ავტორი: შალვა ძებისაშვილი

მე-19 საუკუნის გერმანელმა სამხედრო თეორეტიკოსმა კარლ ფონ კლაუზევიცმა ბევრ თანამედროვეს აუხილა თვალი, როცა ომის ფენომენის განხილვისას დაადგინა, რომ ომი, როგორც ორი დაპირისპირებული მხარის ნებისადმი დამორჩილების პაექრობა, არ წარმოადგენს მხოლოდ სამხედროების საქმეს და რომ ორგანულად შედგება სამი გადაჯაჭვული ელემენტის – ჯარის, ხალხისა და მთავრობის – მჭიდრო ურთიერთკავშირისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დასკვნამ საუკუნეებს გაუძლო და თავისი მართებულობა არაერთხელ დაამტკიცა, თანამედროვე ქართულ რეალობაში, და განსაკუთრებით პოლიტიკურ წრეებში, ის ან აბსოლუტურად უცნობია, ან არა ნაკლებ აბსოლუტურად უგულებელყოფილი. ორივე შემთხვევაში, უგულებელყოფისა თუ უცოდინარობის შედეგი კატასტროფულ ზეგავლენას ახდენს საქართველოში, ერთის მხრივ, უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროს გააზრებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არანაკლებ კატასტროფულად ზემოქმედებს მთელი რიგი კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე, რაც ფუნდამენტურად აზიანებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

კლაუზევიცის დასკვნის ძირითადი გზავნილი მარტივად გულისხმობდა ომის, როგორც მიზნების გააზრებისას, ასევე მისი წარმართვის დროს, მასში ხალხის პირდაპირ და აქტიურ ჩართულობას და მთავრობასთან და ჯართან ამ საკითხში ერთიანობის მიღწევის აუცილებლობას. მისი აზრით, ეს ერთიანობა განაპირობებდა ომის საბოლოო წარმატებას, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში – გარდაუვალ დამარცხებას. მართალია, მომდევნო პერიოდში ხსენებულ სამ ელემენტს დაემეტა ეკონომიკური (ინდუსტრიულ-მატერიალური) რესურსიც, რომლის უდიდესი მნიშვნელობა განსაკუთრებით პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს გამოვლინდა, თუმცა ამ გარემოებას ოდნავადაც არ შეურყევია ხალხის – მოსახლეობის, როგორც გადამწყვეტი ელემენტის, მნიშვნელობა საბრძოლო მოქმედებების წარმართვისა და, შესაბამისად, თავდაცვის მიზნების მიღწევისთვის.

მაინც რაში გამოიხატება კონკრეტულად მოსახლეობის როლი „წარმატებული“ ომის  მოდელში? გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომის დაწყების ან ომში ჩაბმის შემთხვევაში ხალხის თანხმობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარანტირებული, ის ასევე გულისხმობს მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას როგორც საკუთრივ ბრძოლების წარმოებაში, ისე სხვა დამხმარე საქმიანობაში. ამის ექსტრემალურ მაგალითად კლაუზევიცს ნაპოლეონის ჯარის წინააღმდეგ ამხედრებული ესპანეთი მოჰყავს, სადაც ხალხის შეიარაღებულმა წინააღმდეგობამ და საპასუხო სისასტიკემ ახალ ტერმინს დაუდო სათავე – Guerilla, რასაც თავად კლაუზევიცმა Peoples’ War, ანუ ხალხის/სახალხო ომი უწოდა. გერილია გახდა ინსტრუმენტი სუსტისა დაემარცხებინა მასზე აღმატებული ძალის მქონე მოწინააღმდეგე ან ხელი აეღებინა ომის გაგრძელებაზე (მაგ., ჩინეთი, ვიეტნამი, ავღანეთი).

საქართველოსთან მიმართებით, თითქოს ანბანურ ჭეშმარიტებად ჩანს, რომ არსებული სამხედრო სახის საფრთხეებისა და რეგიონალურ-გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომხდარიყო ხალხის, როგორც გადამწყვეტი ელემენტის როლის გააზრება, შეიარაღებული ძალების სიმცირის, ეკონომიკურ-მატერიალური ბაზისა და მართვის პოლიტიკური სისტემის სისუსტის გამო. თუმცა განვლილი წლების გამოცდილება მკაფიოდ მიგვანიშნებს საპირისპიროზე, კერძოდ, ძალისხმევის არარსებობაზე ან მის არასწორ გამოყენებაზე.

სახალხო ომის მოდელი სუსტ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ხალხის სამხედრო სფეროში ფართო და ინტენსიური ჩართვის გზით მიაღწიონ სამხედრო პოტენციალის სწრაფ გაზრდას და ერთი ორად გაზარდონ სამხედრო შეკავების ფაქტორი. შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული სიმცირის და ეკონომიკური სისუსტის ფონზე, საყოველთაო-სამხედრო გაწვევა და სამხედრო სარეზერვო ქვედანაყოფების სიმრავლე რჩება ერთადერთ ქმედით მექანიზმად ქვეყნის წინაშე დასმული სამხედრო ამოცანების შესასრულებლად.

მიუხედავად ამ მარტივი ჭეშმარიტებისა, რომელიც დამატებით წონას იძენს იმ გარემოების გამო, რომ საქართველო არც ერთ სამხედრო ალიანსში არ არის გაწევრიანებული და, შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტიით არ სარგებლობს, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული გეზი სრულიად პროფესიული ჯარის ჩამოყალიბებაზე აიღო. ჯერ 2007 წლის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (თსმ) დოკუმენტში, შემდეგ უკვე 2013 წლის თსმ-ში და იმავე წლის თავდაცვის ტრანსფორმაციის დოკუმენტში სხვადასხვა მინისტრების დროს ღიად გაცხადდა სხვადასხვა პერიოდისთვის (2009, 2016) შეიარაღებული ძალების სრულიად საკონტრაქტო საფუძველზე გადაყვანის სურვილის შესახებ. ბოლოს უკვე 2016 წლის ზაფხულისთვის თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცალმხრივად შეწყვიტა გაწვევის პრაქტიკა და ეს ნაბიჯი, სხვა მიზეზებთან ერთად, პროფესიული სამსახურის დაწყების მსურველთა დიდი რაოდენობით ახსნა.

ხსენებული ფაქტორის გარდა, ასევე გამოიყენებოდა რიგი არგუმენტებისა, რომლებიც, მართალია, პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური განზომილებებით ცდილობდნენ საყოველთაო გაწვევის გაუქმების გამართლებას, თუმცა რეალურად არ გასცდენია პოლიტიკურ სპეკულაციების, სუბიექტურ გემოვნებასა და ოპორტუნისტულ მიდგომებს. მათ შორის ყველაზე მძლავრი, ერთი შეხედვით, იყო ნატოს სტანდარტები და მოთხოვნილებები, რომელთა მიხედვით ალიანსი საქართველოსგან გაწვევის გაუქმებას და მთლიანად პროფესიული ჯარის მშენებლობას მოითხოვდა. აღნიშნული მტკიცების აბსურდულობის საჩვენებლად საკმარისია საკუთრივ ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ისტორიისა და სტრუქტურის ზერელე გადახედვაც. გარდა ამისა, ალიანსის მოთხოვნა ყოველთვის კონცენტრირებული იყო საქართველოს შეზღუდული რესურსების, მათ შორის ფინანსურის, უფრო ეფექტურ გამოყენებაზე, რაც პროფესიული ჯარის კვალობაზე მხოლოდ მისი ზომის შემცირებას გამოიწვევდა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს შემთხვევაში კიდევ უფრო ართულებდა ქვეყნის თავდაცვის ამოცანის შესრულებას. ალიანსს, რასაკვირველია, აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა საქართველო ნაკისრი ვალდებულებების (ავღანეთის მისია) შესრულებას, თუმცა ამავე დროს მისთვის ნათელი იყო რუსული აგრესიული პოლიტიკის პირობებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნების პრიმატი. ამ მხრივ საქართველო არამც და არამც არ იყო შეზღუდული სწორი არჩევანის გაკეთებაში და ნატოზე აპელირება მხოლოდ პოლიტიკური სპეკულირების სფეროს მიეკუთვნებოდა.

მეორე არგუმენტი მოიცავს შეიარაღებული ძალების ეფექტურობისა და ეკონომიკური ასპექტის, იგივე შეზღუდული ფინანსების (თავდაცვის ბიუჯეტის), ურთიერთკავშირს. სარგებელი-ხარჯის ფაქტორი თითქოს პრობლემის პრაქტიკულ განზომილებას წარმოაჩენდა, თუმცა მას ამ ხნის განმავლობაში სპეკულირების კიდევ უფრო დიდი ხარისხი ახასიათებდა და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ახასიათებს. როგორც წესი, საყოველთაო გაწვევის ოპონენტები აპელირებენ წვევამდელებით დაკომპლექტებული ჯარის დაბალი ბრძოლისუნარიანობით და მაგალითად რატომღაც მოჰყავთ ქართული შეიარაღებული ძალების მცირე სეგმენტი (დაახლ. 10%), სადაც წარსული პრაქტიკის გამოცდილებით წვევამდელები ძირითადად არასაბრძოლო მომზადებით იყვნენ დაკავებულები და მეორად ფუნქციებს ასრულებდნენ, როგორიცაა ობიექტების დაცვა, დარაჯობა, არასაბრძოლო მომარაგება და ა.შ. თავი რომ გავანებოთ ზემოჩამოთვლილ ფუნქციებს, რომლებიც სტანდარტულად მიეკუთვნება ნებისმიერი საბრძოლო ქვედანაყოფის ამოცანების ნუსხას, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ხდება ჯარის მცირე სეგმენტში არსებული ცუდი პრაქტიკის ტრადიციის გამოყენება ზოგადად დაკომპლექტების წესისა და ჯარის დაბალი ეფექტურობის შეფასებისთვის. ნეგატიური შეფასებები იქამდეც კი მიდის, რომ ხდება „მეორეხარისხოვანი“ ან „მონების“ ჯარის ტერმინების დამკვიდრება, რასაც არავითარი შეხება არ აქვს წვევამდელებით დაკომპლექტებული ჯარის ეფექტურობასთან. მტკიცება, რომ გაწვეულთა კონტინგენტით შევსებული ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა დაბალია, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა მითი და მტკნარი სიცრუე.

გაწვევა ისევე, როგორც საკონტრაქტო სამსახური წარმოადგენს მხოლოდ ჯარის დაკომპლექტების მექანიზმს, ხოლო ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფის ჩამოყალიბება ხდება სტანდარტული საბრძოლო წვრთნებისა და მომზადების შედეგად, რომელსაც თანაბრად გადიან როგორც წვევამდელები, ასევე პროფესიულ საფუძველზე შერჩეული სამხედრო მოსამსახურეები. ინდივიდუალური და ქვედანაყოფის დონეზე საბრძოლო მომზადების გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, ორივე წესით დაკომპლექტებული ქვედანაყოფი აღწევს საბრძოლო მზადყოფნის ერთი და იმავე დონე, და ამოცანის შესრულება თანაბრად წარმატებით შეუძლიათ. მსოფლიო პრაქტიკა ასევე იცნობს უამრავ მაგალითს, როცა წვევამდელთა არმია არაფრით ჩამოუვარდებოდა პროფესიონალურს, წარმატებით ართმევდა თავს დასახულ საბრძოლო ამოცანებს და ხშირად პროფესიულ ჯართან დაპირისპირებაში გამარჯვებულიც გამოდიოდა.

 

ამავე დროს განსხვავება წვევამდელთა და პროფესიონალ სამხედროებს შორის, შესაძლოა, მორალურ-ფსიქოლოგიურ განზომილებაშიც გავავლოთ. პროფესიული ჯარის მომხრეების მტკიცებით, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში შესული პირის მოტივაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ძალით წაყვანილი პირის, რაც მათი ლოგიკით ეფექტურობაშიც აისახება. ამავე დროს ისინი სრულიად და ხშირად განზრახ ტოვებენ ყურადღების გარეშე იმ გარემოებას, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ძირითადი მოტივაცია, მით უფრო სოციალურ-ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყანაში, სწორედ მატერიალურ-ფინანსური სარგებელია, და შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს როგორც ქვეყნის უანგარო სამსახურის მორალურ პრინციპთან, ასევე უშუალოდ ბრძოლაში მებრძოლის მორალურ-ფსიქოლოგიური სიმტკიცის მაღალ მოთხოვნილებებთან. ისტორიული გამოცდილება თუ დღევანდელი რეალობა არაერთ მაგალითს იძლევა, როცა პროფესიული (იგივე დაქირავებული) ჯარი ძირითადად საკუთარი სიცოცხლის გადარჩენით იყო დაკავებული და ვერ უძლებდა შეტაკებას თუნდაც ნაკლებად შეიარაღებულ, მაგრამ მტკიცე საბრძოლო სულისკვეთებით აღჭურვილ სახალხო (გაწვეულთა) ლაშქართან.

 

შესაბამისად, პრობლემა არა იმდენად გაწვევის მექანიზმში უნდა ვეძიოთ, რამდენადაც მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიურ მოტივაციაში, ე.ი. პატრიოტულ განწყობაში. თუ ხსენებულ კომპონენტში სავალალო მდგომარეობაა, ქვედანაყოფების დაკომპლექტების ვერც ერთი მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ჯარის ბრძოლისუნარიანობის სასურველ დონეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკური და ფინანსური რესურსების სიმწირის პირობებში პროფესიულ საფუძველზე დაკომპლექტებული ჯარი შთანთქავს წარმოუდგენლად მეტ რესურსს, ვიდრე სავალდებულოს შემთხვევაში, და ხშირად სწორედ ამ რესურსების არარსებობის გამო მხოლოდ ხელფასების დარიგებით შემოიფარგლება და ადამიანთა მცირე ჯგუფის სოციალური კეთილდღეობის მექანიზმად გვევლინება. შედეგად, ანუ საბრძოლო მომზადებისა და შეიარაღების შესყიდვებისთვის აუცილებელი ფინანსების სიმცირის გამო, შეიარაღებული ძალები მიუხედავად მისი პროფესიული საფუძვლისა, მეტად დაბალი ბრძოლისუნარიანობით ხასიათდება და უკიდურეს შემთხვევაში ბუტაფორიად იქცევა.

სწორედ ასეთი საშიშროების წინაშე დადგა ქართული ჯარი, როცა წლების განმავლობაში იზრდებოდა საკონტრაქტო საფუძველზე ჩარიცხულთა ხვედრითი წილი, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტი არათუ იზრდებოდა, არამედ რადიკალურად შემცირდა და წლების განმავლობაში არ განიცდიდა მნიშვნელოვან ზრდას. ქვეყნის წინაშე არსებული თავდაცვის ამოცანები იმპერატიულად კარნახობს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯარის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. ფინანსური სახსრების მნიშვნელოვანი შეზღუდულობის გამო (2008 წ. – 1,5 მლნ. ლარი, 2013 წ. – 660 მლნ. ლარი, 2016 წ. – 670 მლნ. ლარი) დასმული ამოცანების შესრულება თავდაცვის არსებულ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი რესურსების გამოთავისუფლება-გადანაწილების გარეშე საბრძოლო მომზადებისა და შეიარაღების შესყიდვების მიზნებისთვის ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, ბიუჯეტის ზრდაზე უარის შემთხვევაში, ერთადერთ ქმედით საშუალებას შეიარაღებული ძალების როგორც რაოდენობრივი, ისე ბრძოლისუნარიანობის ზრდის კუთხით სწორედ პროფესიული კომპონენტის შემცირება და ჯარის მასობრივად წვევამდელებით დაკომპლექტების პრინციპზე გადასვლა წარმოადგენს.

თავდაცვის სისტემის ქვაკუთხედად ტოტალური თავდაცვის პრინციპის აღიარება (ჯერ კიდევ 2011 წლიდან) კიდევ უფრო აქტუალურს ხდის შეიარაღებული ძალების მასობრიობის ზრდის საკითხს. ხოლო ტოტალური თავდაცვის ძირითადი მახასიათებლის, ხანგრძლივი წინააღმდეგობის აუცილებლობის გათვალისწინებით, სავსებით მოსალოდნელი იქნებოდა წვევამდელთა რაოდენობის დამატებითი ზრდა პროფესიული კომპონენტის კიდევ უფრო შემცირების გამო. ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარი იყო თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან გაწვევით ჯარის დაკომპლექტებაზე ცალმხრივად უარის თქმის შესახებ. გამოყენებული არგუმენტი, თითქოს პროფესიულ სამსახურში მსურველთა რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო, მალევე გაბათილდა ახალი თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მიღებული გადაწყვეტილებით, რომელმაც აღადგინა სამხედრო გაწვევა და ეს ნაბიჯი ქვედანაყოფების დაკომპლექტებაში არსებული პრობლემებით და პრაქტიკული მოთხოვნილებებით ახსნა.

როგორც იკვეთება, მინისტრ ხიდაშელის გადაწყვეტილება უფრო სუბიექტურ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, ვიდრე ობიექტურ გათვლებს და მოთხოვნილებებს. მისასალმებელია, რომ სწორედ ტოტალური თავდაცვის პრინციპის აღიარებას უკავშირდება გაწვევის მექანიზმში (თუმცა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში) არსებული მანკიერი ტრადიციის თანდათანობითი აღმოფხვრა და წვევამდელების გათანაბრება საკონტრაქტო მოსამსახურეებთან საბრძოლო მომზადების თვალსაზრისით. ამავე დროს თავდაცვის სისტემაში ჯერ კიდევ არ არის მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება საყოველთაო გაწვევის მასშტაბურობის გაზრდის თაობაზე, რაც ლოგიკურ აუცილებლობას წარმოადგენს ტოტალური თავდაცვისა და ფინანსურ-რესურსებრივი შეზღუდვების ფონზე. ასევე ჯერჯერობით უცვლელი რჩება მანკიერი ტრადიციის მეორე მხარე, როცა  საყოველთაო სამხედრო გაწვევის შედეგად შერჩეული პირები რატომღაც სამსახურს გადიან ხშირად სრულიად არასამხედრო უწყებებში (შსს, სუსი, სასჯელაღსრულების სამინისტრო და აშ.) და ითვლებიან  სამხედროვალდებულებამოხდილებად, მიუხედავად იქ შეძენილი არასამხედრო უნარ-ჩვევებისა და საბრძოლო ამოცანის შესრულებისთვის მათი დაბალი, თუ ნულოვანი არა, ღირებულებისა. წარმოუდგენელია ისეთი დაძაბული უსაფრთხოების გარემოს მქონე ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, ჰქონდეს იმხელა ფუფუნება, რომ სამხედრო წვევამდელთა უმრავლესობა ასე არამიზნობრივად გამოიყენოს და ხელი შეუწყოს ამგვარი საზიანო სისტემის შენარჩუნებას, რომლის ანალოგიაც მსოფლიოში, რბილად რომ ვთქვათ, არ მოიძებნება.

ყოველი მინისტრის განცხადებას ჯარის სრულიად საკონტრაქტო საფუძველზე გადაყვანის შესახებ, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობის დონეზე, არ მოჰყოლია რაიმე სერიოზული მსჯელობა და, როგორც წესი, ყოველთვის ჩუმი თანხმობა მოსდევდა. ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობიდან თინა ხიდაშელის პერიოდის ჩათვლით დაშვებული შეცდომების სერია მეტყველებს პოლიტიკურ წრეებსა და განსაკუთრებით ისტაბლიშმენტში უსაფრთხოების და სამხედრო თემაზე ცოდნის სერიოზულ დეფიციტზე. გენერალური შტაბის მიერ სამინისტროში მიღებულ გადაწყვეტილებასთან მუდმივი შეგუება კი, თავის მხრივ, სამხედროებზე პოლიტიკური გავლენის სიმძლავრის მკაფიო ინდიკატორია. მისასალმებელია მინისტრ იზორიას პერიოდში დაწყებული თანდათანობითი ცვლილებები. თუმცა აუცილებელია, რომ ცვლილებების ტემპი და მასშტაბურობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა თავის მხრივ დადებითად იმოქმედოს პოლიტიკურ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა ზოგადი ინფორმირების გაზრდაზე. რაც უფრო მალე ამოივსება ეს „უცოდინარობის“ უფსკრული, მით უფრო მყარი ხიდები გაიდება კლაუზევიცის ომის ელემენტებს შორის და მით უფრო გაიზრდება მოსახლეობის ჩართულობა ქვეყნის თავდაცვაში, რაც ჩვენს შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვის ლამის ერთადერთ მყარ გარანტიას წარმოადგენს.

 

P.S. ევროპაში ვისაც აგრესიულ რუსეთთან უწევს მეზობლობა, იქნება ეს ალიანსის (ნატო) წევრი თუ ნეიტრალური ქვეყანა, ყველამ აღიარა და დააბრუნა სავალდებულო გაწვევის წესი, განსაკუთრებით მათ, ვინც ტოტალური თავდაცვის პრინციპი ქვეყნის თავდაცვის საფუძვლად აქცია (შვედეთი, ფინეთი).