ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

 

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 79

 

            2024 წლის 17-18 სექტემბერს ლიბანში ბაზირებული „ჰეზბოლას“ მებრძოლების პეიჯერებისა[1] და სხვა ელექტრომოწყობილობების აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რაოდენობა კი ათასობითაა.

            ამ მომენტიდან დაიწყო სერიოზული სამხედრო ესკალაცია (რაც ამ ეტაპამდე ერთმანეთის დაბომბვებით შემოიფარგლება) ისრაელსა და ირანის მოკავშირე „ჰესბოლას“ შორის, რომელიც ამ მომენტისთვისაც გრძელდება. პარალელურად იზრდება მსხვერპლის რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები. ამ მოვლენამ ერთგვარად გადაფარა ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები.

            რა შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ ესკალაციას და შესაძლებელია თუ არა ეს ყველაფერი დიდ რეგიონულ ომში გადაიზარდოს?

განსაკუთრებით ინტენსიურად იბომბება „ჰეზბოლას“ პოზიციები სამხრეთ ლიბანში

           

            მართალია, თავად ისრაელს პეიჯერების აფეთქების საქმეზე პასუხისმგებლობა არ აუღია (ისრაელი ტრადიციულად ერიდება ხოლმე მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ მას ასევე არ აუღია პასუხისმგებლობა 2024 წლის 31 ივლისს ქ. თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციაზე), მაგრამ ყველა ხვდება, რომ თუ ვინმეს შეეძლო ასეთი შეტევა „ჰეზბოლაზე“, ეს, პირველ რიგში, ისრაელის სპეცსამსახურებია.

            პეიჯერებისა და სხვა ელექტრომოწყბილობების აფეთქებას მოჰყვა ისრაელის მასირებული საჰაერო დაბომბვები ლიბანის ტერიტორიაზე. 20 სექტემბერს „ჰეზბოლას“ ბუნკერზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი – იბრაჰიმ აქილი შეეწირა, რომელსაც შეერთებული შტატები 1983 წელს ბეირუთში მომხდარი აშშ-ის საელჩოს აფეთქების გამო უშედეგოდ ეძებდა ათწლეულების განმავლობაში.[2]

ისრაელის მიერ დაბომბილი ადგილები ლიბანის ტერიტორიაზე

            აშკარად ჩანს, რომ ისრაელი, მიუხედავად მოკავშირე აშშ-ის ფრთხილი პოზიციისა, სულ უფრო გაბედულად მოქმედებს და არ ერიდება სიტუაციის ესკალაციას. ის აცხადებს, რომ მისი მიზანი თვეების წინ ჩრდილოეთ ისრაელიდან ევაკუირებული მოსახლეობის უკან დაბრუნებაა, რისთვისაც საჭიროა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ მიერ ორგანიზებული დაბომბვების შეწყვეტა.[3] ისრაელი აცხადებს, რომ სწორედ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უწევს შეტევის მიტანა „ჰეზბოლას“ პოზიციებზე.

            ისრაელის გაბედული ნაბიჯები კი ერთგვარი დილემის წინაშე აყენებს „ჰეზბოლასა“ და მის მოკავშირე ირანს. თუ თეირანი აქამდე ძირითადად მხოლოდ თავისი ე.წ. Proxy-ების (ადგილზე საკუთარი მომხრეების) – ჰუთისები, ერაყელი შიიტური სამხედრო დაჯგუფებები, „ჰამასი“ და ა.შ.  საშუალებით მოქმედებდა ისრაელის წინააღმდეგ, დღეს ეს უკვე არაეფექტურია ამ უკანასკნელის მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გამო.

თუ თეირანი გადაწყვეტს ისრაელის ამ შეტევებს ესკალაციითვე უპასუხოს, ამან შეიძლება დიდი რეგიონული ომი გამოიწვიოს. ეს კი არ შედის თეირანის ინტერესებში (შესაძლოა, აქედან გამომდინარე იყო, რომ ირანმა, ფაქტობრივად, უპასუხოდ დატოვა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობა), რადგან ამ შემთხვევაში აშშ-ს მოუწევს მოკავშირე ისრაელის დაცვა და შესაბამისად, ირანის წინააღმდეგ მოქმედებაზე გადასვლა (ვაშინგტონმა უკვე გააგზავნა რეგიონში ავიამზიდი „ტრუმანი“ სამხედრო გემების დაჯგუფებასთან ერთად).

            იმ შემთხვევაში, თუ ირანი და „ჰეზბოლა“ გადაწყვეტენ, თავი შეიკავონ ესკალაციისგან, ამას, განუწყვეტელი ისრაელური დაბომბვების გამო, შეიძლება შედეგად მოჰყვეს „ჰეზბოლას“ სამხედრო და პოლიტიკური დასუსტება ლიბანსა და მთელ რეგიონში,[4] რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ირანის პოზიციებზე რეგიონში, რომლის ერთგვარ ინსტრუმენტად მოიაზრება ხოლმე „ჰეზბოლა“.

ათასობით პეიჯერი აფეთქდა 17 სექტემბერს ლიბანში

დრო კი არ ითმენს და თეირანისგან გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, იმიტომ, რომ „ჰეზბოლა“ ყოველდღიურად სუსტდება. მხოლოდ პირველ დღეს, 17 სექტემბერს, მისი საშუალო და უმაღლესი რანგის მებრძოლთაგან დაახლოებით 4 000 პეიჯერების აფეთქების შედეგად დასახიჩრდა, რასაც საჰაერო დარტყმებით  მიყენებული ზიანიც ემატება.

გზაგასაყარი კი ახლოვდება. შესაბამისად, თეირანსა და „ჰეზბოლას“ მალე მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება. ეს კი დიდწილად განსაზღვრავს ისრაელ-„ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე კონფრონტაციის მომავალ ხასიათსა და შესაძლო შედეგებს.

[1] „ჰესბოლას“ მებრძოლები პეიჯერებს იყენებდნენ საკომუნიკაციოდ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ეს იყო კომუნიკაციის ყველაზე უსაფრთხო საშუალება. „ჰეზბოლამ“ და მისმა მოკავშირეებმა ამ აფეთქებების ორგანიზებაში ისრაელის სპეცსამსახურები დაადანაშაულეს.

[2] მას, საერთო ჯამში, 300-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში ედებოდა ბრალი და მასზე ინფორმაციის მიწოდებისთვის დაწესებული იყო ჯილდო 7 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

[3] 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ „ჰესბოლამ“ დაიწყო საჰაერო თავდასხმები ჩრდილოეთ ისრაელზე, რის შედეგადაც ისრაელს აქედან საკუთარი მოსახლეობის ევაკუაცია მოუწია.

[4] მაგალითად, „ჰეზბოლა“ 10 წელზე მეტია აქტიურად იბრძვის სირიაში, როგორც ირანის, რუსეთისა და ასადის რეჟიმის მოკავშირე.