სათაური | ენა | სფერო | წელი |
---|---|---|---|
საპარლამენტო არჩევნების შედეგები ისრაელში
|
ინგლისური, ქართული | საერთაშორისო ურთიერთობები | 2021 |
2021 წლის 23 მარტს ისრაელში გაიმართა რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ბოლო 2 წლის განმავლობაში, რითაც იმედოვნებდნენ ქვეყანაში არსებული გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას. მართალია, არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ წინასწარმა მონაცემებმაც გვიჩვენა, რამდენად დაყოფილია ისრაელის პოლიტიკური სპექტრი. საინტერესოა, რომ ვერც ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ (და მისმა მომხრე მცირე პარტიებმა) და ვერც მისმა ოპონენტებმა ვერ შეძლეს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ისრაელის ახალ 120-კაციან პარლამენტში ნეთანიაჰუს მემარჯვენე ორიენტაციის „ლიკუდის პარტიამ“ 30 მანდატის (მიიღო ხმების 24,2%), ხოლო მისმა მომხრე პარტიებმა, საერთო ჯამში, 52 მანდატის მოპოვება შეძლეს:
მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა 61 მანდატი. ისრაელის პოლიტიკური სისტემა კი ისეა მოწყობილი, რომ ცალკე აღებულ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეძლევა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების საშუალება და ამისთვის საჭირო ხდება კოალიციური შეთანხმების მიღწევა. ამ არჩევნების ნამდვილი სიურპრიზი იყო ნაციონალისტურად განწყობილი არაბული „რაამის პარტიის“ (United Arab List) მიერ ისრაელში არსებული 3,25%-იანი ბარიერის გადალახვა და ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) მოხვედრა, რამაც თავდაყირა დააყენა პოლიტიკური პარტიების გეგმები. ეს პარტია ცოტა ხნის წინ გამოეყო ასევე არაბებით დაკომპლექტებულ “Joint List”-ს, რომელმაც ამ არჩევნებში 6 მანდატი მიიღო. საერთო ჯამში, არაბები ისრაელის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ და ახლა უკვე 2 პარტიით არიან წარმოდგენილი ისრაელის პოლიტიკაში. „რაამის პარტიას“ ჯერჯერობით არ განუცხადები,ა თუ რომელ პოლიტიკურ ბანაკს მიემხრობა ქნესეთში. შესაბამისად, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუ იგი ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდება, ამ უკანასკნელთ ექნებათ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატი, მაგრამ, როგორც წესი, პოლიტიკური თვალსაზრისით ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულ პარტიებს (მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები და არაბები) ძალიან უჭირთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.
ამრიგად, ნეთანიაჰუს ისევ აქვს შანსი ჩამოაყალიბოს ახალი კოალიციური მთავრობა იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებს პატარა პარტიებთან მოლაპარაკებას. თუმცა, ეს ძალიან მძიმე პროცესი იქნება. როგორც ულტრაორთოდოქსი ებრაელების „რელიგიური სიონიზმის პარტიის“ ლიდერმა ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა, მისი პოლიტიკური ძალა არ აპირებს არაბებთან ერთად კოალიციაში შესვლას. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ არაბული პარტია ისრაელის ისტორიაში არასოდეს ყოფილა არცერთ კოალიციურ მთავრობაში. თან ისინი არც ნეთანიაჰუს მემარჯვენე იდეოლოგიას იზიარებენ. ნეთანიაჰუსთვის ასევე პრობლემურია შეთანხმება ყოფილ მოკავშირე ნაფტალი ბენეტთან („იამინას პარტიის“ ლიდერი), რომელთანაც რთული ურთიერთობები აქვს. ამ უკანასკნელსაც არ განუცხადებია, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. შექმნილი რთული ვითარება მიგვანიშნებს, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მოლაპარაკებები შესაძლოა კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, საჭირო გახდება შემდეგი, ახლა უკვე რიგით მეხუთე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ისრაელის მთავრობის ჩამოყალიბება კი მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:
|