2010 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ”შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ექსპერტთა საბჭოს საგანგებო შეხვდერა, რომელიც ორგანიზებული იყო პროექტ ”მეორე ბილიკი – ქართველი და რუსი ექსპერტების ნდობის აღდგენის ალტერნატიული გზის” ფარგლებში და სადაც მონაწილეობას იღებდა ქართულ-რუსულ დიალოგში ჩართული ქართველ ექსპერტთა ჯგუფი.
შეხვედრის მიზანი იყო დეკემბერში სტამბოლში დაგეგმილი ქართულ-რუსული საექსპერტო დიალოგისთვის მომზადება: სტამბოლის შეხვედრაზე განსახილველ თემებთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და იდეების მიმოხილვა-დამუშავება, დიალოგის მონაწილეთა ჩართულობა და ქართულ-რუსული ერთობლივი პოლიტიკის დოკუმენტების თემების მოფიქრება-შერჩევა.
შეხვედრის მსვლელობისას პროექტის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დიალოგში მონაწილე ექსპერტები და ისაუბრა რუსულ-ქართული საექსპერტო დიალოგის მიზნებისა და გეგმების შესახებ. ქართველმა ექსპერტებმა მიმოიხილეს სხვადასხვა თემა ქართული-რუსული ერთობლივი ანალიტიკური დოკუმენტებისთვის. ამ თემებს შორის იყო: სტაბილურობა კავკასიის რეგიონში; ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემები; ინფორმაციული პოლიტიკის ანალიზი საქართველოსა და რუსეთში; რეგიონულ ორგანიზაციებში მონაწილეობის საკითხი; ნატო-რუსეთი-საქართველო; ევროპული ინტერგაცია და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა; რუსულ-ქართული კონფლიქტის გავლენა საქართველოსა და რუსეთის შიდა პოლიტიკაზე; კულტურული და პოლიტიკური შეხედულებები – ცივილიზაციის ელემენტები, რომელიც ზეგავლენას ახდენს დასავლეთის პოზიციებზე და ა.შ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ”შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ექსპერტთა საბჭოს მუდმივად მიაწოდებენ ინფორმაციას ქართულ-რუსული დიალოგის შემდგომი განვითარების შესახებ.