ავტორი: გიორგი თურმანიძე
2017 წლის 2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ, რის საფუძველზეც 2018 წლიდან ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავა. არჩევნების შემდგომი მთავარი საკითხია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი 2018 წელს მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით.
რას გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებები
2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმზე ამომრჩევლების 63%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის საფუძველზეც კონსტიტუციასა და ქვეყნის კანონმდებლობაში შემდეგი ძირითადი ცვლილებები განხორციელდა:
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (სერჟ სარქისიანის მეორე ვადა 2018 წლის მარტში იწურება) პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდება და პრეზიდენტი სიმბოლურ როლს შეასრულებს. ახალ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.
- პარლამენტში (ეროვნული კრება) ადგილების რაოდენობა 131-დან 101-მდე შემცირდება. არჩევნებში მონაწილეობას კი მხოლოდ პარტიები ან საარჩევნო ბლოკები მიიღებენ.
- პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხმების 54%-ს მიიღებს, შეუძლია პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება და მთავრობის ფორმირება. თუ ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, მაქსიმუმ სამ საარჩევნო სუბიექტს შეეძლება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.
- საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ (5%-იანი საარჩევნო ბარიერია დაწესებული პარტიებისთვის და 7%-იანი – საარჩევნო ბლოკებისთვის), შექმნიან ოპოზიციას და, საჭიროების შემთხვევაში, გარანტირებულად მიიღებენ საპარლამენტო ადგილების მინიმუმ 33%-ს.
პოლიტიკური სუბიექტები
საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ოფიციალურად 5 მარტს დაიწყო, 9 პოლიტიკური სუბიექტი ჩაერთო:
სომხეთის რესპუბლიკური პარტია
სომხეთის რესპუბლიკური პარტია ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალაა, რომლის თავმჯდომარეც მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანია. იგი პრეზიდენტის მოვალეობას 2008 წლიდან ასრულებს. ხელისუფლებისა და სარქისიანის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა 2016 წელს განვითარებულმა ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ. პირველი – სომხეთის დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრია „ოთხდღიან ომში“ (2016 წლის 2-5 აპრილი) წარუმატებლობამ, როდესაც აზერბაიჯანმა სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მცირე ნაწილი დაიბრუნა. მეორე – ხელისუფლების სისუსტედ შეფასდა 2016 წლის ივლისში ერევანში პოლიციის შენობის ორკვირიანი დაკავების დრამაც. შეიარაღებული ჯგუფი „სასნა ცრერი“ პრეზიდენტის გადადგომასა და მათი დაკავებული ლიდერის განთავისუფლებას ითხოვდა. ორი კვირის განმავლობაში მათ მხარდასაჭერად პოლიციის შენობასთან ათასობით ადამიანი იკრიბებოდა.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით 2016 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრად მოსკოვთან დაახლოებული კარენ კარაპეტიანი დაინიშნა. კარაპეტიანი 2010-2011 წლებში ერევნის მერი და ბოლო 6 წლის განმავლობაში რუსული კომპანია „გაზპრომის“ მაღალჩინოსანი იყო.
„წარუკიანის საარჩევნო ბლოკი“
„წარუკიანის საარჩევნო ბლოკის“ მამოძრავებელი ძალა პარტია „აყვავებული სომხეთის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გაგიქ წარუკიანია. წარუკიანი, იგივე „დოდი გაგო“ („სულელი გაგო“), სომხეთის უმდიდრეს ადამიანად ითვლება. წარუკიანის პარტია, რომელიც რეალურად პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალად მოიაზრებოდა, 2012 წლამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავი ზომიერ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადა და ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო. 2015 წლისთვის წარუკიანი აქტიურ პოლიტიკას ტოვებს, მაგრამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებაზე ხშირად ჩნდებოდა სარქისიანის გვერდით.
წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, პარტიას პირველ ადგილზე გასვლის შანსი აქვს. არჩევნებში მიღებული შედეგი განსაზღვრავს, თუ რა პოზიციას დაიკავებს პარტია, კოალიციური მთავრობის წევრი გახდება თუ ოპოზიციაში დარჩება.
სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი“
„დაშნაკცუტიუნი“ სხვადასხვა ეტაპზე იყო როგორც ოპოზიციური ძალა, ისე სამთავრობო კოალიციის წევრი. თუმცა, მთავრობაში ყოფნის პერიოდშიც პარტია გარკვეულ საკითხებზე, განსაკუთრებით თურქეთთან დაახლოების მცდელობის გამო, სარქისიანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
2016 წლის სექტემბრიდან პარტია მთავრობაში სამი მინისტრით არის წარმოდგენილი. ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ რესპუბლიკური პარტია მომავალ პარლამენტში „დაშნაკცუტიუნს“ მოკავშირედ განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკური პარტია უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, „დაშნაკცუტიუნის“ 5%-ს გადამწყვეტი როლი ექნება კოალიციის ჩამოყალიბებისათვის.
საარჩევნო ბლოკი „გასასვლელი“
საარჩევნო ბლოკი ძირითადად სამ პარტიაში („გაბრწყინებული სომხეთი“, სამოქალაქო შეთანხმება, რესპუბლიკა) შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შედგება. საარჩევნო ბლოკი მესამე ძალად და პროდასავლურ გაერთიანებად ცდილობს წარმოჩინდეს. ექსპერტთა შეფასებით, პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს.
საარჩევნო ბლოკი „ოჰანიან-რაფი-ოსკანიან“
საარჩევნო ბლოკი სერჟ სარქისიანთან დაახლოებული ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოჰანიანისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრების – ვარდან ოსკანიანისა და რაფი ოვანესიანის პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს. საარჩევნო ბლოკის ლიდერები გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. ოვანესიანმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული კონკურენცია გაუწია სარქისიანს. მან ხმების 37% მიიღო. ოჰანიანს კი გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს ომის ვეტერანებსა და მოქმედ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის.
სხვა პოლიტიკური ჯგუფები
არჩევნებში წარმატების მიღწევის ნაკლები შანსები აქვთ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს: სომხური აღორძინების პარტია, სომხეთის ეროვნული კონგრესისა (პარტიის ლიდერია სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი) და სომხეთის სახალხო პარტიის საარჩევნო ბლოკი, თავისუფალი დემოკრატები და სომხეთის კომუნისტური პარტია.
ვინ გადალახავს საარჩევნო ბარიერს
წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, წარმატების მიღწევის ყველაზე მაღალი შანსი „წარუკიანის ალიანსსა“ და რესპუბლიკურ პარტიას აქვთ. გელაპის საერთაშორისო ასოციაციის სომხეთის წარმომადგენლობის მიერ 23 თებერვალი-2 მარტის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ხმების 26.4%-ს „წარუკიანის ალიანსი“ მიიღებს, რესპუბლიკური პარტია კი – 22.8%-ს. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსები აქვთ საარჩევნო ბლოკს „გასასვლელი“ – 4.3% და „დაშნაკცუტიუნს“ – 3.9%.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის კვლევის შედეგებითაც, რომელიც 22-26 თებერვალს ჩატარდა, რეიტინგში პირველ ადგილზეა „წარუკიანის ალიანსი“ – 26%, მეორეზე კი – რესპუბლიკური პარტია – 19%. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი ექნებათ საარჩევნო ბლოკს „გასასვლელი“, „დაშნაკცუტიუნს“ და სომხური აღორძინების პარტიას. კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს (77%) და „წარუკიანის საარჩევნო ბლოკის“ ლიდერს – გაგიკ წარუკიანს (87%).
სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა და 2016 წელს ხელისუფლების არაერთი წარუმატებლობის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის მაღალი რეიტინგისა და ხელისუფლების ხელში არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პირობებში, მმართველი რესპუბლიკური პარტია, სავარაუდოდ, შეძლებს წარმატების მოპოვებას და მოკავშირე პარტიებთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას. რესპუბლიკური პარტიის პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, წარსულში თანამშრომლობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მოკავშირეები შესაძლოა იყვნენ, პირველ რიგში, „დაშნაკცუტიუნი“ და, საჭიროების შემთხვევაში, „წარუკიანის საარჩევნო ბლოკი“, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც სერჟ სარქისიანისა და მისი მოკავშირეების მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
რესპუბლიკური პარტიის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების პირობებში, სარქისიანის პოლიტიკური კარიერის განვითარების რამდენიმე ვარიანტია: პირველი, სარქისიანი 2018 წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს და პრეზიდენტის სიმბოლურ თანამდებობაზე მისი რომელიმე მოკავშირის არჩევას შეუწყობს ხელს; მეორე – სარქისიანის განცხადებით, იგი არ აპირებს პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგომას. იმ პირობებში კი, როდესაც სხვა მაღალ თანამდებობებთან შედარებით, პარტიის ლიდერის პოსტი უფრო ფასობს, სარქისიანმა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა, შესაძლოა, პარტიის ლიდერის სავარძლიდანაც შეძლოს.
ვის უჭერს მხარს რუსეთი
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს შეიძლება საკუთარი ფავორიტი ჰყავდეს, კრემლი ღიად არ ცდილობს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას და ამით სომხური საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილების გამოწვევას. რუსეთი დარწმუნებულია, რომ არსებული გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, სომხურ პოლიტიკურ ელიტას ანტირუსული პოლიტიკის გატარება გაუჭირდება. ღიად ანტირუსული რიტორიკა არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ ახასიათებს. საყურადღებოა, რომ სერჟ სარქისიანი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 15 მარტს, მოსკოვში ჩავიდა, სადაც პირადად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. დიდი ალბათობით, სარქისიანს მის შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის მხარდაჭერა აქვს. თუმცა, ასევე ძლიერი კავშირები აქვს რუსეთში პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანსაც, რომელიც, რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. მოვლენების სარქისიანისთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, კარაპეტიანი, შესაძლოა, კრემლისთვის ერთგვარი სათადარიგო ვარიანტი იყოს.
დასკვნა
სომხეთის საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლა მაშინ, როდესაც 2018 წელს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა იწურება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სარქისიანის ხელისუფლებაში დარჩენის ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად. აღნიშნული ცვლილებებისა და საპარლამენტო არჩევნებში მმართველი რესპუბლიკური პარტიისა და მისი მოკავშირეების გამარჯვების შემთხვევაში კი, სარქისიანს შეუძლია 2018 წლის შემდეგაც ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად დარჩეს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის რანგში.