ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან ბოლო შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა შემდეგი რამ განაცხადა: „უდავოდ მნიშვნელოვან როლს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეასრულებს რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება“.

ამ ცენტრის გახსნის რუსული გეგმა არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე აღებული მოვლენა. ამგვარი ცალკეული ფაქტები ყოველთვის უფრო ფართო კონტექსტში უნდა ჩავსვათ. ეს კონტექსტი კი შემდეგია:

რუსული მმართველი რეჟიმისა და საქართველოს ინტერესები, მიმდინარე ისტორიულ ეტაპზე, ფუნდამენტურად შეუთავსებელია. ეს რეჟიმი აქტიურად და თანმიმდევრულად ცდილობს ჩვენს, როგორც სახელმწიფოს, დამარცხებას. ყველაფერი, რასაც რუსული სახელმწიფო აქ აკეთებს, მისი აქაური მიზნების მიღწევას ემსახურება და, შესაბამისად, მომართულია ჩვენი უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ამაში ეჭვი ერთი წუთითაც არ უნდა გვეპარებოდეს, თუკი რაიმე თვითგადარჩენის ინსტინქტი შემოგვრჩა. თუმცა, ამ ზოგადი პრინციპის გარდა, არსებობს საკმარისი ინფორმაცია კონკრეტულად იმაზეც, რას წარმოადგენს ჩვენს ეპოქაში „რუსული კულტურის ცენტრი“, როგორც ფენომენი. მხოლოდ რამდენიმე ბოლოდროინდელ მაგალითს მოვიყვან:

– 2018 წლის აპრილი: „ოლეგ ჟიგანოვი, [რუსული კულტურული] ცენტრის ბოლო დირექტორი, იყო ერთ-ერთი იმ 60 რუს მოხელეს შორის, ვისზეც წინა კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა … სამოცივე აშშ-დან გაგდებული პირი დაზვერვის აგენტი იყო“.

– ასევე 2018 წლის აპრილი: „მაკედონიის უშიშროების სამსახურიდან (UBK) გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის საელჩო და სადაზვერვო სტრუქტურები (რომლებიც ხშირად სერბეთიდან მუშაობდნენ) არა მხოლოდ უჭერდნენ მხარს პარამილიტარულ დაჯგუფებებს, არამედ ასევე დააფუძნეს დაახლოებით 30 მაკედონია-რუსეთის „მეგობრობის ასოციაცია“ და ასევე გახსნეს რუსული კულტურული ცენტრი სკოპიეში [მაკედონიის დედაქალაქი]“.

– 2018 წლის მარტი: „რუსული კულტურისა და ენის ცენტრს ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ სლუპსკში აფინანსებს კრემლის მიერ მართული პროპაგანდისტული ფონდი, რომელსაც კგბ-ის ყოფილი ოფიცერი ხელმძღვანელობს“.

– 2019 წლის მარტში გამოქვეყნებული „ვარშავის ინსტიტუტის“ ანგარიში: „კრემლი მხარს უჭერს ბოსნიელ სერბებს დიპლომატიური და სამხედრო მიმართულებით. რუსები ასევე მონაწილეობენ რესპუბლიკა სრპსკაში [ბოსნიის სერბული ნაწილი] პოლიციელებისა და პარამილიტარული ძალების წვრთნაში … პარამილიტარული ჯგუფები წვრთნას გადიან „კულტურულ ცენტრებში“, რომლებსაც რუსეთი და სერბეთი ერთად აკონტროლებენ“.

– ნატოს მხარდაჭერით გამოქვეყნებული წიგნი საინფორმაციო ომის შესახებ, 2017 წელი: „რუსული მხარე თავის გავლენას ავრცელებს კულტურის ცენტრების მეშვეობით, სადაც ბალტიის ქვეყნების მოქალქეებს სთავაზობენ რუსული ენის უფასო კურსებს, ისევე, როგორც რუს გამომსვლელთა უფასო კონცერტების მსგავს კულტურულ ღონისძიებებს. შედეგად, მონაწილეები კრემლის ინდოქტრინაციის ობიექტები ხდებიან“.

დღეს რუსეთი აქტიურად იბრძვის თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამ ბრძოლაში ის სხვადასხვა ტიპის ბერკეტების პაკეტს იყენებს. მათ შორის არის: სამხედრო, სადაზვერვო/ძირგამომთხრელი, დიპლომატიური, ეკონომიკური, საინფორმაციო. სრულიად ცხადია, რომ „რუსული კულტურის ცენტრები“ რუსეთის ფარგლებს გარეთ იმ ბერკეტებს შორისაა, რომლებიც ამ ბრძოლის სადაზვერვო/ძირგამომთხრელ და საინფორმაციო კომპონენტებს ემსახურება. ეს ცენტრები რუტინულად გამოიყენება, როგორც რუსული გეოპოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტები.

კრემლის დღევანდელი რეჟიმის მიზნები და საქართველოს სასიცოცხლო საჭიროებები იმდენად შეუთავსებელია, რომ ჩვენი მხრიდან ერთადერთი საღი, გონივრული მიდგომა არის შეუპოვრობა. ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ნებისმიერ ახალ ნაბიჯს, დიდსა თუ პატარას, რომელიც საქართველოში რუსული გავლენის ზრდისკენაა მიმართული. ჩვენ უნდა გვქონდეს იმუნიტეტი, რომელიც ამ გავლენის მუდმივ ზეწოლას ასეთივე მუდმივ წინააღმდეგობას უწევს.

წესით, ამ როლს სახელმწიფო ასრულებს, თავისი, ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული, ბერკეტების გამოყენებით – ეს სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა. მაგრამ ისეთ დროს, როცა სახელმწიფო ამ ფუნქციას არ ან ვერ ახორციელებს, ამგვარი იმუნიტეტი თავად საზოგადოებამ უნდა გამოავლინოს.

კარასინის მიერ დაანონსებული „კულტურის ცენტრის“ გახსნა არის სწორედ იმ ტიპის რუსული ქმედება, რომელსაც უნდა შევეწინააღმდეგოთ. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. იმის მიუხედავად, საბოლოოდ რა ბედი ეწევა ამ ცენტრის გახსნის კონკრეტულ განზრახვას, მთავარი პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, როგორც საზოგადოებამ, არის ყოველ ნაბიჯზე, ყველა მიმართულებით, ყველა დიდ თუ პატარა თემაზე საქართველოში რუსული გავლენის ზრდის შეფერხება.

მანამ, სანამ რუსული სახელმწიფო ჩვენს მტრად რჩება, ეს არის აუცილებელი პირობა ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. საბოლოო ჯამში კი – ყველა ჩვენგანის პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.