ავტორი: ნინო ჩანადირი

 

საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი ხასიათდება მძაფრი დეზინფორმაციული ფონით, რომელმაც გარკვეულწილად უნიკალური ხასიათი შეიძინა და მისი მახასიათებლები საბჭოთა ტოტალიტარული წარსულიდან  აღძრავს ასოციაციებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლებაში წარმოდგენილი პარტიის – „ქართული ოცნების“ ნარატივში უკრაინის ომთან დაკავშირებით გაჩნდა ე.წ “გლობალური ომის პარტიის ცნება”, რომელიც სახელისუფლებო პარტიამ განავითარა და აქტიურად დანერგა წამყვანი პოლიტიკური ფიგურების რიტორიკაში და დღემდე აქტიურად გამოიყენება საარჩევნო კონტექსტში. ამას დასავლეთში აფასებენ, როგორც დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიას. ნარატივის მიხედვით, ამ ძალის მიზანია; 1) უკრაინაში ომის გახანგრძლივება და 2) მისი გავრცელება სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის – საქართველოზეც – საქართველოს „ომში ჩათრევა“.

ე.წ გლობალური ომის პარტიის ნარატივს მკვეთრად ანტიდასავლური ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მტკიცებით, ისინი ამის უკან გულისხმობენ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ევროკავშირს, არამედ ძალებს, რომლებსაც „პრინციპული გავლენა აქვთ“ პოლიტიკოსებსა და ინსტიტუციებზე დასავლეთში, ნარატივის გამალებული გამოყენება სახელისუფლებო წრეების მიერ მნიშვნელოვნად აზიანებს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, რადგან თავად ხელისუფლების წარმომადგენლებისვე სიტყვებით, ალბათობა იმისა, რომ ამ ძალის გავლენა საქართველოს თემებზე თუ საქართველოში მომუშავე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებზეც ვრცელდებოდეს, მაღალია. დასავლელი ლიდერები კი ნარატივის რუსულ წარმომავლობაზე მიანიშნებენ და პასუხობენ, რომ ერთადერთი „ომის პარტია მოსკოვშია“.

ისმის კითხვა: რა დგას ამ კონკრეტული ნარატივის უკან და რა კავშირია ამ ნარატივსა და საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს შორის?

რა დგას ნარატივის უკან?

შეთქმულების თეორიების გამოყენება საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის, შიშის დათესვისა და პოლარიზებისთვის კარგად გამოცდილი პრაქტიკაა, რომელსაც ჯერ საბჭოთა კავშირი, შემდეგ კი რუსეთი წარმატებით იყენებდა და იყენებს. ის პირდაპირ უკავშირდება რუსული უსაფრთხოების სამსახურის უკვე კარგად ნაცნობ სტრატეგიას, რომელსაც აქტიურად იყენებს რუსეთის ხელისუფლება და რომელიც ეფუძნება ცრუ მითების შექმნისა და გავრცელების წყალობით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მცდელობას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მსგავსი შეთქმულების თეორიები რუსეთში უმეტესად ანტიდასავლური ხასიათისაა და კოლექტიური დასავლეთის, როგორც რუსეთისთვის საფრთხის წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ასეთი  პრაქტიკა ფართოდ გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, როდესაც საბჭოთა კავშირი თავს წარმოაჩენდა, როგორც მშვიდობის კუნძული, რომელიც გარშემორტყმულია მტრებით, რომლებიც ცდილობენ მასზე თავდასხმას, თავად კი გამალებით იცავს მშვიდობას.

 

ფოტოს წყარო: Soviet Visuals https://www.facebook.com/sovietvisuals

ტრადიცია გაგრძელდა რუსეთშიც და დღემდე აქტიურად გამოიყენება ნარატივი, რომ დასავლეთი პროვოკაციებსა და შეთქმულებებს აწყობს რუსეთის წინააღმდეგ, რისგანაც მან თავი უნდა დაიცვას. ეს ნარატივი ხშირად ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს მიღმა, როგორც პრორუსული განწყობების მქონე სხვადასხვა ტიპისა და რანგის პროპაგანდისტების, ისე სოციალური ქსელების წყალობით.

საქართველოში წინასაარჩევნოდ პროსახელისუფლებო პლაკატები გამოჩნდა, სადაც ერთ მხარეს წარმოდგენილია უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები, როგორც მაგალითი იმ ძალების ნამოქმედარისა, რომელსაც ხელისუფლება ე.წ. „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებულად მოიხსენიებს, ხოლო მეორე მხარეს – საქართველოს ფოტოები, კონტექსტით, რომ სახელისუფლებო ძალა ომის წინააღმდეგია და მას შესწევს უნარი ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნოს გლობალური საფრთხეების ფონზე. ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწვავე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დაგმო ეს ქმედება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა ღიად გაუსვა ხაზი იდეის რუსულ წარმომავლობას. ეს პლაკატები პროპაგანდისტული მასალის ნათელი მაგალითია, რომელიც ჰგავს შეთქმულების თეორიებით ნასაზრდოებ საბჭოთა მასალას, რომლის ცენტრშიც ამჯერად შინაარსობრივად ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ და მისი „ნამოქმედარი“ დგას.

ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივის უკან შესაძლებელია რამდენიმე ამოცანის დანახვა:

  • შიშის დათესვის გზით საზოგადოების გარკვეული ნაწილის კონსოლიდაციის მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც თავს მშვიდობის გარანტად წარმოაჩენს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ომს ქვეყანაში არ დაუშვებს. საპირწონედ კი, აყენებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც გლობალურად საშიში ძალის მიერ მართულად სახავს, რაც მათ მიმართ სკეპტიციზმის გაღვივების მცდელობაა.
  • საზოგადოებაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის და პრობლემებზე მუშაობის გზების არქონის გადაფარვის მცდელობა საზოგადოებრივი ტრავმების ინსტრუმენტალიზების გზით, რაც მოიაზრებს საზოგადოების წარსული მძიმე გამოცდილებებით მანიპულირებას და ამის პოლიტიკური მიზნებისთვის დაქვემდებარებას.
  • საზოგადოების თვალში ომში დამნაშავისგან, რუსეთისგან, ისრების გადატანა დასავლეთზე, აპელირებით, რომ გარკვეულმა ძალებმა და მათი გავლების გამტარებმა ჩართეს უკრაინა რუსეთთან ომში, მანამდე კი ეს საქართველოში მოიმოქმედეს.
  • ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, რაზეც მიუთითებს ნარატივის კონტექსტში გაკეთებულ განცხადებებში კოლექტიური დასავლეთის, როგორც უარყოფითი აქტორის როლზე აპელირება, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების და ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ და ერევა მის შიდა საქმეებში.

ასეთი ნარატივის შინაარსი და მისი გამოყენების მეთოდიკა პარალელს პოულობს საბჭოთა წარსულში არსებულ მითიურ მტრებთან ბრძოლის პრაქტიკასთან და მიანიშნებს, რომ მიუხედავად ნარატივის, ერთი შეხედვით, სიახლისა, ის ნასესხებია საბჭოთა და შემდეგ რუსული პრაქტიკიდან, რომელიც ჯერ ცივი ომის პირობებში გამოიყენებოდა დასავლეთისგან მტრის ხატის შესაქმნელად, მოგვიანებით კი რუსეთმა ის თანამედროვე დასავლეთზეც გაავრცელა. უკრაინის ომის ფონზე და საპარლამენტო არჩევნების წინ რუსული სტილის ნარატივის ასეთი მასშტაბით გამოყენება მიუთითებს რიგ გამოწევებზე, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშეა.

რა კავშირია ამ ნარატივსა და საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს შორის?

რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდის მიმართ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მოწყვლადობის საკითხი ფართო განხილვის თემაა. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მექანიზმების გააქტიურება, რომელსაც სხვადასხვა აქტორი სხვადასხვა სივრცეში ავრცელებს, აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამ ქვეყნებში საზოგადოების მხრიდან ევროპული მისწრაფებების ზრდის ფონზე. თუმცა საყურადღებოა ფაქტი, რომ საქართველოს შემთხვევაში ხშირად რუსული დეზინფორმაცია ვრცელდება სახელისუფლებო აქტორებისგან, რაც პრობლემის განსხვავებულ მასშტაბზე მიუთითებს და უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, კიდევ უფრო ცხადს ხდის.

საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის საფრთხე, რომელსაც პოტენციალი აქვს, რომ დააზიანოს ქვეყნის საშინაო და საგარეო სტრატეგიული ინტერესები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის მიმართაც სახელმწიფო უწყებები ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავენ,  მმართველი პარტიის რიტორიკა კი ხელის შემწყობიც კია, რაც ჰიბრიდული საფრთხეების გაღრმავების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რუსეთის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ტრადიციული წინააღმდეგობის ფონზე, ანტიდასავლური განწყობების გაღრმავების მცდელობა, საზოგადოებაში შეთქმულების თეორიებზე დაყრდნობით, ჰიბრიდული ომის პირდაპირ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. ევროკავშირის და სხვა დასავლელი პარტნიორების ე.წ „გლობალური ომის პარტიის“ მართულად წარმოჩენა და შეთქმულების თეორიების გამუდმებული ტრიალი იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პრერეკვიზიტი დეზინფორმაციულ გავლენებთან ბრძოლაა, რომელთა სამიზნეც ევროკავშირი და მისი ღირებულებებია, დამატებით აზიანებს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას. ეს უკანასკნელი კი საკვანძოა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, რადგან დასავლეთისგან იზოლირებული საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის პერსპექტივა დიდია, საბოლოოდ კი, მისი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი კიდევ უფრო დიდი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება. ამ კონტექსტში, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული ნარატივი სცდება მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკური პაექრობის სივრცეს და სახელმწიფოს ინტერესების საზიანო განზომილებაში ინაცვლებს.

შეჯამება

ნარატივს ე.წ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელიც მკვეთრად ანტიდასავლური ხასიათისაა, ასევე აქვს საბჭოთა წარსულში არსებული შეთქმულების თეორიების მსგავსი ელფერი, რომელიც შემდგომში რუსეთმაც ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით წარმატებით დანერგა და იყენებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. უკრაინის ომის ფონზე და საარჩევნოდ ამ ნარატივის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში, საზოგადოებაში შიშის დათესვასა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციასთან ერთად, დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებასაც უკავშირდება. იმ ფონზე, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ურთიერთობას პარტნიორებთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პერსპექტივას უქმნის საფრთხეს, რაც ზრდის საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შესაძლებლობას და აღრმავებს ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც ცხადყოფს, რომ კონკრეტული ნარატივი ემსახურება რუსული ჰიბრიდული მეთოდების ხორცშესხმას საქართველოში და აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს.