ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

2022 წლის თებერვალში რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში იყო გარკვეული მოლოდინი, რომ ომის თანმდევი ეკონომიკური და სოციალური რყევები, აგრეთვე ადამიანის უფლებების უფრო მეტად შეზღუდვა საპროტესტო აქტივობის ახალ ტალღას გამოიწვევდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიასა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა დეპრესიულ რაიონებში. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. არც ეს უსამართლო ომი და არც მოსკოვის რეპრესიული რეჟიმის უფრო გამკაცრება კონკრეტულად ჩრდილოეთ კავკასიაში არავის გაუპროტესტებია. თუ არ ჩავთვლით ქალთა მცირე ჯგუფების ლოკალური ხასიათის გამოსვლებს დაღესტნის და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებში, რაც განპირობებული იყო სავარაუდო საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შიშით. ეს ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა საკუთარი, სამობილიზაციო ასაკის ოჯახის წევრების დაკარგვის შიშმა და არა იმ ფაქტორმა, რომ მათ რაიმე პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ რუსეთის მიერ მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის გამო.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში ჩატარებული ინტერვიუების და პოლიტიკურ პროცესზე ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე საინტერესოა მოკლედ გავაანალიზოთ, რეგიონში არსებული არაერთი სოციალური თუ პოლიტიკური ხასიათის გამოწვევის მიუხედავად, რატომაა საზოგადოება პასიური, რა უშლის ხელს პოლიტიკურ აქტივობას. აგრეთვე საყურადღებოა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ყოველთვის რატომ აქვს მოქმედ პრეზიდენტს და მმართველ პარტიას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, დანარჩენ ფედერალურ სუბიექტებთან შედარებით.

 

რატომაა საზოგადოება პასიური, რა უშლის ხელს პროტესტს?

კონკრეტულ რეგიონში საპროტესტო განწყობა იქმნება, როდესაც იქ მცხოვრებ დიდ სოციალურ ჯგუფებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა, დაიკმაყოფილონ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესები და მოთხოვნილებები. საპროტესტო განწყობა არის გათვითცნობიერებული უკმაყოფილება, როდესაც საზოგადოება ვეღარ ხედავს მისთვის მნიშვნელოვანი გადაუწყვეტელი პრობლემების მოგვარების სხვა გზებს.

ამ შემთხვევაში კითხვა ასე შეიძლება დავსვათ: რას მიიჩნევს თავად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობის უმრავლესობა სასიცოცხლო ინტერესებად და რომელი მნიშვნელოვანი  პრობლემების გადაწყვეტაა მათთვის პრიორიტეტული. თუ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რუსეთში მმართველობის დემოკრატიული ფორმების არქონა, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა და რეპრესიული სახელმწიფო აპარატი ყველაზე მეტად აწუხებს აქ მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას?

ბოლო წლებში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ჩატარებული სოციალური გამოკითხვების მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ყველაზე აქტუალურ პრობლემებად ასახელებს უმუშევრობას, კორუფციას და დაბალ შემოსავლებს. ანუ საზოგადოების უკმაყოფილების საფუძველი წმინდა ეკონომიკურია და, როგორც წესი, არ სცილდება ყოფით პრობლემებს. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არსებობს ერთგვარი არაფორმალური შეთანხმება, რის თანახმადაც, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ მოუწესრიგებელი კომუნალური და სხვა საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემები, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ მოთხოვნებში. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვაა იმ საკითხების გაპროტესტება, რისი გადაწყვეტაც ფედერალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება კიდევ უფრო მწვავედ რეაგირებს ყოფითი პრობლემების მოუგვარებლობით გამოწვეულ საპროტესტო გამოსვლებზე, რადგან გაჩნდა შიში, რომ ასეთი აქციები სტიქიურად არ გადაიზარდოს სხვა მიჩქმალული და ტაბუირებული პოლიტიკური ხასიათის პრობლემების გაპროტესტებაში.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის ყველაზე დეპრესიულ და დოტაციურ სუბიექტებს. ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ცხოვრების ხარისხით ისინი ფედერალურ სუბიექტებს შორის ბოლო ადგილებს ინაწილებენ. იმავდროულად, აქ ყველაზე მაღალია კორუფციის დონე. აქ კორუფციას ტოტალური ხასიათი აქვს –სოციალური იერარქიის სხვადასხვა დონეზე კორუფციულ გარიგებაშია არა მხოლოდ ბიუროკრატია, არამედ საზოგადოების უმრავლესობა. წესით, ამ რეგიონში სოციალური უკმაყოფილების და პროტესტის ყველაზე მეტი საფუძველი უნდა არსებობდეს, თუმცა სწორედ კორუფციის ტოტალური ხასიათი ამუხრუჭებს საპროტესტო განწყობების საჯარო სივრცეში გამოტანას და საპროტესტო ორგანიზებული ჯგუფების ფორმირებას. ეს იმ მომენტით შეიძლება ავხსნათ, რომ საზოგადოების უმრავლესობას აქვს ერთგვარი დანაშაულის განცდა კორუმპირებულ სისტემაში საკუთარი მონაწილეობის გამო. შედეგად, ამ უმრავლესობას აღარ ყოფნის სამოქალაქო გამბედაობა, რომ  სისტემის წინააღმდეგ წავიდეს და ღიად დაუპირისპირდეს არსებულ რეჟიმს.

პროტესტის ძლიერ შემაფერხებელი მეორე მიზეზია ადგილობრივი ჩრდილოკავკასიური საზოგადოების კლანური სტრუქტურა. ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიაში კლანი წარმოადგენს ხელისუფლების, ბიზნესის და ძალოვნების ალიანსს, რომლებიც გაერთიანებული არიან ეთნიკური ან ტერიტორიული ნიშნით. ცალკეული კლანების ლიდერები, როგორ წესი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები ან მსხვილი ბიზნესმენები არიან. ისინი, ცხადია, ლოიალური არიან რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მიმართ და არ გადიან მოსკოვის პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმის სოციალური კავშირებით თავს აკუთვნებს ერთ რომელიმე კონკრეტულ კლანს. ეს მას აძლევს დაცულობის არა მხოლოდ შეგრძნებას, არამედ რეალურ გარანტიებს, რომ არ დარჩება უმუშევარი და შემოსავლის გარეშე, არ იქნება დაუცველი ნებისმიერი სახის სოციალური კონფლიქტის დროს. საპასუხოდ, კლანის ყოველი წევრი ვალდებულია როგორც ყოფით, სოციალურ ურთიერთობებსა და ბიზნესსაქმიანობაში, ასევე თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის დროს, მით უმეტეს, საჯარო პოლიტიკური აქტივიზმის შემთხვევაში, გაითვალისწინოს კლანის ხელმძღვანელთა ინტერესები და მითითებები. ამ ინტერესებს კი, რასაკვირველია, სრული თანხვედრა

აქვთ რუსეთის ფედერალური ხელისუფლების პოლიტიკურ კურსთან.

ასევე ნიშანდობლივია, რომ ჩრდილოკავკასიური კლანური საზოგადოებისთვის და ზოგადად ტოტალიტარული აზროვნების მქონე სოციალური ჯგუფებისთვის დამახასიათებელია ძალაუფლების და ავტორიტეტის მქონე პირებისადმი და ზოგადად ხელისუფლებისადმი საჯარო პატივისცემის გამოხატვა, მოწიწება და მათი აზრის უკრიტიკოდ მიღება. შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად ზღუდავს რეგიონში საპროტესტო განწყობების ფორმირებას და პოლიტიკურ აქტივობას.

სავსებით ცხადია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც უშვებს რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიაში კლანების არსებობას, არის ის, რომ კლანები მოსკოვისთვის გადაიქცნენ ადგილობრივი საზოგადოების კონტროლის და მართვის ეფექტურ მექანიზმად.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ხელს უშლის საპროტესტო აქტივიზმს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, არის აქ მცხოვრები ეთნოსების ცნობიერებაში ღრმად გამჯდარი შიში, რომ მათი მხრიდან საპროტესტო პოლიტიკური აქტივობა ან თუნდაც რუსეთის ხელისუფლების შიდა თუ საგარეო პოლიტიკის საჯარო კრიტიკა მოსკოვის მხრიდან აღქმული იქნება სეპარატიზმის გამოვლინებად. ამ ეთნოსებში ასეთი განწყობის შექმნას  ხელი განსაკუთრებით შეუწყო 90-იან წლებში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის გასვლის წარუმატებელმა მცდელობამ. ჩრდილოკავკასიელთა აზრით, რუსეთის სხვა სუბიექტებში ეთნიკურად რუსი მოქალაქეების მხრიდან მოქმედი ხელისუფლების კრიტიკა მოსკოვისთვის ნაკლებად პრობლემურია, რადგან მათ, როგორც რუსებს, ვერავინ დაადანაშაულებს სეპარატისტულ განწყობებში და რუსეთიდან გამოყოფის სურვილში. ჩრდილოკავკასიური ეთნოსების წარმომადგენელთა შემთხვევაში კი მსგავსი აქტივობა ფედერალურ დონეზე იწვევს ბევრად მძაფრ რეაქციას, საპასუხო რეპრესიების ჩათვლით. შედეგად, საზოგადოებაზე კონტროლი იღებს უფრო მკაცრ ფორმებს.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი დამოკიდებულების გამოძახილი იყო ის ფაქტი, რომ 2012 წლის ბოლოტნაიას ცნობილ ოპოზიციურ საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში თვეების მანძილზე გრძელდებოდა და ქუჩაში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი გამოვიდა, არ წაუხალისებია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში საპროტესტო მუხტი. აქ საზოგადოების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ მსგავსი პროტესტის დედაქალაქიდან ამ კონკრეტულ რეგიონში გადმოტანა გამოიწვევდა სოციალური ხასიათის რყევებს და არსებულ რეჟიმს უფრო რეპრესიულს გახდიდა.

შედეგად, მოსალოდნელი რეპრესიების შიში გადაიქცა ძლიერ შემაკავებელ ფაქტორად. საზოგადოება ცდილობს მაქსიმალურად დისტანცირდეს პოლიტიკური აქტივიზმისაგან, რადგან ნებისმიერი პროტესტი ან თუნდაც მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხზე წამოყენებული ინიციატივა გათანაბრებულია ექსტრემისტულ საქმიანობასთან.

სად წავიდა პოლიტიკური ოპოზიცია?

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში შეიქმნა ე. წ. არაფორმალური პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები. მათთვის განვითარების ახალ იდეოლოგიად იქცა ნაციონალიზმი, თუმცა დღის წესრიგში ჰქონდათ საერთო-დემოკრატიული საკითხებიც და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რუსეთის ფედერაციის სხვა მსგავს პოლიტიკურ გაერთიანებებთან. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩეჩნეთში სეპარატისტული მოძრაობის დაწყებამ და ამ რესპუბლიკის მიერ მცირე ხნით დე-ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვებამ სხვა რესპუბლიკებშიც გამოიწვია ნაციონალური პოლიტიკური ორგანიზაციების აქტივობის ახალი ტალღა. ამ პოლიტიკური გაერთიანებების მთავარი მიზანი გახდა სუვერენიტეტისთვის ბრძოლა და ფედერალური ხელისუფლებისგან მაქსიმალური დისტანცირება.

2000 წლიდან, რუსეთის კონსტიტუციურ სივრცეში ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაბრუნების შემდეგ, პოლიტიკური სეპარატიზმის ნებისმიერი სახით გამოვლინების შემდგომი არდაშვების მიზნით, რუსეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ფაქტობრივად გააქრო ლეგალური სივრცე პოლიტიკური ოპონირებისთვის და გაანადგურა ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები. ამ ჯგუფების ერთი ნაწილი იძულებული გახდა პოლიტიკურ ემიგრაციაში წასულიყო, ხოლო მეორე ნაწილი გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში, შეუერთდა იატაკქვეშა ისლამურ მოძრაობას და საქმიანობა გააგრძელა რადიკალური სალაფიტური ჯამაათების სახით.

შედეგად, ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა პოლიტიკური ოპოზიციური ორგანიზაციების საქმიანობის ჩანაცვლება რადიკალური ისლამური, ე. წ. ჯიჰადისტური მოძრაობით. ფაქტობრივად, რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი თუ ირიბი ხელშეწყობით ოპოზიციური პოლიტიკური აქტივობა გადაიქცა ექსტრემისტული და რადიკალური შეიარაღებული ჯგუფების ბრძოლად რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.

პოლიტიკური აქტივობის ფაქტობრივი ჩანაცვლება ტერორისტული საქმიანობით ძალიან კომფორტული აღმოჩნდა მოსკოვისთვის, რადგან თავისთავად შეუძლებელია აღნიშნულ ექსტრემისტულ, მარგინალურ და კრიმინალიზებულ დაჯგუფებებს შეესრულებინათ ფართო საზოგადოების დაკვეთა და ებრძოლათ დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური რეფორმების ანდა ადამიანის უფლებებისთვის. ამიტომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ცხადია, პოლიტიკური არჩევანი ისევ მოსკოვის რეჟიმის მხარდასაჭერად გააკეთა. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოების თვალში მიიღო სრული კარტ-ბლანში და ლეგიტიმური უფლება, რათა სპეციალური და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით გაენადგურებინა რადიკალური ისლამის სახელით მოქმედი ხსენებული შეიარაღებული დაჯგუფებები და ასევე მათი თანამგრძნობი მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფები, რომლებიც რეალურად ამ ფორმირებების სოციალურ ბაზას წარმოადგენდნენ.

ამჟამად რუსეთის ფედერაციაში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ დომინირების და ფასადური პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ფონზეც კი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში პარტია „ერთიანი რუსეთი“ არაპროპორციულად ძლიერია და ხსენებული ფასადური ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი რეგიონული სტრუქტურები მხოლოდ ფორმალურად თუ არსებობენ. მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყოვლისმომცველი გავლენა რეგიონში განაპირობა იმ ფაქტმა, რომ „ერთიანი რუსეთის“, როგორც ე. წ. სახელისუფლებო პარტიის მეშვეობით ადგილობრივმა ჩრდილოკავკასიურმა დომინანტმა კლანებმა შექმნეს მყარი ადმინისტრაციული ვერტიკალი და განიმტკიცეს საკუთარი პოზიციები ფედერალურ ხელისუფლებასთან მიმართებით. სწორედ  სეპარატიზმზე უარის თქმა და მოსკოვისადმი სრული ლოიალობა გახდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხელისუფლებებისთვის დაუსჯელობის გარანტია მათ მიერ საბიუჯეტო თანხების თვითნებურ განკარგვასა და კორუფციულ სქემებზე.

აღნიშნული ფაქტორი უშლის ხელს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ რეგიონში სხვა ოპოზიციური პარტიების ინსტიტუციონალიზაციას. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში კლანურობა დიდწილად განაპირობებს ოპოზიციური პარტიების სოციალური ბაზის სისუსტეს და, ჯამში, ამ პარტიების მარგინალიზაციას. ასეთი პროცესის საბოლოო შედეგია ის, რომ რეგიონში არ არსებობს ორგანიზაციული სტრუქტურა ან თუნდაც ცალკეული პოპულარული და ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც შეძლებდნენ ადამიანების ქუჩაში მობილიზებას და საპროტესტო აქციის მართვას.

შექმნილი რეალობა

საბოლოო ჯამში, საზოგადოების განწყობებმა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში შექმნა ახალი შიდაპოლიტიკური რეალობა შემდეგი მახასიათებელი ფაქტორებით:

– არსებული რეჟიმით მოსახლეობის უკმაყოფილებამ მიიღო უმისამართო პროტესტის სახე, როდესაც საზოგადოება აპროტესტებს არა სისტემას, არამედ ადგილობრივი რეგიონული დონის ცალკეულ არაეფექტურ და რეპუტაციაშელახულ თანამდებობის პირებს. საჭირო მომენტში ვითარების განსამუხტად ფედერალური ხელისუფლება ადვილად ახერხებს ასეთი თანამდებობის პირების შეცვლას, სისტემა კი უცვლელი რჩება;

– საზოგადოების პოლიტიკური პასიურობა გადაიზარდა რეჟიმის ე. წ. კულუარულ კრიტიკაში, რამაც ჩაანაცვლა რეალური პოლიტიკური აქტივობა. ეს მომენტი, როგორც წესი, ჩაკეტილ და ტოტალიტარულ საზოგადოებას ახასიათებს ავტორიტარული რეჟიმის მმართველობის პირობებში;

– მოხდა არსებულ რეპრესიულ რეჟიმთან მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის შეგუება, როდესაც საზოგადოება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას აღარ უკავშირებს პოლიტიკურ აქტივობაში საკუთარ მონაწილეობას. პოლიტიკური პროცესებისგან ამგვარი დისტანცირების შედეგად საზოგადოება ავტომატურად იხსნის პასუხისმგებლობას ხელისუფლების საქმიანობაზე, პირველ რიგში კი, ხელისუფლების სახელით ჩადენილ ნებისმიერ უკანონობასა და გადაცდომაზე.

– რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა სოციალური და ეკონომიკური რყევებისგან დაცულობის და შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შესაძლებლობას მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში ხედავს, თუნდაც რუსეთის ხელისუფლება ვერ აგვარებდეს მის ბევრ სასიცოცხლო პრობლემას.

აგრეთვე ხაზი უნდა გაესვას იმ მომენტსაც, რომ, როგორც მთლიანად რუსეთის ფედერაციაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ეფექტურად მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდის მიერ დანერგილი იდეოლოგიური ქიმერები, როგორიცაა ძლიერი სახელმწიფოს საკრალიზაცია, აგრესიულ და ძლევამოსილ „დერჟავასათან“ საკუთარი თავის იდენტიფიცირება, ასევე რუსეთი, როგორც ოჯახური ფასეულობების, რელიგიური რწმენის და ეთიკურ-მორალური ღირებულებების დამცველი სახელმწიფო. ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები საზოგადოების უმრავლესობაში ჩამოყალიბდა განწყობა, რომ რუსეთის სახელმწიფოში ცხოვრება სტაბილურობასთან ერთად არის იმის გარანტიც, რომ მათი ეროვნული ადათ-ჩვევები, ტრადიციული ცხოვრების წესი და ისლამური რელიგიური ღირებულებები საიმედოდ იქნება დაცული გლობალიზაციისა და დასავლური ლიბერალური გავლენებისგან.