Photo by Jeff J Mitchell/Getty Images
ავტორი: ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
უკრაინაში რუსეთის აგრესიის კონტექსტში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ, განსახილველ თემას წარმოადგენს საერთაშორისო მხარდაჭერის, კერძოდ, სამხედრო და ფინანსური დახმარების, საკითხში პარტნიორების პოზიციების სიმტკიცე. უდავოა, უკრაინელების გმირული ბრძოლა რომ არა, დღეს კიევშიც და მთელ უკრაინაშიც სრულიად განსხვავებული ვითარება იქნებოდა, აგრეთვე, სულ სხვა საფრთხის წინაშე იდგებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა, სამხრეთი კავკასია და ცენტრალური აზია და ა.შ. თუმცა, თავდადებულ და გმირ უკრაინელებსაც კი ვერ ექნებოდათ ის შედეგი დღეს, რაც აქვთ, საერთაშორისო დახმარების გარეშე. ჩვენი ბლოგიც სწორედ საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას ეხება.
თითქმის 600 დღეა უკრაინა გმირულად იბრძვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ. ცხადია, მსხვერპლი დიდია როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს შორის. უკრაინელები, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და სირთულეებისა, იბრუნებენ ტერიტორიებს. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში უკრაინელებს ჰქონდათ უაღრესად წარმატებული ბლიც-კრიგი. ხარკივის და ხერსონის რეგიონების (ქალაქ ხერსონის ჩათვლით) მნიშვნელოვანი ნაწილების გათავისუფლებამ გააჩინა განცდა, რომ გარდატეხა ხდებოდა ან მალე მოხდებოდა რუსეთთან ომში. თუმცა, მერე იყო ბახმუტის დაკარგვა და მძიმე ბრძოლები, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო ინტენსიური საუბარი საზაფხულო კონტრიერიშის მნიშვნელობისა და შარშანდელი ბლიც-კრიგის გამეორების შესაძლებლობის შესახებ. ცხადია, როდესაც უკრაინა ემზადებოდა ამ შეტევისთვის, რუსეთმაც არ დაკარგა დრო, რომ სათანადოდ მომზადებულიყო დაპყრობილ ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის შესანარჩუნებლად. უკრაინისთვის იგვიანებდა შეიარაღება, რუსეთი კი ნაღმავდა ოკუპირებულ ტერიტორიებს ყველა მის ხელთ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობით (1 კვადრატულ მეტრზე 5-7 ნაღმი მოდის); მათ სრულფასოვნად მოაწყვეს 3 თავდაცვის ზღუდე, ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში გამოჩნდებოდა გერმანული მარდერები და ლეოპარდები.
უკრაინა, განსხვავებით რუსეთისგან, მიზნების მისაღწევად არ უშვებს არც თავის მებრძოლებს და არც ტექნიკას პირდაპირ დანაღმულ ველზე. რა თქმა უნდა, შეტევაში მსხვერპლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ არა ისე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს გააკეთა საბჭოთა კავშირმა და რასაც ამ დრომდე არ ერიდება რუსეთი. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ჰაერში, სულ მცირე, თანაფარდობა არ არის თვითმფრინავების რაოდენობის და კატეგორიების მიხედვით, რაიმე შეტევაზე საუბარი, მაგალითად, გამოცდილი მაღალი რანგი ამერიკელი სამხედროებისთვის წარმოუდგენელია. ბოლო-ბოლო უკრაინამ მაინც დაიწყო შეტევა და სწრაფადვე გამოჩნდა, რომ დანაღმული ველის გავლა, სუროვიკინის ხაზის გარღვევა და ფრონტის კიდევ ერთხელ ჩამოშლა ძალიან რთული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, უკრაინა დღემდე განაგრძობს, შესაძლოა, ნელა, მაგრამ მყარად წინსვლას. ბევრი რამ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზეც. თუ ამინდი საშუალებას მისცემს, უკრაინას კიდევ ექნება მინიმუმ 1, მაქსიმუმ კი 1.5 თვე სრულფასოვანი შეტევის გასაგრძელებლად. უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა გენერალმა ბუდანოვმა როგორც აღნიშნა, შეტევა შენელდება, მაგრამ ზამთარშიც გაგრძელდება.
ამასობაში, უკრაინაში როგორც იქნა ჩამოვიდა პირველი ამერიკული აბრამს 1 ტიპის ტანკები. ისინი ჯერ ბრძოლაშიც კი არ იყო ჩართული, რომ გაჩნდა ცნობები დამატებით 30 აბრამს 1 ტიპის ტანკის გამოყოფის შესახებ. აგრეთვე, უახლოეს პერიოდში დადასტურდება ოფიციალურად აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გრძელ მანძილზე მოქმედი ატაკმს-ის ტიპის რაკეტების მიწოდება (უკვე კონკრეტულ კატეგორიაზეა საუბარი, კერძოდ, კასეტური ტიპის რაკეტებზე), რომლის მსგავსი ბრიტანული და ფრანგული რაკეტებით უკვე წარმატებით ნადგურდება რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა, საკომანდო პუნქტები, შეიარაღება და ცოცხალი ძალა.
ჯერ კიდევ ღიაა გერმანული ტაურუსის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების საკითხი, მაგრამ არის მოლოდინი, რომ ატაკმს-ის გადაცემის შემდეგ, ზუსტად ისე, როგორც იყო ლეოპარდების და აბრამსების ტანკების შემთხვევაში, გერმანიის კანცლერიც მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას.
არცთუ ისე შორია უკრაინის ცაში ამერიკული თვითმფრინავების ფ-16-ების გამოჩენამდეც. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და დანიამ უკვე განაცხადეს, რომ გადასცემენ უკრაინას ამ თვითმფრინავებს. უკრაინელი პილოტების წვრთნა აქტიურად მიმდინარეობს და არის მოლოდინი, რომ უკრაინა დაგეგმილზე ადრე იყოს მზად (მაგ. 2024-ის დასაწყისში და არა გაზაფხულისთვის) ამერიკული თვითმფრინავებით ბრძოლაში ჩასართველად.
ავიაციის და მძიმე ტექნიკის გარდა, ბუნებრივია, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს არტილერიისა და მისი ჭურვების უწყვეტად მიწოდებას. ამ მხრივ მდგომარეობა ნამდვილად გამოსწორდა. მარტო ბოლო მონაცემებით, დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა 2.4 მილიარდი დოლარის ღირებულების ჭურვების შესყიდვაზე გააფორმა კონტრაქტები. აგრეთვე, ნატოს გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდების მხრივაც იქნება ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან დახმარება. გასული ზამთრის გამოცდილებით, როდესაც რუსეთი გამუდმებით ბომბავდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დარჩენილიყო გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დამატებითი სიმძლავრეების მოწოდება უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.
ნატოს გენმდივნის ვიზიტის პარალელურად კიევში, ასევე წინასწარი გამოცხადების გარეშე, იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები. მნიშვნელოვანია, რომ იმავე დღეებში კიევში გაიმართა „კიევის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი“, რომელშიც 250-მდე უცხოური კომპანია მონაწილეობდა. ამასთან, უკვე დადასტურებულია, რომ გერმანული, ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული სამხედრო მრეწველობის გიგანტები (მაგ., გერმანული რეინმეტალი) ახლო მომავალში უკრაინელებთან ერთობლივად დაიწყებენ მძიმე ტექნიკის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას.
ნატოს გენერალური მდივნის მიერ კიევში წარმოთქმული სიტყვები უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების ურყევ ნებაზე, უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარდაუვალობის თაობაზე და რუსეთის პირობებით ზავის გაფორმების შესახებ, ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, ნამდვილად არ იძლევა საფუძველს იმის სათქმელად, რომ საერთაშორისო დახმარება შენელდება ან საერთოდ შეწყდება. ზოგადად, მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხმამაღალ დებატებს, მსჯელობებს და განცხადებებს რამდენიმე გარემოება იწვევს: 1) ფრონტზე არსებული ვითარება, ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალების შენელებული წინსვლა, 2) მსოფლიოში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურა და 3) რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოება.
ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ მაინც საჭიროდ მიგვაჩნია ეს შეფასებები კვლავ გაგიზიაროთ: „მათ უნდა რცხვენოდეთ, ვინც 8000 კილომეტრის დაშორებით იმყოფება ფრონტის ხაზიდან და აკრიტიკებს უკრაინელების წინსვლის ტემპებს“, – დაწერა ტვიტი ამერიკელმა გადამდგარმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა. „უკრაინელებმა ბრძოლაში სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს“ – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა კიევში. სხვა განცხადებებიც და შეფასებებიც უხვად არის. ასე რომ, უკმაყოფილების, უსაფუძვლო ჩივილებისა თუ უიმედობის შეგნებულად გაღვივების ტალღა, შეიძლება ითქვას, დროებით განეიტრალებულია.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონიუნქტურას, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც საერთო ჯამში ამ დრომდე 113 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო უკრაინას, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ძალიან გაამწვავა პოლიტიკური დაპირისპირება დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის საკითხმა. ცხადია, პოლიტიკური ძალები და მათი ლიდერები უკვე ემზადებიან მომავალი წლის არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელების, ანუ მათი პოტენციური ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხი და, შესაბამისად, ახალი ხარჯების გაღების საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება ამერიკულ შიდა პოლიტიკაში. შესაძლოა, პირდაპირ არავინ დააკავშიროს, მაგრამ, ჩემი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გახმიანებული და შემდგომ ელჩის მიერ უკრაინის პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურად გადაცემული უკრაინაში უმოკლეს დროში გასატარებელი რეფორმების სია სწორედ ამ შიდაპოლიტიკური ვნებათა ღელვის ნაწილს წარმოადგენს. ანტიკორუფციული პროკურატურის გაძლიერება, ძალოვანი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა, ენერგომატარებლებზე ფასების მოწესრიგების და სხვა საკითხების ომის პირობებში განხორციელება ადვილი რომ არ იქნება, უკრაინის ხელისუფლებაზე არანაკლებ კარგად მათ ამერიკელ პარტნიორებს ესმით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი სწორედ შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე დაიძაბა შიდაპოლიტიკური სიტუაცია, რომ კონგრესმა, სადაც რესპუბლიკელებს აქვთ მცირედი უპირატესობა, მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცეს მთავრობის 45-დღიანი დაფინანსება, რაც უკრაინის დახმარება იქნა ამოღებული ბიუჯეტის პროექტიდან. თუმცა, ამის შემდეგ არათუ პრობლემები მოგვარდა, არამედ კიდევ უფრო გამწვავდა. შედეგად, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა სპიკერმა კევინ მაკარტიმ თანამდებობა ვერ შეინარჩუნა. „ამბოხებული“ ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელების მთავარი პრეტენზია მის მიმართ იყო, რომ მაკარტი ფარულ შეთანხმებაში შევიდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან უკრაინის დახმარების თაობაზე. ამ ყველაფრის ფონზე პრეზიდენტმა ბაიდენმა გამართა სატელეფონო საუბარი დიდი შვიდეულის წევრი-ქვეყნების და ბუქარესტის 9-იანის თავმჯდომარე პოლონეთის და რუმინეთის ლიდერებთან, აგრეთვე ნატოს, ევროპული კავშირისა და ევროპული კომისიის ხელმძღვანელებთან. საუბრის დროს მან დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი. ცოტა ხნის შემდეგ აშშ-მ მართლაც გამოაცხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ.
50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს ევროპული კავშირიც, რომელმაც სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინას 88 მილიარდი ევრო გამოუყო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სახით. ევროკავშირის შიგნითაც არის ცხარე დებატები და ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად, უნგრეთის მხრიდან, წინაღობები. აგრეთვე ცენტრალური ევროპის ცალკეულ ქვეყნებს და პოლიტიკოსებს აქვთ თავიანთი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი, მიზნები და ინტერესები, რაც ზემოქმედებას ახდენს უკრაინის დახმარების საკითხებზე, მაგრამ, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არსებული უთანხმოებები აღმოიფხვრება და დახმარება გაგრძელდება.
კარგი ამბავი ისაა, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში საზოგადოებები ჯერ კიდევ აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ სოლიდურია მხარდაჭერა. გამოკითხულთა 50% კვლავინდებურად ფიქრობს, რომ აშშ-მ უნდა განაგრძოს უკრაინის დახმარება ან, უფრო მეტიც, უნდა გაზარდოს, ხოლო ევროკომისიის განცხადების თანახმად, 65% მხარს უჭერს უკრაინისთვის ფინანსური და ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას, 57% – სამხედრო დახმარებას, 67% კი უკრაინის ევროპულ კავშირში ინტეგრაციას.
როგორც ხედავთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან წარმოებული პროპაგანდისტული ომისა, კოლექტიური დასავლეთი მზად არის განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ცხადია, ფრონტის ხაზზე ხელშესახები გამარჯვებები, რომელიც უნდა ვივარაუდოთ, რომ დამატებითი შეიარაღების მიღების შემდეგ აუცილებლად ექნება უკრაინას, კიდევ უფრო მეტად გაზრდის საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია პუტინის რეჟიმის უკრაინაში დასამარცხებლად.
[/fusion_text][/fusion_builder_column][/fusion_builder_row][/fusion_builder_container]