ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
2017 წლის 8 იანვარს ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა ბ. ობამამ, აშშ – სადაზვერვო ინსტიტუტების (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო – CIA, გამოძიების ფედერალური ბიურო – FBI, და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო – NSA) ზიარი მოხსენების „რუსეთის მოქმედებებისა და განზრახვების შეფასება აშშ-ის ბოლო არჩევნებში“ კომენტარში ხაზგასმით აღნიშნა: „ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გავეცი აღნიშნული ანგარიშის მომზადების ბრძანება, იყო არა უბრალოდ გადაფასება, თუ რა მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ საკუთარი აღქმის გამყარება, რომ ეს არის ის, რასაც პუტინი უკვე საკმაოდ დიდი ხანია აკეთებს ევროპაში, თავდაპირველად – ყოფილ სატელიტ ქვეყნებში, სადაც დიდი რუსულენოვანი მოსახლეობაა, და ნელ-ნელა უკვე – დასავლურ დემოკრატიებში…“ ეს რეალობის აღიარება და გამოფხიზლებაა, მაგრამ იგი მხოლოდ პრობლემის ზედა ნაწილს ასახავს, იმას, რაც ხილულია. მთავარი კი ის გარემოებაა, რომ რუსეთი, პრინციპში, თავისი ბუნებიდან და სახელმწიფო ფილოსოფიიდან გამომდინარე, ამოვარდნილია მსოფლიო პოლიტიკის მეინსტრიმიდან, უფრო სწორად კი – ეწინააღმდეგება მას. ეს კარგად ჩანს აღნიშნული მოხსენების მთავარ დასკვნაში.
გამოდის, რომ ის, რის ახსნასაც ქართული დიპლომატია ცდილობდა დასავლეთისათვის განვლილი წლების მანძილზე, ჩვენს პარტნიორებს, ყოველ შემთხვევაში აშშ-ში, უკვე კარგად ესმით. მთავარი აზრი კი შემდეგია: რუსეთის დაპყრობითი პოლიტიკა მეზობლების მიმართ არ წარმოადგენს გამონაკლისს და არის მისი ზოგადი პოლიტიკური ბუნების ექსტრემალური გამოვლინება მოცემულ დროსა და სივრცეში.
ამასთან, საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, ასახული მრავალმხრივ თუ ორმხრივ დოკუმენტებში, რუსეთს ძალიან ადვილად აქვს უგულებელყოფილი. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ რატიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც ყოველგვარი დენონსირების გარეშე მოისროლეს ნაგვის ყუთში.
2008 წელი – საქართველო, 2014 წელი – უკრაინა – ვისი ჯერია შემდეგ? ეს კითხვა აქტუალური ხდება არა მხოლოდ რუსეთის უშუალო სამეზობლოსათვის.
შექმნილ ვითარებაში ისახება საქართველოს დიპლომატიის მთავარი გამოწვევა, რომლის პასუხად, პრინციპში, სამი მიდგომა არსებობს:
- ვაწარმოოთ პოლიტიკა რუსეთის ქოლგის ქვეშ, ძირითადი დასავლური პოლიტიკური მეინსტრიმის საწინააღმდეგოდ (მაგალითი: სომხეთი, გარკვეული დაშვებებით);
- გავხდეთ ძირითადი პოლიტიკური მეინსტრიმის ორგანული ნაწილი და გავატაროთ პრინციპული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რაც ჩვენგან გარკვეულ ფასს მოითხოვს, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას (მაგალითი: უკრაინა, გარკვეული დაშვებებით);
- შუალედური საგარეო პოლიტიკური ხაზი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „არც მწვადი დაიწვას და არც შამფური“, როდესაც დასავლეთთან დაახლოების ვექტორი ეთავსება რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის აწყობის მცდელობას.
დღეს ჩვენ მივყვებით საგარეო-პოლიტიკური კურსის მესამე ვარიანტს. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ეს ნამდვილად წარმოადგენდა რაციონალურ მიდგომას, მაგრამ დღეს, თითქმის ხუთი წლის გადასახედიდან, უკვე შეიძლება დასკვნების გამოტანა და გაკვეთილის მიღებაც.
აქ ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ ორ კონკრეტულ შედეგზე: პირველი – როდესაც დასავლეთის ლიდერები ლაპარაკობენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე, ჩანს მხოლოდ უკრაინის კონტექსტი. ანუ თუ წარმოვიდგენთ ფანტასტიკურ სიტუაციას, რომ რუსეთმა შეწყვიტა საომარი მოქმედებები უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში და დაუბრუნა ყირიმი უკრაინას, იგი ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად. სანქციებს რუსეთს არავინ დაუწესებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ თვითონ არ ვართ ამ სანქციების თანამონაწილე.
მეორე მხრივ, რა შედეგებს მივაღწიეთ ჩვენი ახალი პოლიტიკით რუსეთთან ურთიერთობების კუთხით? შემცირდა დაძაბულობა ორმხრივ ურთიერთობებში, გაიზარდა ჩვენი ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი, მაგრამ ასევე გაიზარდა რუსეთიდან იმპორტი (უარყოფითმა სალდომ 2016 წელს შეადგინა $468.7 მილიონი ($674.9 – $206.2), შედარებით 2012 წლის $430 მილიონთან ($476.8 – $46.8), ანუ გაიზარდა $38.7 მილიონით), რუსეთი დაბრუნდა ჩვენი უმსხვილისი სავაჭრო პარტნიორების სამეულში. არის თუ არა ეს კარგი არსებული ორმხრივი პოლიტიკური პრობლემების ფონზე? – რთული კითხვაა, რომლის მარტივი პასუხი არ არსებობს.
რაც შეეხება რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულებას, იგი უკანასკნელ წლებში არ შეცვლილა, ზოგ კომპონენტში გამძაფრდა კიდეც – მავთულხლართები გამყოფ ზოლზე, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა, ქართული ენის შევიწროება, ქართული სკოლების დახურვა, ქართული ეკლესიების განადგურება და ა.შ.
ამასთან, რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ორი კონცეფციის (2013 წლის 12 თებერვალი და 2016 წლის 30 ნოემბერი) შედარებისას ირკვევა, რომ დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა – ყველაფერი აბსოლუტურად იდენტურია.
2013 წლის 12 თებერვლისა (გვ. 20, პუნქტი 52) და 2016 წლის 30 ნოემბრის (გვ. 19, პუნქტი 59) დოკუმენტებში ვკითხულობთ იდენტურ ტექსტებს: Россия заинтересована в нормализации отношений с Грузией в тех сферах, в которых к этому готова грузинская сторона, при учете политических реалий, сложившихся в Закавказье (თარგმანი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარებით იმ სფეროებში, სადაც ამისათვის მზადაა ქართული მხარე, ამიერკავკასიაში შექმნილი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით).
პოლიტიკურად და გეოგრაფიულად არაკორექტულ ტერმინ „ამიერკავკასიას“ ყურადღება არ მივაქციოთ – რუსეთის ოფიციალურ დოკუმენტებში საბჭოთა ტერმინოლოგიის დანერგვის მცდელობა არახალია. ერთადერთი განსხვავება ამ ორ დოკუმენტს შორის ისაა, რომ ახალ დოკუმენტში „ქართული მხარე“ (Грузинская Сторона) დიდი ასოებით არის „დაჯილდოებული“. რუსმა დიპლომატებმა არც იმითი შეიწუხეს თავი, რომ აღენიშნათ ახალი, აბაშიძე-კარასინის თანამშრომლობის ფორმატი, და მისი მეშვეობით მიღწეული წინსვლა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში; არც არავითარი ახალი გზავნილი საქართველოს მიერ განხორციელებული ახალი საგარეო-პოლიტიკური მიდგომების ფონზე – საერთოდ არაფერი. ეს თავისთავად გზავნილია – რუსეთისათვის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთთან თანამშრომლობის მიმართულებით ღირებული არ არის.
უკვე ნათელია, რომ პრინციპული დათმობების გარეშე დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობებს ჩვენ ვერ მოვაწესრიგებთ. ამ დათმობების ფასია ან ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა, ან შეზღუდული სუვერენიტეტის პრინციპზე დათანხმება. ვერც ერთი მთავრობა ამას ვერ შეძლებს, თუნდაც ეყრდნობოდეს კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში. ეს კარგად ესმის რუსეთის ხელმძღვანელობას და თავის პოლიტიკასაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთოდ სამეზობლოს მიმართ ამ ფაქტორის გათვალისწინებით აყალიბებს. ფილოსოფია მარტივია: რაც უფრო რთული ვითარებაა მეზობლებთან, მით უფრო ადვილია რუსეთისათვის ამღვრეულ წყალში საკუთარი დღის წესრიგის შესრულება.
ჩვენ ვერ შევძელით რუსეთის დარწმუნება იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, რომ ევროპული და დემოკრატიული საქართველო არ წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. ალბათ ეს შეუძლებელიცაა, თორემ ხუთი წლის თანმიმდევრული ქმედებების შედეგად რამენაირ ძვრას მაინც დავინახავდით მის პოზიციაში.
ჩვენ არ შეგვიძლია ძალით გავუკეთოთ რუსეთს სათვალე, რათა დაინახოს ობიექტური რეალობა, სამაგიეროთ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ.