ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

 

2024 წლის ივნისში ფხენიანში, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის პერიოდში, ხელი მოეწერა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის და ბირთვულ სფეროში. შეხვედრის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათ შორის რუსეთის ომს უკრაინაში და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება „სამშვიდობო და თავდაცვითი“ ხასიათისაა. პუტინმა კი გამოყო ის გარემოებები, რამაც  ჩრდილოეთ კორეასთან პარტნიორობის გაღრმავება განაპირობა, კერძოდ, მისი თქმით, მოსკოვი ებრძვის აშშ-ს და მისი მოკავშირეების ჰეგემონურ, იმპერიალისტურ პოლიტიკას და დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მხარდაჭერისა და საბრძოლო იარაღის გადაცემის საპასუხოდ ზრდის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან. როგორც პუტინმა აღნიშნა: „ჩვენ ძალიან ვაფასებთ…თანმიმდევრულ და ურყევ მხარდაჭერას რუსული პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, უკრაინის მიმართულებით“.

შეთანხმებაში განსაკუთრებით საყურადღებოა ორმხრივი თავდაცვის პუნქტის შესახებ ჩანაწერი, კერძოდ, ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევა იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყანას თავს დაესხმებიან. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი პუნქტის არსებობის გამო ორი ქვეყნის პარტნიორობა ძალიან ჰგავს აშშ-სამხრეთ კორეის ან ნატოს ალიანსის ანალოგის შექმნის მცდელობას. ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის სადაზვერვო ანგარიშების მიხედვით, ათასობით ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი გაიგზავნა რუსეთში, რომლებიც, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ მონაწილეობას. მეორე მხრივ, აღნიშნული პარტნიორობა ცვლის სტრატეგიულ ბალანსს აღმოსავლეთ აზიაში, საფრთხეს უქმნის აშშ-ის მოკავშირეებს რეგიონში და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმს. იქიდან გამომდინარე, რომ ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული თავდაცვის მიმართულებით რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მოკავშირეა ჩინეთთან ერთად, ჩნდება შეკითხვა, თუ რა ინტერესები ამოძრავებს ორივე მხარეს, რამაც უბიძგა მათ სწორედ ახლა გაეღრმავებინათ პარტნიორობა? ჩვენს ბლოგში შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას.

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული პარტნიორობის მიზეზებს განაპირობებს როგორც მათი საერთო მდგომარეობა, ისე განსხვავებული ინტერესები.  საერთო მდგომარეობაში მეტწილად ვგულისხმობთ მსგავს იდეოლოგიურ ღირებულებებს და გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელშიც იმყოფებიან. იდეოლოგიური თვალსაზრისით ორივე ქვეყანა დასავლური ლიბერალიზმის ღრმა მტრობაზე აფუძნებს ტრადიციულ, ფსევდონაციონალისტურ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს. ჩრდილოეთი კორეა, თავისი მტკიცე ანტიიმპერიალისტური პოზიციით, იზიარებს აღნიშნულ პრინციპებს. ორივე მათგანი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ლიბერალურ წესრიგს და აშშ-ის დომინანტურ როლს ამ წესრიგში. კიმ ჩენ ინი რუსეთს მსოფლიო წესრიგის ცვლილების ერთ-ერთ მთავარ განმახორციელებელ ძალად მიიჩნევს, საპასუხოდ კი პუტინის წამყვანი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი ღიად გამოხატავს თავის აღფრთოვანებას ჩრდილოეთ კორეის “ჯუჩეს” იდეოლოგიით. გარდა ამისა, როგორც რუსეთი, ისე ჩრდ. კორეა დასავლეთისგან მზარდი იზოლაციის წინაშე დგანან, ერთი – მეზობელი ქვეყნებისადმი აგრესიული პოლიტიკის და მეორე კი – ბირთვული პროგრამის განვითარების გამო. სწორედ, იზოლაციისგან თავის დაღწევის და გადარჩენის საერთო საზრუნავი უბიძგებს მათ ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ.

მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს აქვს კერძო ინტერესები. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება არ მხოლოდ ორმხრივი თავდაცვის ვალდებულებას მოიცავს, არამედ მასთან ერთად სამხედრო-ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას და საბრძოლო ტექნიკის ერთმანეთისთვის მიწოდებას. რუსეთის ძირითადი ინტერესი სამხედრო მარაგების შევსებაა და ჩრდ. კორეა კი სამხედრო მარაგების, საარტილერიო ჭურვების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, რომელიც პუტინს კრიტიკულად ესაჭიროება კურსკის ოლქსა და უკრაინის ტერიტორიაზე ომის საწარმოებლად. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, რუსეთი ყოველდღიურად, სულ მცირე, 10 000 საარტილერიო ჭურვს ესვრის უკრაინას. თავდასხმის ამ მასშტაბის შესანარჩუნებლად და შიდა წარმოების შესაძლებლობების გაზრდის პარალელურად რუსეთს განსაკუთრების სჭირდება ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობა საარტილერიო საბრძოლო მასალის მისაღებად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კიმ ჩენ ინმა 2023 წლის ოქტომბრიდან პუტინს 10 000-ზე მეტი საბრძოლო მასალით დატვირთული სატრანსპორტო კონტეინერი გაუგზავნა. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდ. კორეის იარაღი გამოიყენებოდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დასავლეთისა და სამხრეთ კორეის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისა და ზამთრის სამხედრო ფორმების მოახლოებული მიწოდების შესახებ.

რუსეთის ინტერესი არა მხოლოდ საბრძოლო მასალაა, არამედ ცოცხალი ძალის მობილიზება ომში ჩასართველად. The Economist აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 2024 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე 462,000-დან 728,000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა ან ტყვედ იქნა აყვანილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთს ასეთი დანაკარგი არ ჰქონია. შესაბამისად, პუტინს სჭირდება  მეტი სამხედრო (ცოცხალი) ძალა ომის გასაგრძელებლად და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩრდ. კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. პენტაგონმა და ნატომ დაადასტურეს, რომ ჩრდ. კორეამ დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, ხოლო სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 3000-ზე მეტი ჩრდ. კორეელი ჯარისკაცი უკვე გადაიყვანეს დასავლეთ რუსეთში საბრძოლო ფრონტებთან.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზიც: უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. ასევე, რუსეთი პრაქტიკულად იზოლირებული გახდა დასავლური სამყაროსგან. აშშ-ის საფრთხის შეფასების წლიური ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეასთან ისევე, როგორც ჩინეთთან და ირანთან კავშირების გაძლიერებით რუსეთი ცდილობს დააბალანსოს დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, აჩვენოს მსოფლიოს, რომ რუსეთი მარტო არაა და ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირეები.

რაც შეეხება ჩრდ. კორეას, რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა ქვეყნისთვის ეკონომიკური რესურსების მობილიზებას და სამხედრო სფეროს/ინდუსტრიის განვითარებას ნიშნავს, რაც ემსახურება ქვეყნის ლიდერის მიერ გაცხადებულ გეგმას სამხედრო და ეკონომიკური სექტორის პარალელური განვითარების შესახებ. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით ჩრდილოეთ კორეას სურს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება, რადგან სწორედ ჩინეთზე მოდის ჩრდილოეთ კორეის მთლიანი იმპორტისა და ექსპორტის 90%-ზე მეტი. პუტინისთვის იარაღის მიწოდების სანაცვლოდ უცხოური ვალუტა და საკვები პროდუქტები ქვეყანაში არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ რუსეთიდანაც შევა, რაც ქვეყანას რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, ჩრდ. კორეას ესაჭიროება იაფი გაზი და სამხედრო დახმარება თავისი ბირთვული პროგრამის გასავითარებლად, რასაც რუსეთი საპასუხოდ ჰპირდება. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩინეთი ჩრდ. კორეის მთავარი პარტნიორია, მაგრამ ბირთვული პროგრამის განვითარების მომხრე არაა, რასაც ადასტურებს ის, რომ ჩინეთმა არაერთხელ დაგმო ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის ტესტირება და შეუერთდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას #1718, რომელმაც ამავე მიზეზის გამო სანქციები დაუწესა ჩრდ. კორეას. ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთი წინააღმდეგი არაა ქვეყანას დაეხმაროს ბირთვული და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში და ამის გამო კიმ ჩენ ინიც მოსურნეა რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერების.

არსებობს კიდევ ერთი გარემოებაც. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო პერიოდში მკაცრი სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეის ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს, რომლებიც ახორციელებენ უკანონო კიბერ- და კრიპტო- აქტივობებს, იარაღის შესყიდვასა და რუსეთისთვის გადაცემას, რაც არღვევს აშშ-ისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ სანქციების დარღვევა რუსეთის დახმარებით გამოწვევას უქმნის გაეროს და აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეის დარწმუნებას, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე სანქციების პოტენციური შემსუბუქების სანაცვლოდ. ჩრდილოეთ კორეა-რუსეთის გაძლიერებული ორმხრივი კავშირები კი პოტენციურად გააძლიერებს ჩრდილოეთ კორეას და მის მიზნებს განაგრძოს პროვოკაციული ქმედებები შეერთებული შტატებისა და აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ აღმოსავლეთ აზიაში და, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება მისი დაყოლიება.

ამრიგად, რუსეთსა და ჩრდ. კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ემსახურება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით, სამხედრო, ეკონომიკურ და ბირთვულ სფეროებში. ამ შეთანხმების საფუძველზე, თავდასხმის შემთხვევაში, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს დაეხმარებიან და მიაწვდიან სამხედრო საბრძოლო მასალებს, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აშშ-ის მოკავშირეებს რეგიონში, ასევე, არღვევს გაეროს რეზოლუციებს. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მხარეთა როგორც საერთო, ისე კერძო ინტერესებმა განაპირობა. ორივე მათგანი ლიბერალური მსოფლიო წესრიგის მოწინააღმდეგეა და დასავლეთისგან მზარდი იზოლაციის პირობებში ცდილობენ მოკავშირეების ძიებას. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ძირითადი ინტერესი უკრაინასთან ომის საწარმოებლად სამხედრო მარაგების შევსება და ცოცხალი ძალის მობილიზებაა, ხოლო ჩრდილოეთ კორეისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რადგან მისი საშუალებით შეამცირებს ჩინეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას. და ასევე, რუსეთი დაჰპირდა სამხედრო დახმარებას ბირთვული პროგრამის გასავითარებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მხარდაჭერით ჩრდ. კორეა უფრო მეტად გააგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს აღმოსავლეთ აზიაში და სანქციების შერბილების სანაცვლოდ ძნელი გახდება მისი დაყოლიება, რომ უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.