაგრამ არ ვითარდება.

„ტურისტული ხაფანგიდან“ თავის დასაღწევად აუცილებელია საქართველოს მთავრობამ შეცვალოს ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტი. კერძოდ, პრიორიტეტულად უნდა გამოცხადდეს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ეს შესაძლებელი გახდება, თუკი მთავრობა განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარებას რეალურ პრიორიტეტად დასახავს. ასევე აუცილებელია სამთავრობო ხედვაში აქცენტი გაკეთდეს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე, მის ინდუსტრიალიზაციაზე. ამისთვის კი საჭიროა ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის – „საქართველო 2020“-ის განახლება და გამდიდრება. სამწუხაროა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს მთავრობამ დამტკიცებისთანავე დაივიწყა – ის არც განუხორციელებია, თუმცა არც გაუუქმებია. განახლებული დოკუმენტის მიხედვით კი, თითოეულმა სამთავრობო უწყებამ ყოველწლიურად უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და განახორციელოს ის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რომლის მიზანიც იქნება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა.