ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში თავდაპირველად შეინიშნებოდა ზოგადი დაძაბულობა და აჟიოტაჟი, რაც გამოწვეული იყო არაპროგნოზირებადი ვითარებით. არავინ იცოდა, რა სახეს მიიღებდა სამხედრო მოქმედებები და ზოგადად როგორ განვითარდებოდა პოლიტიკური პროცესები რუსეთის გარშემო. პირველ თვეებში ადგილობრივ საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას იწვევდა შემდეგი ფაქტორები: საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების მოლოდინი, საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დაფინანსების შეკვეცა, შეფერხებები ხელფასებისა და პენსიების გაცემაში (საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ამის მიზეზი უფრო მეტად რესპუბლიკების დონეზე ადგილობრივი ჩინოვნიკების კორუფციული სქემები იყო, ვიდრე ის, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან გვიანდებოდა გადმორიცხვები), საბანკო სერვისებზე წვდომის გართულება, ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების ზრდა და უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტი.

გამოწვევები საზოგადოებისათვის

უკვე 2022 წლის ნოემბრიდან რეგიონში ვითარება დასტაბილურდა. მოსახლეობამ დაინახა, რომ სექტემბერში გამოცხადებული ე. წ. ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგად ომში იძულებით არავინ მიჰყავთ. მეტიც, საზოგადოების გარკვეულმა ფენამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება და უკრაინის წინააღმდეგ  საბრძოლველად წასვლა გამოიყენა, როგორც სოციალური ლიფტი – საშუალება ფინანსური ბენეფიტების და სოციალური გარანტიების მისაღებად, როგორც ეფექტური და მოკლე გზა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მკვეთრად გასაუმჯობესებლად.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკა დოტაციურია.  რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებთან შედარებით, ეკონომიკის განვითარებით, შესაბამისი ეკონომიკური მაჩვენებლებით ისინი ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე არიან. მაღალი შობადობის ფონზე ასევე ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე, განსაკუთრებით, 30 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ამიტომ სხვა რეგიონებთან შედარებით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ყველაზე მეტი მსურველი აღმოჩნდა, ვინც პირადი კეთილდღეობისთვის უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დადებული სტანდარტული სამთვიანი კონტრაქტი ითვალისწინებს ანაზღაურებას 800 ათას რუბლის ოდენობით და ზევით (სამხედრო სპეციალობების მიხედვით). დაჭრის შემთხვევაში, მებრძოლი იღებს ერთჯერად კომპენსაციას 3 მილიონი რუბლის ოდენობით, ხოლო სიკვდილის შემთხვევაში ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია 10 მილიონი რუბლი. ამასთან, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანი შრომისუნარიანი წევრების შრომით დასაქმებაზე და ოჯახს  კომუნალური გადასახადებისგანაც ათავისუფლებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე დროებით სამუშაოდ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან სიამოვნებით მიდიან სამედიცინო პერსონალი, საშუალო სკოლების მასწავლებლები, მძღოლები და მშენებლები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. იქ რამდენიმე თვით სამუშაოდ წასვლის შემთხვევაში იღებენ გაზრდილ ხელფასს და დანამატებს და, რა თქმა უნდა, თავის რესპუბლიკაში ენახებათ სამუშაო ადგილი. უკრაინაში ისინი მუშაობენ ზურგში და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს რესპუბლიკები რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, უკრაინაში შეჭრამდეც ყოველთვის ძალიან სუსტად იყვნენ ჩართული რუსეთის საგარეო-ეკონომიკურ კავშირებში სხვა ქვეყნებთან, რაც ნიშნავს, რომ ამ რესპუბლიკებში წარმოებული პროდუქცია თითქმის არ გადის უცხოეთში ექსპორტზე, აქ არ არსებობს უცხოური, მით უმეტეს, დასავლური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოები. ამის გამო არც დასავლური სანქციები და არც რუსეთის ბაზრიდან ბევრი ამერიკული თუ ევროპული კომპანიის გასვლა არ აისახა ამ რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებზე. არ დახურულა არცერთი საწარმო და არ დარღვეულა ლოჯისტიკური კავშირები. შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის სხვა, ეკონომიკურად ბევრად განვითარებულ რეგიონებთან შედარებით, თითქმის არ გრძნობს ომის თანმდევ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს.  მეტიც, რუსული წარმოების ფართო მოხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტზე ფასები შემცირდა კიდეც. ამას იმით ხსნიან, რომ საერთაშორისო სანქციების გამო ბევრი პროდუქტი რუსეთის გარეთ ექსპორტზე აღარ გადის და ქვეყანაში ჭარბწარმოებაა, რაც ფასების შემცირებას იწვევს. მიმდინარე 2023 წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსება, განსაკუთრებით იმ უწყებებისა, რომლებიც ფედერალურ დაქვემდებარებაშია და, შესაბამისად, ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების დაწესების და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღების შემდეგ, აგრეთვე ყირიმის და შავი ზღვის საკურორტო ზონის საომარი მოქმედებების არეალთან ტერიტორიული სიახლოვის გამო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში იყო მოლოდინი, რომ რუსეთის შიდა ტურისტული ნაკადები აქცენტს მასობრივად ამ რეგიონზე გააკეთებდნენ. ეს კი ამ რესპუბლიკებს დამატებით ფინანსურ შემოსავლებს მოუტანდა. ეს მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ამ რეგიონში არ არსებობს განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, დაბალია მომსახურების კულტურის სტანდარტები და ამის გამოსწორება მოკლე პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ტურისტულმა სექტორმა ვერ შეძლო.

რა ხედვები და განწყობებია ჩრდილოეთ კავკასიაში

საზოგადოებრივ განწყობებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინის წინააღმდეგ ან მხარს უჭერს, ანდა მის მიმართ ნეიტრალური და ინდიფერენტულია. ამ რესპუბლიკების ეთნიკურად არარუსი მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ომის მიმართ არაფრით განსხვავდება რუსეთის ფედერაციის ეთნიკური რუსი უმრავლესობით დასახლებული რეგიონებისგან. უკრაინასთან ომის საკითხში ჩრდილოკავკასიელი ეთნოსების დამოკიდებულების განსაზღვრისას მთავარი ფაქტორია მათი საერთო-რუსული სამოქალაქო იდენტობა.

რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებისას ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს არიდებს ამ კონფლიქტის საერთაშორისო-სამართლებრივი კუთხით შეფასებას. ინტერვიუებისას არ იგრძნობა არანაირი თანაგრძნობა უკრაინული საზოგადოების მიმართ. საუბრებში აქტუალურია რუსული პროპაგანდისტული ნარატივი, რომ თითქოსდა დასავლეთს უკრაინელი ფაშისტების ხელით სურს რუსეთის ფედერაციის დასუსტება და დაშლა. ჩრდილოკავკასიელთა ინდიფერენტულად განწყობილი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ომი ორი სლავი ხალხის – რუსების და უკრაინელების შიდა კონფლიქტია და ჩრდილოეთკავკასიელი ეთნოსები არ უნდა ჩაერიონ მასში.

ადგილობრივი ჩრდილოკავკასიური საზოგადოება, მისი ძლიერი კლანური სტრუქტურის და ასევე ტოტალური კორუფციის გათვალისწინებით, ჩაძირულია საკუთარ ყოფით პრობლემებში. სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს დააჯეროს მოსახლეობას, რომ მათზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. საზოგადოების უმრავლესობის მთავარი შიშია, რომ საბრძოლო მოქმედებებმა და ომის თანმდევმა დამანგრეველმა შედეგებმა მათ რეგიონშიც არ გადმოინაცვლოს.

ყველა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, უკრაინასთან ომში დამარცხების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის სავარაუდო დაშლას უარყოფითად აღიქვამს. ამგვარ პერსპექტივას განიხილავენ საფრთხედ და არა – შესაძლებლობად. დღესდღეობით საზოგადოებაში დომინირებს მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაციაში დეზინტეგრაციული პროცესების დაწყება მათთვის მოიტანს მხოლოდ დამატებით პრობლემებს შიდა კონფლიქტების გაღვივების, ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის, მოსახლეობის მასობრივი გაღარიბების, მიგრაციული პროცესების სახით. ასევე, არ აქვთ საკუთარი რესპუბლიკების კორუმპირებული პოლიტიკური ელიტების იმედი, რომ ამ ელიტებს აღმოაჩნდებათ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის საჭირო ცოდნა და უნარები და შესაბამისად სწორი მიმართულებით წარმართავენ ამ რესპუბლიკების განვითარებას. ამიტომ ამ რესპუბლიკების შესაძლო დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივას სერიოზულად არავინ განიხილავს.

ადგილობრივი პოლიტიკური ელიტები რეალურად აფასებენ სიტუაციას და არავითარი ილუზია არ აქვთ, რომ რუსეთის ფედერაცია შეიძლება დაიშალოს. ამიტომ ე. წ. პოსტპუტინურ პერიოდს ჯერჯერობით არავინ ელოდება. განწყობაა, რომ პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლება კიდევ დიდხანს დარჩება რუსეთის სათავეში, მიუხედავად იმისა, რამდენ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები უკრაინასთან.

რუსეთ-უკრაინის ომი: საფრთხე თუ შესაძლებლობა რეგიონისთვის

პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე დაკვირვება, ადგილობრივი მასმედიის მონიტორინგი, აგრეთვე რეგიონში მომუშავე ექსპერტებთან პერიოდული ინტერვიუების ანალიზი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში შესაძლო პოლიტიკური კრიზისი, მასობრივი საპროტესტო მოძრაობა ან სოციალური აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ორმა შესაძლო ფაქტორმა, კერძოდ:

– თუ რუსეთის ფედერალური ცენტრიდან ამ რესპუბლიკებს შეუწყდებათ ან მკვეთრად შეუმცირდებათ დაფინანსება და დოტაციები. ამის შედეგად ეს რესპუბლიკები ფაქტობრივად გახდებიან გადახდისუუნაროები, რადგან ადგილობრივი ფინანსური და ეკონომიკური რესურსი მათ არ გააჩნიათ.

– თუკი რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დაწყების შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფო დაკარგავს ჩრდილოკავკასიურ საზოგადოებაზე კონტროლის ბერკეტებს, პირველ რიგში, რეპრესიული სახელისუფლებო აპარატის და მართვადი კორუფციის სახით. შედეგად, ხელისუფლების ორგანოები და პირველ რიგში ძალოვანი სტრუქტურები ვეღარ ან აღარ შეძლებენ დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, ეკონომიკური სისტემა და მოსახლეობის უსაფრთხოება.

ჯერჯერობით, ვიდრე გაურკვეველია, თუ რა შედეგებით შეიძლება დამთავრდეს რუსეთ-უკრაინის ომი და რა პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს იგი რუსეთის სახელმწიფოსთვის, ასეთი სცენარის განვითარების პერსპექტივა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში არ იკვეთება.