ავტორი: მანელ ლეპუა

 

12 ივლისს, ვილნიუსში, ლიეტუვაში, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ნატოში უკრაინის პოტენციური გაწევრიანების შესახებ გაიმართა დებატები. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ნატოს მოკავშირეები ერთმანეთს ისტორიულ სამიტზე შეხვდნენ. ღონისძიებას განსაკუთრებულად ელოდნენ ნატოში უკრაინის გაწევრიანების გულშემატკივარი ქვეყნები. სამიტზე შესამჩნევი იყო საფრანგეთის პოზიცია, რომელიც ნატოს ლიდერი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების და გერმანიის, შეხედულებებისაგან განსხვავდებოდა. ბლოგში შევეცდებით წარმოვადგინოთ საფრანგეთის პოზიცია უკრაინის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და გავაანალიზოთ მოვლენების ამჟამინდელი შემობრუნების მიზეზები.

ნატოში საფრანგეთის პოზიციების მოკლე მიმოხილვა

ნატო-საფრანგეთის ურთიერთობები პერიოდულად საკმაოდ მშფოთვარე იყო.  გოლისტური ტრადიცია, როგორც ჩანს, სულ მცირე, ნიკოლა სარკოზის ხელისუფლებაში მოსვლამდე გაგრძელდა. ნატოსგან დისტანცირება პირველად შარლ დე გოლმა გადაწყვიტა და 1966 წელს დატოვა ნატოს გაერთიანებული სარდლობა. ბირთვული ძალების განკარგვის სრული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დე გოლისთვის უპირატესი იყო ძლიერი და დამოუკიდებელი საფრანგეთი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთთან სიახლოვე საფრანგეთის სასარგებლოდ აღარ აღიქმებოდა. დე გოლს მიაჩნდა, რომ საფრანგეთის დამოუკიდებლობის გარანტად ამერიკის შეერთებული შტატები იყო ქცეული. ეს წინაპირობები დაედო საფუძვლად „ანტიამერიკული“ ტრადიციის შესახებ რიტორიკას, რაც, ძირითადად, ნატოში საფრანგეთის პოზიციებით გამოიხატა.

საფრანგეთი ყოველთვის ფრთხილად უყურებდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხს. რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების შიშით ჟაკ შირაკი ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების იდეას აკრიტიკებდა. ამავე პოლიტიკის გაგრძელება იყო 2008 წელს სარკოზის უარი ორი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე. საფრანგეთის პოზიციას შეიძლება რამდენიმე ახსნა მოეძებნოს. უპირველეს ყოვლისა, აგრესიული ქცევის მიუხედავად, რუსეთთან ურყევ თანამშრომლობას ამართლებდა მე-19 საუკუნეში რუსული და ფრანგული ელიტების თითქმის ისტორიული სიახლოვე. ამასთან, რუსეთი რჩება მნიშვნელოვან ძალად, რაც, სავარაუდოდ, კარგად ხსნის მოსკოვის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკის გაგრძელებას. 2017 წელს ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს ვერსალში უმასპინძლა, რასაც მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. ნატოს გაფართოების კონტექსტში პრეზიდენტმა მაკრონმა „უკრაინის ფინეთიზაციაზეც“ ილაპარაკა, რითაც უგულებელყო ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა. დღეს კი, როცა რუსეთ-უკრაინის ომი მძვინვარებს, როგორც ჩანს, მაკრონს, მისი გერმანელი კოლეგისგან განსხვავებით, სურს  „აღმოსავლეთის მხსნელი“ გახდეს.

საფრანგეთის პოზიცია ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით

მაკრონის მთავარი განწყობები ვილნიუსის სამიტამდე ერთი თვით ადრე ბრატისლავაში გაკეთებულ მოხსენებაში გამოიკვეთა. Globsec 2023 ფორუმზე, რომელსაც აქამდე საფრანგეთის არცერთი პრეზიდენტი არ დასწრებია, მაკრონი დასკვნითი სიტყვით წარსდგა. თავის გამოსვლაში მან რუსეთ-უკრაინის ომსა და ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მაკრონის თქმით, წარსულში უკრაინისა და საქართველოსთვის შეთავაზებული გარანტიები „ძალიან სუსტი“ იყო. მან შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილიც გამოთქვა, რითაც ნატოს გაფართოებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და რუსეთის ამბიციების შერყევას შეეცადა. მაკრონმა განაცხადა, რომ მზად იყო ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის „ხელშესახები“ გარანტიები მიეცა. გამოჩნდა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის  ტერიტორიული ერთიანობის უზრუნველსაყოფად საფრანგეთი მხარს დაუჭერდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მაკრონმა თქვა, რომ  გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად უკრაინას „ყველა შესაძლო დახმარება“ უნდა გაეწიოს. ჰენრი კისინჯერის ციტირებით კი ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასაც. საინტერესოა პარალელების გავლება ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ვილნიუსში გაკეთებულ განცხადებასა და ბრატისლავაში მაკრონის გამოსვლას შორის. ბაიდენის მიხედვით, უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის ჯერ „მზად“ არ არის. ბრატისლავაში კი მაკრონმა იმ ორ მთავარ შეცდომაზე ისაუბრა, რომელთა დაშვებაც არ შეიძლება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით – არ შეიძლება თვალების დახუჭვა დროის გაწელვის მიზნით და სწრაფი გაფართოება – მომავლის გეგმების გარეშე (პირდაპირი კავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, რაც არ ნიშნავს, რომ უკრაინა ავტომატურად ევროკავშირის წევრი გახდება). მაკრონმა აჩვენა, რომ მას კრიზისის პირობებშიც შეუძლია ისაუბროს მეტი დროის საჭიროებაზე, თუმცა ეს არ ეხებოდა ნატოს. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება. დაბოლოს, მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს „განსაზღვროს უკრაინის ნატოში გაწევრიანების რეალური ნაბიჯები“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დეკემბრიდან ივნისამდე მისი პოზიცია შეიცვალა. ამგვარი შეხედულება მაკრონის ადმინისტრაციამ მანამდეც გამოხატა. ვილნიუსის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, 5 ივლისს, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ნატოს გენერალურ მდივან იან სტოლტენბერგისთვის გაგზავნილ მისალოც წერილშიც აღნიშნა, რომ სურვილი ჰქონდათ უკრაინისთვის „ხანგრძლივი“ მხარდაჭერა აღმოეჩინათ, რათა ალიანსი მოერგოს უსაფრთხოების ახალ კონტექსტს.

საფრანგეთის არგუმენტები უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეიძლება 3 ნაწილად დავყოთ. პირველი, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი გაურკვეველი აღარ იქნება. დღეს უკრაინის უსაფრთხოება ძირითადად იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული (მაკრონმა სამიტის წინ განაცხადა, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს, რითაც შეცვალა აქამდე არსებული სტრატეგია კიევისათვის არ მიეწოდებინა რუსეთის ტერიტორიამდე მიღწევის შესაძლებლობის მქონე რაკეტები). თუმცა, გაურკვეველია, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს იარაღის მიწოდება და რამდენი იარაღი უნდა მიაწოდონ უკრაინას? მეორე – უკრაინის ნატოში გაწევრიანება ხელს შეუწყობს დახმარების სტაბილიზაციას და ინსტიტუციონალიზაციას. ეს საფრანგეთის ინტერესებშია, რადგან სულ უფრო იზრდება უკრაინისთვის გაწეული დანახარჯების მოწინააღმდეგე მოქალაქეების ხმა. საფრანგეთში არსებული პოლიტიკური ვითარებით დაღლილი და გაბრაზებული მოქალაქეების ფაქტორი შესაძლებელია მაკრონს ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერისკენ უბიძგებდეს. დაბოლოს, საფრანგეთს აქვს ამბიცია, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. მაკრონს სჯერა, რომ თუ უკრაინა ნატოს წევრი იქნება, პუტინს მოუწევს მოლაპარაკება, ომის დასრულება და ევროპაში მშვიდობის დამყარება.

საფრანგეთის პოზიცია ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშრებით

ვილნიუსის სამიტზე ყურადღება ძირითადად უკრაინაზე იყო გამახვილებული. თუმცა მაკრონის მიერ ადრე ბრატისლავაში გაკეთებული მოხსენება საქართველოსაც ეხება. მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის მსგავსად, საქართველოც რუსეთის „შურისძიების“ ობიექტია და არც საქართველოს მიუღია მყარი გარანტიები. თუმცა, საქართველოსთან მიმართებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მხოლოდ უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები შეიძლება მიანიშნებდეს საქართველოსთან დაკავშირებით საფრანგეთის პოზიციაზე. მაკრონის აზრით, უკრაინა ალიანსის წევრი, უპირველეს ყოვლისა, მიმდინარე ომის გამო უნდა გახდეს. საქართველო ამჟამად არ არის საომარ მოქმედებებში, თუმცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საფრანგეთის დღევანდელი შეხედულების გათვალისწინებით, საქართველოს 2008 წელთან შედარებით მეტი შანსი აქვს. თუმცა, მაკრონის მთავარი არგუმენტი ომის შეწყვეტაა, რომელშიც საფრანგეთი არაპირდაპირ, იარაღის მიწოდებით მონაწილეობს. როგორც ჩანს, მაკრონისთვის პრიორიტეტულია უკრაინა და მიაჩნია, რომ საქართველოში სიტუაცია შეიძლება უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებით გაუმჯობესდეს. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მაკრონის მიმდინარე დღის წესრიგში არ არის, რადგან უკრაინის მიმართ არსებული არგუმენტები არ შეესაბამება საქართველოს.

დასკვნა

ამრიგად, საფრანგეთის პოზიცია უკრაინის და საქართველოს მიმართულებით ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ემთხვევა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პოზიციების. საფრანგეთის შეხედულება (გერმანიისგან განსხვავებით) 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაკრონის სტრატეგია უკრაინაზე ხდება ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ მხოლოდ ნატოში გაწევრიანების დაპირებები მიიღო და არა – დაუყოვნებელი გარანტიები, თვალსაჩინოა საფრანგეთის პოლიტიკის შემობრუნება. ბრატისლავაში გაკეთებული მოხსენებით შეგვიძლია ვივარაუდოთ მაკრონის სტრატეგია ევროკავშირთან მიმართებითაც: საფრანგეთი შეიძლება გახდეს ევროპის მიზიდულობის ახალი წერტილის – აღმოსავლეთ ევროპის  – მთავარი მოკავშირე.