2021 წლის 22 აპრილს, რონდელის ფონდისა და ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით წარმატებით დასრულდა მოკლევადიანი სასწავლო კურსის „ეროვნული უმცირესობები – დისკურსის ხელშეწყობა“ პირველი ნაკადის ტრენინგები.
პროგრამის ფარგლებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირებისა და ლობირების, ქალთა მონაწილეობის, კვლევის მეთოდებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ. მონაწილეები ასევე შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ომბუდსმენის ოფისის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეუთოს წარმომადგენლებს.
პროექტის მიზანია გაზარდოს სოციალური და პოლიტიკური ჩართულობა, ასევე ჯანსაღი პოლიტიკური დებატები ეროვნული უმცირესობების საკითხებზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კარგი მმართველობის პრაქტიკის განვითარებას. ერთობლივი პროგრამა ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში ტრენინგების, არაფორმალური განათლებისა და ნეთვორქინგის საფუძველზე.