ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

ამერიკულმა სტრატეგიული კვლევების ცენტრმა StrategEast-მა წელს პირველად გამოაქვეყნა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (რუსეთის გარდა) „დასავლეთთან დაახლოების (ვესტერნიზაციის) ინდექსი 2018“. კვლევა უნიკალურია, რადგან თუ სხვა ორგანიზაციების მიერ დღემდე მომზადებული შეფასებები ეხებოდა ამ რესპუბლიკების დასავლეთთან ინტეგრაციის ხარისხს კონკრეტულ სფეროებში, StrategEast-ის მომზადებული 176-გვერდიანი კვლევა, თავისი შინაარსით, არის ამ სფეროების შეფასების პირველი ინტეგრირებული, შეჯერებული ვარიანტი.

რამდენადაც კვლევა წარმოადგენს ამ სახის პირველ სერიოზულ ნაშრომს, მისი ავტორები მიიჩნევენ, რომ იდეალური ვერ იქნება, რომ სამომავლოდ დასახვეწი იქნება ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგიაც. ამრიგად წლევანდელი ინდექსის მთავარი მიზანია აჩვენოს ძირითადი ტენდენციები და საფუძველი მოამზადოს შემდეგში დაგეგმილი დიდი, დეტალური კვლევებისთვის. წლევანდელი კვლევა მოიცავს 5 ძირითად სფეროს: პოლიტიკას, სამართლებრივ სისტემას, ეკონომიკას, ენასა და კულტურას და ცხოვრების წესს. თავის მხრივ, ყველა მათგანი ქვესფეროებად იყოფა და წარმოდგენილია მათი შეფასებაც. ითვლება თითქმის ყველაფერი: სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ორიენტაცია, საზოგადოებრივი აზრი, კანონმდებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლები. მაგალითად, სხვა საკითხებთან ერთად იკვლევენ და ითვლიან შესასწავლი ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში გაშვებული დასავლური ფილმებისა და სერიალების რაოდენობას, დასავლური ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული და ესპანური) ცოდნის დონეს, დასავლეთში (ევროპასა და აშშ-ში) ვიზიტიორთა რაოდენობას და ა.შ.

 

ქვეყნების შედარება

კვლევის შედეგად, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ესტონეთს, რომელმაც 100-დან 93 ქულა მიიღო. ბოლო ადგილი კი ერგო თურქმენეთს, 17,5 ქულით. საბჭოთა კავშირის 14-მა ყოფილმა რესპუბლიკამ დასავლეთთან დაახლოების ინდექსში სხვადასხვა სფეროში მიღებული შეფასებების დაჯამების შედეგად შემდეგი ქულები მიიღო:

ქვეყნების ერთგვარი დაჯგუფება ბუნებრივად მოხდა. როგორც მოსალოდნელიც იყო, ინდექსის ლიდერები არიან ბალტიის ქვეყნები (ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია). ამ ჯგუფის ქვეყნები შეფასებულია როგორც „გულწრფელი პროდასავლელები“, რომლებმაც სრულად გაითავისეს დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული მოდელი.

კვლევის მიხედვით, ამას მოსდევს მეორე ე.წ. „დეკლარირებულად პროდასავლურ“ ჯგუფში შემავალი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ 3 ქვეყანა (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), რომელთა პროდასავლურად მიჩნეული პარტიები ზოგჯერ იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ მიერვე დასავლეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, ხშირად მათი პროდასავლურობა დეკლარირებული ხასიათისაა და იმისათვის, რომ ეს ქვეყნები მართლაც იქცნენ ჭეშმარიტ დასავლურ დემოკრატიებად  კონკრეტული რეფორმების გატარება ჭირს.

დანარჩენი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები კი სერიოზულად ჩამორჩებიან ამ ორ ჯგუფს.

კვლევისას განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხზე. ამ სფეროში მაღალი და საშუალო შეფასება მიიღო ბალტიის ქვეყნების სამეულმა: ესტონეთი – 7, ლიეტუვა – 7, ლატვია – 5  და საქართველომ – 4, მაშინ როცა დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ამ კუთხით სერიოზული ჩამორჩენა აქვთ – 0,5-1,5.

კვლევის მიხედვით, რუსეთი თოთხმეტივე ქვეყანაზე ინარჩუნებს კულტურულ გავლენას, თუმცა მას სერიოზული კონკურენციას უწევს არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ თურქეთიც. ამ მიმართულებით მოსკოვის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტებად რუსული სატელევიზიო არხები და სოციალური ქსელებია მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ცალკეული ქვეყნების მცდელობები, შეამცირონ რუსულენოვანი კონტენტი სატელევიზიო სივრცეში, არ იწვევს დასავლური კონტენტის ავტომატურ ზრდას. ამასთან, საინტერესოა, რომ დასავლეთთან კულტურული ინტეგრაცია არ არის დამოკიდებული მხოლოდ გეოგრაფიაზე, რისი ყველაზე ნათელი მაგალითიც არის საქართველო, რომელსაც ამ სფეროშიც მეოთხე ადგილი უკავია. ეს მაშინ, როცა გეოგრაფიულად უფრო დასავლეთით მდებარე მოლდოვა (რომელმაც ჩვენზე ადრე მიიღო ვიზალიბერალიზაცია და მის ასი ათასობით მაცხოვრებელს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს) მხოლოდ მერვე ადგილზეა და სომხეთიც კი უსწრებს.

რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებში ვიზიტიორთა რაოდენობას, აქაც ობიექტური მიზეზების გამო ბალტიელები ლიდერობენ, ხოლო მეოთხე ადგილზეა მოლდოვა – დაახლოებით 300 000 მოლდაველი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10 % ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში. მეხუთე ადგილზეა უკრაინა, რადგან ვარშავის პრეფერენცირებული პოლიტიკის გამო 1,5 მლნ. უკრაინელი მუშაობს პოლონეთში.

კვლევის საქართველოს ნაწილი

კვლევის 6 გვერდი დაეთმო საქართველოს, სადაც განხილულია ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესი, სფეროების მიხედვით, და მინიჭებული აქვს ქულები.

საქართველომ პოლიტიკის სფეროში შესაძლო 25 ქულიდან მიიღო 19,5. ამ მიმართულებით ქულები ძირითადად დაგვაკლდა იმის გამო, რომ 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში ვიყავით „ნაწილობრივ თავისუფლების“ ჯგუფში; ასევე თავისი უარყოფითი როლი ითამაშეს საქართველოს პარლამენტში ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილმა „პატრიოტთა ალიანსმა“ და „თოფაძე-მრეწველებმა“.

ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით ბევრი ქულა დააკლდა სამართლებრივი სისტემის დასავლეთთან დაახლოების სფეროში – შესაძლო 25 ქულიდან მივიღეთ მხოლოდ 14. საქართველოს ნაკლები ქულები დაეწერა როგორც ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან კონსტიტუციის შესაბამისობის მაჩვენებელის, ისე სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხის გამო.

საქართველომ ეკონომიკის დასავლეთთან დაახლოების სფეროში შესაძლო 25 ქულიდან 16 მიიღო. აქ ჩვენს ქვეყანას ქულები შესძინა იმ ფაქტმა, რომ მსოფლიო ბანკის 2018 წლის Doing Business ინდექსში საქართველომ მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო კორუფციის აღქმის ინდექსში – 44-ე. სამაგიეროდ, ნაკლები ქულები მივიღეთ დასავლური ინვესტიციების მოზიდვისა და დასავლეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მაჩვენებლებში.

საქართველომ დაბალი ქულა (8 შესაძლო 15-დან) მიიღო ენისა და კულტურის დასავლეთთან დაახლოების სფეროში. ქულას ქვევით სწევს 2017 წელს CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 19 % კარგად ან საშუალოდ ფლობს ინგლისურ ენას, 18 %-ს აქვს საბაზისო ცოდნა, ხოლო 63 %-ს ამ ენის საბაზისო ცოდნაც კი არ გააჩნია. კულტურის სფეროში ქულები შეგვძინა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს კინოთეატრებსა და სატელევიზიო სივრცეში ძირითადად დასავლური მხატვრული ფილმები გადაიცემა, ხოლო მოსახლეობის 86 % იყენებს Facebook-ს.

საქართველოს დაბალი ქულა (4,5 შესაძლო 10-დან) აქვს ცხოვრების სტილის დასავლეთთან დაახლოების სფეროშიც. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 9% გაემგზავრა ევროპაში, ხოლო 2% – აშშ-ში. თუმცა ვიზალიბერალიზაციის შემოღების შემდგომ პირველ 6 თვეში ჩვენმა 86 500-მა მოქალაქე გაემგზავრა ევროპაში. ასევე ქულები დაგვაკლდა საქართველოში შემოსული დასავლური ბრენდების რაოდენობაშიც.

 

დასკვნა

საერთო ჯამში, საქართველომ თოთხმეტ პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის მეოთხე ადგილი დაიკავა და ერთი შეხედვით კარგია, რომ ჩვენი ჯგუფის ლიდერები ვართ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი მიზანი ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციაა (უპირველეს ყოვლისა, გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში), ცხადია, რომ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და ყველა საშუალებით უნდა გავაძლიეროთ დასავლეთთან დაახლოების პროცესი.

შემდგომი წლებისთვის დაგეგმილ კვლევებში არის სფეროები, რომლებშიც, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს დიდი ალბათობით  ქულები მოემატება (ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა, ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობისა და დასავლური ინვესტიციების მატება და ა.შ.). მაგრამ ხუთივე ძირითად სფეროში არის მთელი რიგი საკითხებისა, სადაც გადამწყვეტი იქნება როგორც ხელისუფლების, ისე მთელი მოსახლეობის  ძალისხმევა საერთო სურათის გამოსწორების მიზნით, რადგან ეს ცვლილებები, საბოლოო ჯამში, დასავლეთზე მეტად საქართველოს ინტერესებშია.

მოსალოდნელა, რომ ასეთი კვლევა/კვლევები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო პოპულარული გახდება გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებში. ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კარგი შედეგის ჩვენება. ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს ქვეყანას დამატებით კიდევ 20 ქულა სჭირდება ე.წ. „გულწრფელი პროდასავლელების“ ჯგუფში გადასასვლელად. შესაბამისად, დასავლეთსა და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომელი ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ამ გზაზე სწორება კი ბუნებრივად უნდა ავიღოთ ბალტიის ქვეყნებზე და გამოვიყენოთ მათი გამოცდილება. მიგვაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია.