დავით შატაკიშვილი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი
მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია, თუ რა ფორმით უნდა ყოფილიყო შეზღუდვები. ნავთობზე ემბარგოს მოწინააღმდეგე ქვეყანა იყო უნგრეთი, თუმცა საბოლოოდ მოხერხდა შეთანხმება და მიმდინარე წლის 31 მაისს ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების მე-6 პაკეტის შესახებ აცნობეს საზოგადოებას. აღნიშნული შეზღუდვები მოიცავს რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს, უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის – Sber-ბანკის გათიშვას SWIFT-ის გლობალური ფინანსური სისტემიდან, რომელსაც ბაზრის 37%-იანი წილი უჭირავს, სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის მოხსნას ევროკავშირის სატელევიზიო სივრციდან და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პირების ინდივიდუალურ სანქცირებას, რომელთაც ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულში. ეჭვგარეშეა, რომ სანქციების ამ პაკეტში ყველაზე საგულისხმო რუსული ნედლი ნავთობის ნაწილობრივი ემბარგოა, რომელსაც ევროგაერთიანების ლიდერები უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. საინტერესოა, უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს ამ პაკეტის ენერგეტიკული კომპონენტი და რა გავლენა ექნება რუსული აგრესიის მიმდინარეობაზე.
ემბარგო რუსულ ნავთობზე
ევროკავშირი შიდა მოხმარების ნავთობის 25%-ს სწორედ რუსეთისგან ყიდულობს. იმპორტირებული ნავთობის 2/3-ის ტრანსპორტირება საზღვაო გზით, ტანკერებით, ხდება, ხოლო 1/3 მილსადენ „დრუჟბას“ გავლით მიეწოდება ევროპას. მისი ჩრდილოეთ განშტოებით გერმანია და პოლონეთი მარაგდებიან, ხოლო სამხრეთ სეგმენტით – უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.
სანქციების მე-6 პაკეტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის 2/3-ის აკრძალვას, ანუ იმის, რისი ტრანსპორტირებაც საზღვაო გზით ხორციელდება, ხოლო „დრუჟბას“ მილსადენი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. შეთანხმება უნგრეთის წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა, რომელიც ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად ხმელეთით შემოსაზღვრული ქვეყანაა და მათი დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალია. უნგრეთის შემთხვევაში ესაა 86%, ჩეხეთის რესპუბლიკის – 97%, ხოლო სლოვაკეთის – 100%-იანი მაჩვენებელი. ევროგაერთიანების ლიდერების განცხადებით, წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსული ნავთობის 90%-ს აკრძალავს, მას შემდეგ, რაც გერმანია და პოლონეთი სრულად შეწყვეტენ ამ მილსადენის ჩრდილოეთ სეგმენტით სარგებლობასა და რუსული ნავთობის შესყიდვას. „დრუჟბას“ სამხრეთ განშტოებით გატარებული ნავთობი ევროკავშირში ჯამური რუსული ნავთობის იმპორტის 10%-ს შეადგენს, რაც ჯერჯერობით, ამ ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალაში რჩება. თუმცა, აღინიშნა, რომ როდესაც ევროგაერთიანება მონახავს ტექნიკურ გამოსავალს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული ქვეყნების ნავთობით მომარაგება, ისინი სრულად შეწყვეტენ რუსული ნავთობის იმპორტს. გრაფიკი 1-ზე მოცემულია ევროკავშირში ნავთობის იმპორტი ქვეყნების მიხედვით, სადაც რუსეთი მოწინავე სახელმწიფოა და 25%-იანი წილი უჭირავს. ფაქტობრივი შედეგების წინაშე აღმოჩენილ ევროპას, საკუთარი დანაკლისის შევსების მიზნით, აქტიურად მოუწევს მუშაობა ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, რისი რესურსიც ნამდვილად არსებობს.
გრაფიკი 1.
წყარო: Eurostat
ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის ემბარგოს გადაწყვეტილებამ მყისიერი გავლენა მოახდინა ნედლი ნავთობის გლობალურ ფასზე. ლონდონის ბირჟაზე ბრენტის ტიპის საწვავის ფასმა 121$-ს გადააჭარბა, რაც დაახლოებით ერთი კვირით ადრე 112 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. რაც შეეხება ამერიკულ WTI-ის ტიპის ნავთობს, მისმა ფასმა ბარელზე 119 დოლარს მიაღწია, რაც სულ რამდენიმე დღით ადრე 110 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ევროკავშირში რუსული ნავთობის შეზღუდვა, ცხადია, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი თანხების შემცირებას ნიშნავს. ბლუმბერგის დათვლებით, ნედლი ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვით რუსეთი წლიურ 10 მილიარდ აშშ დოლარ შემოსავალს დაკარგავს, ხოლო თუ გერმანია და პოლონეთი მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით შეწყვეტენ რუსული ნავთობის მიღებას, ამ შემთხვევაში დანაკარგი კიდევ 12 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.
რუსული გაზი – ევროპის გადაულახავი ბარიერი
სანქციების წინა, მე-5 პაკეტში ევროპამ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა, რომელიც მისი ჯამური იმპორტის 19%-ს შეადგენს და თანხობრივად 8 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. შეზღუდვების მე-6 რაუნდი კი ნედლ ნავთობს შეეხო, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებს ევროპა რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმას. მის მიერ იმპორტირებული გაზის დაახლოებით 40% რუსეთიდან მოდის. ენერგეტიკული რესურსების შემოსავლებიდან მოსკოვის უმთავრესი წყარო მაინც ბუნებრივი აირია, რომლის ექსპორტის სანაცვლოდაც, მხოლოდ ევროპიდან ყოველთვიურად 18-20 მილიარდ აშშ დოლარს იღებს. იმ ფონზე, როდესაც გლობალურად ბუნებრივი აირის ფასი 60%-ით არის გაზრდილი, მისთვის ეს დამატებით შემოსავალს ნიშნავს და წლიურ 350 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ამ რესურსით იგი ახერხებს შექმნას იმიტაცია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმში მოქმედებს და თან მეზობელ ქვეყანაში აგრესიული ომი აწარმოოს.
ფაქტია, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ამ ბუნებრივი რესურსით მანიპულირებას და მიწოდებას უწყვეტს მათ, ვინც მის მოთხოვნილ საფასურს რუბლში არ იხდის. ფინეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის შემდეგ ასეთი ქვეყანა ნიდერლანდები აღმოჩნდა, რომელსაც მიმდინარე წლის 30 მაისს გაზმომარაგება შეუჩერა. ევროგაერთიანებაში ჯერჯერობით ბუნებრივი აირის აკრძალვაზე აქტიური დისკუსია არ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ევროპის რამდენიმე ქვეყანას გაზის შეფერხებასთან მძიმე ისტორიული მეხსიერება აკავშირებს, რამაც მაშინ ამ სახელმწიფოებს საკმაოდ მძიმე შედეგები მოუტანა. თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ დღევანდელი მძიმე მოცემულობა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება. იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილებას მსჯელობის დაწყებიდან ერთი თვე დასჭირდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამ კუთხით რამე ახალ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ.
სანქციების პოლიტიკური შედეგის მოლოდინში
უდავოა, რომ სანქციების მე-6 პაკეტში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ რუსული ნავთობის ნაწილობრივი აკრძალვაა, რომელიც მოსკოვის სამხედრო მანქანის გამოფიტვას ისახავს მიზნად. როგორც წესი, სანქციების ეფექტიანი მოქმედების დრო საშუალოდან გრძელ ვადამდე პერიოდია და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ნავთობისთვის ევროპა ერთადერთი ბაზარი არაა. შესაბამისად, იგი აუცილებლად ეცდება საკუთარი ნავთობის სარეალიზაციოდ სხვა მომხმარებლების მოძიებას და ამისთვის შესაძლოა თავისი რესურსის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად გასაყიდადაც მზად იყოს. მეორე მხრივ, იგი თანახმაა ანაზღაურება ნაწილობრივ მიიღოს მომხმარებელ ქვეყანასა თუ რეგიონში წარმოებულ პროდუქტში, რასაც აქამდეც აქტიურად ახორციელებდა როგორც აფრიკის, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ამასთან, მას ჯერ კიდევ რჩება ბუნებრივი აირის ხელშეუხებელი რესურსი, რომლისგან მიღებული ფინანსებიც მნიშვნელოვნად აღემატება ნავთობისა და ქვანახშირის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს, ჯამურად აღებულს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ეს გადაწყვეტილება შედარებით დაგვიანებულია, მის მიმართ მაინც განსაკუთრებული მოლოდინი არსებობს, თუმცა – არა დაუყოვნებლივ. მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ანუ სანამ რუსეთი საკუთარი ნავთობის გაყიდვის ალტერნატიულ ბაზრებს მოიძიებს, მისთვის ეს საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება. თუმცა, როგორც კი მას მომხმარებლები გამოუჩნდებიან, სწრაფად შეძლებს ფინანსური დანაკლისის შევსებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომის სრულად შეწყვეტისთვის ამ გადაწყვეტილებას რაიმე ხელშესახები შედეგი ჰქონდეს. მეტიც, ფინანსური სახსრების დანაკლისი შესაძლოა აისახოს რუსული აგრესიული საომარი მოქმედებების ინტენსივობის შემცირებასა და საკუთარი სამხედრო ტექნიკის შენარჩუნების მცდელობაში, თუმცა – არა სრულ კაპიტულაციაში. ომის სრული შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა ნავთობთან ერთად გაზის შეწყვეტაც, ნაწილობრივ მაინც. ამ შემთხვევაში რუსეთს პირდაპირ მოაკლდება უზარმაზარი თანხები, რის შედეგადაც გაიზრდება მისი აგრესიის დასრულების ალბათობა და ამ ნაბიჯს უფრო მყისიერი შედეგი ექნება. ეს გადაწყვეტილება ასევე დაარტყამს რუსეთის შიდა ეკონომიკურ პარამეტრებს, როგორებიცაა ეროვნული ვალუტა და ინფლაცია. მოსკოვს ფიზიკურად აღარ ეყოფა სახსრები მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესაკავებლად და პარალელურად ომის საწარმოებლად, რასაც ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებით უმკლავდება. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისთვის თითოეული დღე დამატებით ადამიანურ და ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს, ევროპას უფრო მეტად მართებს პროაქტიული და სწრაფ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, რის მიმართაც თვითონაც საკმაოდ მოწყვლადია.