ავტორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
საქართველო და აზერბაიჯანი დიდი ხანია დაკავშირებული არიან ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირებით, რაც, გადაჭარბების გარეშე, სტრატეგიულ პარტნიორობად შეიძლება შეფასდეს. ამასთან, სწრაფად ცვალებად და წინააღმდეგობებით აღსავსე გეოპოლიტიკურ გარემოში საჭიროა, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთობლივად შეიმუშაოს გეგმა, რათა მათმა თანამშრომლობამ კვლავაც წარმატებით მოიტანოს ხელშესახები შედეგი ორივე ერის უსაფრთხოებისა და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის.
1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ორივე ერი უკიდურესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მათ აჩვენეს, რომ თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და ზოგჯერ კომპრომისს ორივე მხარისთვის შეუძლია სიკეთის მოტანა. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან აზერბაიჯანი და საქართველო ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის სისხლიან ომებში აღმოჩნდნენ ჩათრეული, რასაც კრემლი უწევდა პროვოცირებას და უწყობდა ხელს. მისი მიზანი იყო, არ დაეშვა, რომ ყოფილ კოლონიებს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოები აეშენებინათ. ამგვარი წინააღმდეგობების მიუხედავად, აზერბაიჯანმა და საქართველომ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, წარმატებით დააკავშირეს კასპიის ენერგორესურსები საერთაშორისო ბაზრებს უმოკლესი და კომერციულად მომგებიანი მარშრუტით. შედეგად, ისეთი ერთობლივი პროექტების მეშვეობით, როგორიც იყო ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, საქართველომ უფრო დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო აზერბაიჯანი სრულიად გარდაიქმნა. ამ პროცესში გამოჩნდა ორი მეზობელი ქვეყნის მნიშვნელობა ერთმანეთისთვის, რომელთა ურთიერთობა ურთიერთდამოკიდებულების ფაზაში შევიდა.
ამასთან, ამ ორი ქვეყნის კავშირები არ შემოიფარგლება მხოლოდ დიდ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში თანამონაწილეობით – საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, აქვთ ღრმა საზოგადოებრივი კავშირები და, რაც მთავარია, იზიარებენ გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა, მიუხედავად მათ შორის არსებული გარკვეული განსხვავებებისა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის და პოლიტიკური სისტემის არჩევანში. მაშინ, როცა ორი ქვეყანა იზიარებს სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ. თუმცა ეს უნდა განიხილებოდეს არა შემაფერხებელ ფაქტორად ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ შესაძლებლობად.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური გარემო მნიშვნელოვნად დამძიმდა. 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რამაც უკვე გამოიღო შორსმიმავალი რეგიონული და გლობალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. რამდენიმე დღის წინ ახლოაღმოსავლური დაძაბულობა ახალი ძალით აფეთქდა, რამაც პოტენციურად შეიძლება ახალი დიდი ომის სახე მიიღოს. ამგვარ დრამატულ ვითარებაში საქართველომ და აზერბაიჯანმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მოკლე და საშუალო პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიამ მეტ სტაბილურობას მიაღწიოს და ორმა პარტნიორმა ქვეყანამ გაიმყაროს საკუთარი ერთობლივი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც უკეთ იქნება მორგებული თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
მაშინ, როცა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჯერაც მძვინვარებს, მისი ერთ-ერთი შედეგი უკვე ნათლად ჩანს – პუტინის ფანტაზიამ იმპერიის აღდგენის შესახებ მისი ქვეყანა იზოლაციაში მოახვედრა და გადაჭრა მრავალი საერთაშორისო სატრანსპორტო არტერია, რომელიც აქამდე რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდა – ეს კი ზრდის შუა დერეფანზე მოთხოვნას, რაც თანაბრად ეხება როგორც სახმელეთო ტვირთებს, ისე ენერგორესურსებს. ამ ვითარებაში აზერბაიჯანს და საქართველოს თუკი სურთ, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემისთვის კვლავ რელევანტური დარჩნენ, დაუყოვნებლივ სჭირდებათ ძალისხმევა, რომ კასპიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებს ურთიერთკავშირის ახალი დონე შესთავაზონ. ეს ამოცანა მოიცავს საგზაო, რკინიგზის და პორტების ინფრასტრუქტურის ძირეულ გაუმჯობესებას და ნავთობისა და გაზის მილსადენების გამტარობის არსებული მოცულობის გაზრდას.
უფრო მაღალი დონის ურთიერთკავშირზე მოთხოვნა არსებობს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მხრიდან. ცენტრალური აზიის ქვეყნები დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდნენ რუსეთის მიერ კონტროლირებადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მძევლებად. ბოლო წლებში თანდათან ბოლო მოეღო რუსეთის თითქმის სრულ მონოპოლიას, მას შემდეგ, რაც რეგიონში ჩინეთმა დაიწყო ეკონომიკური კავშირების აქტიური განვითარება. ეს მოიცავს ახალი მილსადენების მშენებლობას, რომელთა მეშვეობითაც ჩინეთს გაზის მზარდი მოცულობა მიეწოდება. ამგვარად, ჩინეთმა წარმატებით დააბალანსა რუსეთის დომინირება, რითაც უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები შექმნა რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ (განსაკუთრებით, ყაზახეთის შემთხვევაში, რომელსაც თავისი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გამო შეშფოთების საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა). თუმცა, უნდა ითქვას, რომ დასავლურ ბაზრებზე სტაბილური წვდომის გარეშე, ცენტრალური აზიის ქვეყნები ვერასდროს შეძლებენ თავიანთი უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალისა და ეროვნული სუვერენიტეტის რეალიზებას. აზერბაიჯანის გამოცდილება ამის თვალსაჩინო მაგალითია.
ამავე დროს ევროკავშირს, ისევე, როგორც თურქეთს, გაეზარდა მოტივაცია ენერგორესურსების ახალი წყაროების მოსაძიებლად, რითაც მდიდარია ცენტრალურ აზია, თუმცა მათზე წვდომა დღემდე შეზღუდულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ევროკავშირმა საკუთარ თავს სერიოზული კითხვები უნდა დაუსვას იმის თაობაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მისი არაერთი წევრი, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ენერგეტიკულად დამოკიდებული რუსეთზე და რატომ არ გადაიდგა ნაბიჯები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის დასაწყებად, რითაც მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციას და, შესაბამისად, საკუთარ ენერგოუსაფრთხოებას შეუწყობდა ხელს.
დიდი ალბათობით, თურქეთი შეძლებს მომავალ პროექტებში მონაწილეობას, დამატებითი ენერგიის მოცულობების მიღებასა და დასავლელი მომხმარებლებისთვის სატრანზიტო როლის შესრულებას. აქ ხაზგასასმელია, რომ ხსენებული ენერგეტიკული და ეკონომიკური შესაძლებლობები მუდმივი არ იქნება, რადგან ჩინეთი აქტიურად მუშაობს რეგიონში თავისი გავლენის გასაზრდელად.
ნათელია, რომ უფრო მაღალი ხარისხის ერთობლივი საერთაშორისო როლის, კონკრეტულად – საერთაშორისო გეოეკონომიკური ფუნქციის, განვითარება რთული ამოცანაა. ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევას საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწეებისა და ექსპერტების მხრიდან და, ასევე, მათ ერთობლივ მუშაობას პარტნიორების მოსაზიდად ცენტრალური აზიიდან, თურქეთიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან. მაგრამ რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს ამოცანა, დიდი საერთაშორისო პროექტების წარმატებულად განხორციელების გამოცდილება, განსაკუთრებით, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის შემთხვევა (რომელსაც 1990-იან წლებში სკეპტიკოსები ფანტაზიად მიიჩნევდნენ), იმის მაჩვენებელია, რომ ურთიერთსასარგებლო მიზნებისთვის თანამშრომლობას დიდი შედეგების მოტანა შეუძლია.
ამასთან, რა თქმა უნდა, დიდ პროექტებში სერიოზული პარტნიორების და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ სამხრეთ კავკასია არ აღიქმებოდეს არასტაბილურ რეგიონად, რაც ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში. დღეს რეგიონში მყარი სტაბილურობის დამკვიდრებას უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ოდესმე. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ სომხეთთან გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა რეალურია. საქართველოს შეუძლია უფრო აქტიური როლი შეასრულოს სამშვიდობო პროცესში დიპლომატიური შუამავლობით ან თუნდაც სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შეთავაზებით. ამ კონტექსტში, მხარეებმა სომხეთსაც უნდა შესთავაზონ გარკვეული როლი რეგიონულ პროექტებში, რომლებიც მას მშვიდობის დივიდენდს გაუნაწილებდა და შეზღუდავდა რუსეთის შესაძლებლობებს, რომელიც უეჭველად ეცდება რევანშიზმის გაღვივებას. საქართველოს საკუთარი ინტერესიც აქვს მის მეზობლებს შორის არსებული კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებაში და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში.
საქართველოს და აზერბაიჯანის პარტნიორობას ბევრი გამოცდა აქვს გამოვლილი და კარგ მაგალითს წარმოადგენს იმისა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის საუკეთესო საფუძველია არა ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური სიახლოვე, არამედ გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების თანხვედრა. საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელებისთვის მუშაობით საქართველოს და აზერბაიჯანის ლიდერების თაობებმა დიდ შედეგებს მიაღწიეს, მაგრამ ახალი რეალობები მოითხოვს ახლებურ ხედვას და ახალ ძალისხმევას, რათა ორი ქვეყნის პარტნიორობამ სიძლიერე და ახალი გამოწვევების ფონზე რელევანტურობა შეინარჩუნოს. საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ კავკასია დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურათა დამაკავშირებელი ხიდი იყო. დღეს აზერბაიჯანმა და საქართველომ, თავიანთ მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად, უნდა უზრუნველყონ სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური ხიდის ფუნქციონირება შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის.