ავტორი: სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში განლაგებული ეთნიკური სომხების პოზიციების წინააღმდეგ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო, „რეგიონში კონსტიტუციური წყობის აღსადგენად“. აზერბაიჯანმა სეპარატისტებს იარაღის დაყრა და დაშლა მოსთხოვა. 21 სექტემბერს კი, როდესაც ცხადი გახდა, რომ ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს არ შეეძლოთ აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული მასიური ოპერაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დაიდო ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღის სომხური შეიარაღებული ძალები დაიშლებოდნენ და დატოვებდნენ რეგიონს. ხელმოწერილი შეთანხმება საფუძვლად დაედო ბაქოს მიერ ტერიტორიაზე სრული კონტროლის აღდგენას.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა, როგორც ყარაბაღის კონფლიქტის მთავარმა შუამავალმა, ორივე მხარეს მოუწოდა ბრძოლის შეწყვეტისკენ, ერევნის მისამართით უპრეცედენტო კრიტიკული შინაარსის განცხადებები გააჟღერა და მას არსებული სიტუაციის გამწვავებაში დასდო ბრალი. რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სომხეთის „საშინელი მარცხი“ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მერყევი საგარეო პოლიტიკით იყო გამოწვეული, კერძოდ, რუსეთისგან დაშორებით, ნატოსთან გამართული „ფლირტითა“ და ბოლო დროს უკრაინის მხარდაჭერის მცდელობებით.
ცხადია, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში უპრეცედენტო გაუარესებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანთან მწვავე დაპირისპირებების ფონზე მოსკოვმა ერევნისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევა არ ისურვა. შედეგად კი, სომხეთის მთავრობა და საზოგადოება მოსკოვს სანდო მოკავშირედ აღარ აღიქვამს და დასავლეთისკენ მიაპყრო ყურადღება. ფაშინიანის ბოლო დროის განცხადებები, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების პოზიციები სომხეთის „როგორც საგარეო, ასევე საშინაო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სასწორზე დებს“, მიუთითებს იმაზე, რომ ერევანს სურს რუსეთისგან ჩამოშორება. ფაშინიანი პირდაპირ არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს, მაგრამ ცხადია, რომ ის თავის განცხადებებში რუსეთს მოიაზრებს, რომელიც სომხეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა. წინამდებარე სტატიაში გავაანალიზებთ, თუ რა დგას სომხეთსა და რუსეთს შორის ბოლო დროს გაუარესებული ურთიერთობების უკან და განვიხილავთ, თუ რამდენად შეიძლება შეიცვალოს სომხეთის საგარეო პოლიტიკის სამომავლო კურსი.
უსარგებლო მოკავშირეები
სომხეთის მოსკოვით იმედგაცრუება 2020 წლის ყარაბაღის ომიდან იწყება, როდესაც რუსეთმა მხოლოდ ომის დასრულებისა და ბაქოს მიერ ყარაბაღის უმეტეს ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის შემდეგ დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებაზე შუამდგომლობა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა კი ერევნის მოსკოვისადმი ნდობა კიდევ უფრო შეამცირა. რუსეთის ყურადღების უკრაინაზე გადატანით ბაქოს მიეცა შესაძლებლობა 2022 წელს სომხეთისთვის შეეტია. ფაშინიანის თხოვნამ რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის სამხედრო დახმარების თაობაზე შედეგი არ გამოიღო, რამაც სომხეთში ანტირუსული განწყობები გაზარდა და ერევანმა დახმარების საძიებლად ყურადღება დასავლეთისკენ მიაპყრო. ბაქოს ზეწოლის ქვეშ მყოფმა ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა და ყარაბაღის მეზობელი ქვეყნის ნაწილად ცნობისთვის მზადყოფნა განაცხადა იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფდა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვისთვის გრძელვადიანი მშვიდობა ყარაბაღის რეგიონზე აზერბაიჯანის სრული კონტროლის მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რაც ყარაბაღიდან რუსული სამხედრო დანაყოფების გაუქმებისა და ამავდროულად სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზისა და სასაზღვრო დანაყოფების გაყვანის საჭიროებას გააჩენდა. მიუხედავად ამისა, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის გამო რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებისა და მასზე გამავალი სატრანზიტო გზების იზოლირების შემდეგ მოსკოვის პოლიტიკა არათანამიმდევრული და მოკლევადიან საჭიროებებზე მორგებული გახდა. რუსეთის ინტერესები ამ მხრივ უფრო ახლოს არა სომხეთის, არამედ აზერბაიჯანის ინტერესებთანაა, რადგან ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია რუსეთის სპარსეთის ყურესთან დამაკავშირებელ სტრატეგიულად ხელსაყრელ საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორში.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ რუსეთს არასდროს მოსწონდა ფაშინიანის მთავრობა, რადგან მან „ხავერდოვანი რევოლუციით“ პრორუსული კლეპტოკრატიული მთავრობა შეცვალა. კრემლმა სომხეთის ახლანდელი მთავრობა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მას მიზნად არ ჰქონია სომხეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ცვლილება, თუმცა მაშინ, როდესაც ერევანმა განაცხადა, რომ მზად იყო ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო, რუსეთმა აზერბაიჯანს ერევანზე ზეწოლის უფლება მისცა, რათა ის მუდმივად წაგებულის როლში ყოფილიყო. ამით რუსეთი იმედოვნებდა, რომ ყარაბაღის მიმართ სენსიტიურად განწყობილი სომეხი საზოგადოება ფაშინიანის წინააღმდეგ გამოვიდოდა და საბოლოოდ გადააყენებდა მას ქვეყნის პრემიერის პოსტიდან. აღსანიშნავია, რომ, მართალია, ყარაბაღში მიმდინარე უკანასკნელი დაპირისპირების დროს სომეხი მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება რუსეთის მიმართ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მაშინ, როდესაც 2019 წელს სომხების 95% რუსეთთან სომხეთის ურთიერთობას ახასიათებდა, როგორც „კარგს“, წელს ასე მხოლოდ 50% მიიჩნევს.
ცვალებადი საგარეო პოლიტიკა
მოსკოვით იმედგაცრუების პარალელურად, სომხეთმა დასავლეთთან კავშირების გაღრმავებას მიჰყო ხელი. 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან დისტანცირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2022 წლის ნოემბერში ფაშინიანმა ერევანში გამართული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ერევანმა ამის ოფიციალურ მიზეზად დაასახელა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, სიფრთხილე, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს სამხედრო წვრთნები პროვოკაციად არ აღექვათ. თუმცა აქ მთავარი მიზეზი იყო ორგანიზაციის მიმართ ერევნის ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა. საბოლოოდ, სომხეთის მთავრობამ უარი განაცხადა ბლოკის ლიდერობის როტაციულად მიღებული პოზიციის დაკავებაზე.
ერევნის დიპლომატიური გადაწყვეტილებები და განცხადებები ასახავს სომხეთის სურვილს, რომ შეიცვალოს მოკავშირეები. წელს, ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, ფაშინიანმა ღიად განაცხადა, რომ „სტრატეგიული შეცდომა“ იყო უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება. ამავდროულად, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიკაცია, როცა ამ უკანასკნელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავების ორდერი გასცა. რატიფიკაცია ერევანს ავალდებულებს, რომ თუკი პუტინი სომხეთში ჩავა, დააკავოს. მოსკოვი ამ ცვლილებებს მწვავე გაფრთხილებებით შეხვდა და განაცხადა, რომ ერევნისთვის ამას „უკიდურესად უარყოფითი“ შედეგები მოჰყვებოდა. საბოლოო ჯამში, კრემლმა ემბარგო დაუწესა სომხურ რძის ნაწარმს, როგორც 2006 წელს – საქართველოს ღვინის პროდუქტებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები იყო. სომხური რძის ნაწარმი 2022 წელს 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ფაშინიანის მთავრობამ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ხელშეკრულების რატიფიკაცია პარლამენტს 1 სექტემბერს მაინც მოსთხოვა. ერევანმა კრემლი კვლავ გააღიზიანა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წარმომადგენელი უკან გამოიწვია და 5 ნოემბერს ნიდერლანდებში საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში წარმომადგენლად განაწესა.
სომხეთი ნელ-ნელა, თუმცა სტაბილურად ამძაფრებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკასა და დიპლომატიურ აქტივობებს. ერევანს დასაკარგი არაფერი აქვს, მას შემდეგ, რაც რუსეთი აზერბაიჯანის სომხეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს და მთიან ყარაბაღში ერევნისთვის არახელსაყრელ ვითარებას დასჯერდა. ყარაბაღში სომხეთის დე ფაქტო მმართველობის დასრულების შემდეგ, არსებობს რეალური შანსი, რომ ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროს ჩამოშორდეს და საკუთარი პარტნიორული ურთიერთობების დივერსიფიკაცია მოახდინოს. სომხეთმა უარი განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნების საკუთარ ტერიტორიაზე გამართვაზე და 10-11 სექტემბერს აშშ-სთან ერთად 2023 წლის Eagle Partner-ის ერთიან სამხედრო წვრთნებს დათანხმდა. სომხეთის მთავრობამ რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალს ომის დაწყებიდან პირველად უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებაც გააგზავნა. ფაშინიანის ცოლმა ანა ჰაკობიანმა პირადად წარადგინა სომხეთის დახმარება და კიევის სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.
სომხეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილება დიდწილად დამოკიდებულია აზერბაიჯანთან მშვიდობის შენარჩუნებაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ჯერ კიდევ არსებობს გადაუჭრელი საკითხები, როგორიცაა: საზღვრის დადგენა და დელიმინაცია, სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებელი ე.წ. ზანგეზურის კორიდორის გაყვანა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რომელიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს. ამ მხრივ, დასავლეთის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. აშშ და ევროკავშირი უკვე დიდი ხანია აქტიურად ცდილობენ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაში შუამდგომლობას. ფაშინიანსა და ალიევს შორის ივლისის შეხვედრაზე, რომლის შუამავალი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო, ორი მხარე შემოდგომაზე ბრიუსელში მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდა. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები 5 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში ესპანეთის ქალაქ გრანადაში აპირებდნენ შეხვედრას, მაგრამ 3 ოქტომბერს ალიევმა სამიტზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მიზეზად „ფრანგი პოლიტიკოსების სომხეთის მხარდამჭერი განცხადებები“ და პარიზთან და ბერლინთან თურქეთის შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა. საინტერესოა, თუ რას მოიტანს ორ ლიდერს შორის დასავლეთის შუამდგომლობით გამართული შეხვედრები და რამდენად იქნება ეს წინ გადადგმული ნაბიჯი სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად.
მოსკოვის მიმართ სომხეთის კრიტიკული რიტორიკის მიუხედავად, ჯერ კიდევ რთულია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში დიდ ძვრებზე საუბარი, რადგან ერევანი საკმაოდ ძლიერაა დამოკიდებული რუსეთზე. სომხეთში ჯერ კიდევ განლაგებულია 10,000-კაციანი რუსული სამხედრო დანაყოფი და ქალაქ გიუმრიში სამხედრო ბაზა კვლავ ფუნქციონირებს. რუსი ჯარისკაცები სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვარზეც არიან განთავსებული და დაპირისპირებების ფონზე აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზეც განლაგდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ რჩება სომხეთის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად და უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე მოსკოვზე ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, სომხეთის მთავრობა საკუთარი ქმედებებით ცხადყოფს, რომ მის ინტერესებში ნამდვილად არა რუსეთთან მიტმასნება, არამედ საგარეო პოლიტიკის ახალ ფაზაში შეყვანაა, რაც გულისხმობს მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებას და საგარეო პარტნიორების დივერსიფიკაციას. რუსეთის მწვავე რეაქციების მიუხედავად, სომხეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, როგორიცაა კოლექტიური უსაფრთხოების ბლოკისგან ჩამოშორება, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება, აშშ-სთან ერთად სამხედრო წვრთნების გამართვა და ომის დაწყებიდან პირველად უკრაინისთვის დახმარების გაგზავნა, ცხადყოფს, რომ ერევანი ნამდვილად ცდილობს „რუსული პატიმრობიდან“ თავის დაღწევას და სტრატეგიული კავშირებს უკვე სხვაგან ეძებს.