ავტორი: თენგიზ ჯანანაშვილი

 

შესავალი

2024 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიგრაციული კრიზისის ახალი მწვავე ფაზით დაიწყო. მიგრაციული ტალღის შესაჩერებლად ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა რადიკალურ ზომებს მიმართა – ტეხასის ეროვნული გვარდია გაიგზავნა საზღვრის დასაცავად, მექსიკის საღვრარზე ბარიკადები აღიმართა.  ამავე დროს, საზღვრის კონტროლის საშუალება შეეზღუდათ სასაზღვრო პოლიციასა და საიმიგრაციო სამსახურს, რომელიც ფედერალურ მთავრობას ემორჩილება. მიგრაციული კრიზისი კონსტიტუციურ კრიზისამდე მივიდა, შტატის ხელისუფლება ფედერალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდა.

პარალელურად, მედიასა და პოლიტიკურ დისკუსიებში სულ უფრო ხშირად ისმის ხმები ტეხასის გამოყოფასთან დაკავშირებით (ე. წ. „ტექსიტი“). კონსტიტუციურ კრიზისსა და სეპარატისტული განწყობების ზრდას ყურადღებით აკვირდება კრემლი. რუსმა დეპუტატმა სერგეი მირონოვმა შტატის დამოუკიდებლობის მოპოვებაში დახმარების გაწევა შესთავაზა. კრემლის პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა სერგეი მარდანმა კი ასეთი რამ განაცხადა: „თუ თქვენი მტერი პრობლემას წააწყდა, უნდა დაეხმაროთ, რომ ეს კატასტროფაში გადაიზარდოს“.

რუსეთს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, კრემლის ძირითადი სამიზნე პოსტსაბჭოთა სივრცის სეპარატისტული რეგიონები იყო: აფხაზეთი, გაგაუზია, დნესტრისპირეთი, დონბასი,  მთიანი ყარაბაღი, „სამხრეთი ოსეთი“, ყირიმი. ბოლო 30 წელში რუსეთმა წარმატებულად შეძლო ამ რეგიონების აჯანყება და შემდგომ ოკუპაციაც. თუმცა ბოლო პერიოდში კრემლის დესტაბილიზაციის არეალი იზრდება, რის მაგალითსაც წარმოადგენს დასავლური სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა.

წინაბდებარე ბლოგის მიზანია გაანალიზდეს, თუ რა კავშირი აქვს მოსკოვს დასავლურ სეპარატისტულ მოძრაობებთან და რატომ უჭერს მხარს კრემლი სეპარატისტულ ძალებს

 

რუსეთი, სეპარატიზმი და „ქაოსის ექსპორტი“

კრემლის მოქმედების ლოგიკის ახსნაში ვლადისლავ სურკოვის სტატია დაგვეხმარება. 2021 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნებულ ტექსტში, „სად დაიკარგა ქაოსი?“, ვ. პუტინის ყოფილმა მრჩეველმა მოკლედ ჩამოაყალიბა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ლოგიკა – ექსპანსია, ტერიტორიული გაფართოება და სხვა ქვეყნებში არეულობის წარმოქმნა, რომლის გარეშე არც ერთ იმპერიას (მათ შორის რუსეთს) არ შეუძლია არსებობა. ამის გარდა, სურკოვი საუბრობს ქაოსის ექსპორტზე. მარტივად რომ ვთქვათ, სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა აძლიერებს იმპერიას და ქმნის საზოგადოებას უფრო კონსოლიდირებულს. სეპარატისტული განწყობების მხარდაჭერა დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი  ფაქტორია.

აღმოსავლეთევროპული ტიპის სეპარატიზმისთვის დამახასიათებელია გეოპოლიტიკური ფაქტორი, ანუ მეორე ქვეყნის ჩარევა ამა თუ იმ ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონში, მისი პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ეს კარგად გამოჩნდა ბალკანეთის ქვეყნების, კვიპროსის, კავკასიის, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითზე. 1990-იან წლებში რუსეთი არ ჩამორჩა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე სეპარატისტულ მოძრაობებს და დახმარება გაუწია მათ აფხაზეთში, დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღსა და „სამხრეთ ოსეთში“; დაიწყო დონბასისა და ყირიმის სეპარატიზმის აღზევება უკრაინაში. თუმცა, იმავე პერიოდში მოსკოვი თავად წააწყდა სეპარატიზმის პრობლემას ჩეჩნეთსა და თათრეთში. ამიტომ კრემლის მოქმედების ინტენსივობა და არეალი შეზღუდული იყო და მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავდა.

2008 და 2014 წლებში რუსეთმა შეძლო „წარმატებების“ მიღწევა საქართველოსა და უკრაინაში. აფხაზეთის, „სამხრეთი ოსეთისა“ და დონბასის ნაწილის ოკუპაციისა და ყირიმის ანექსიის შედეგად, კრემლმა ქვეყნებში დესტაბილიზაცია შექმნა და მათი ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. 2014 წლიდან რუსეთის სამიზნე დასავლური სეპარატისტული მოძრაობები გახდა. კერძოდ, ტეხასი, კალიფორნია (აშშ), კატალონია (ესპანეთი), შოტლანდია (გაერთიანებული სამეფო).

 

„რუსეთის ანტიგლობალური მოძრაობა“

რუსული ორგანიზაცია, რომელიც ევროპულ და ამერიკულ სეპარატისტულ მოძრაობებთან აქტიურად თანამშრომლობს, „რუსეთის ანტიგლობალური მოძრაობაა“. ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოების სრულ სუვერენიტეტს უჭერს მხარს. მოძრაობა თანამშრომლობს ერებსა და სახელმწიფოებთან, რომლებიც ებრძვიან ერთპოლარულ დიქტატს. მას აქვს კავშირი 32 ქვეყნის ორგანიზაციებთან, მათ შორის არიან: ამერიკა, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და ა. შ., თუმცა მოძრაობას უფრო მჭიდრო კავშირი აქვს ავტორიტარულ და ტოტალიტარულ ქვეყნებთან, როგორებიცაა: სირია, ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთი, ირანი, პალესტინა და სხვა.

2015 წლის 20 სექტემბერს „რუსეთის ანტიგლობალური მოძრაობის“ ორგანიზებით მოსკოვში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ერების დიალოგი“. მასში მონაწილეობას იღებდნენ რუსი დეპუტატები, უცხოური პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო რეგიონებისა და ერების დამოუკიდებლობას: სეპარატისტული მოძრაობა „ნოვოროსია“, საერთაშორისო მოძრაობა „უხურუ“, „ტეხასის ეროვნული მოძრაობა“, ირლანდიური რესპუბლიკური სოციალისტური პარტია, რესპუბლიკური პარტია „შინ ფეინი“, ევროპული კომუნისტური პარტია „მილენიუმი“ (იტალია), „კატალონიური სოლიდარობა დამოუკიდებლობისთვის“, დელეგატები „დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან“ და სხვ. მოძრაობის ოფიციალური გვერდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში არსებობენ მცირე ერები, რომლებსაც პოლიტიკური დამოუკიდებლობის ისტორიული გამოცდილება აქვთ და  მათი სუვერენიტეტი დღეს კვლავ აქტუალურია: ტეხასი, პუერტო-რიკო, ჰავაის კუნძულები, კატალონია, შოტლანდია, ირლანდია, ვენეცია, დასავლეთი საჰარა და სხვ.

ერთი წლის შემდეგ იმავე სახელწოდების კონფერენცია კვლავ მოსკოვში ჩატარდა, მას კვლავ ესწრებოდნენ სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები. ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია თვითგამორკვევის, როგორც ნებისმიერი ერის განუყოფელი უფლება.

 

ტეხასი და კალიფორნია

ტეხასსა და კალიფორნიაში სეპარატისტული განწყობები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.  2018 წლის ამერიკის სენატის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დეზინფორმაციის მთავარი თემა ტეხასის გამოყოფა იყო. დეზინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო სოციალური ქსელებში შექმნილი პროპაგანდისტული არხები “Heart of Texas” (Facebook) და @rebeltexas (Instagram) იყო. პირველმა Facebook-ში 100 ათასზე მეტი გამომწერი შეაგროვა. New Knowledge ანგარიშის მიხედვით, ორივე „ექაუნთი“  შტატის გამოყოფის რეკლამას ეწეოდა, მაშინაც გაჩნდა ჰეშთეგი „#Texit“, რომელიც ბრიტანული Brexit-ის ანალოგს წარმოადგენდა და შტატების გაერთიანებიდან სეცესიას გულისხმობდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს კრემლის მიზანი არ გამართლდა და სეპარატიზმის იდეას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ეს იყო სეპარატისტული ქაოსის ექსპორტის ერთ-ერთი პირველი მცდელობა დასავლეთ სამყაროში, რომელმაც საგრძნობი კვალი დატოვა. 2024 წელს გამოყოფის იდეამ კვლავ იჩინა თავი სასაზღვრო და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე. დღეს ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც შტატის დამოუკიდებლობას ქადაგებს, 2005 წელს დაარსებული „ტეხასის ეროვნული მოძრაობა“ (TNT) (როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ, მას აქვს ურთიერთობა რუსეთის ანტიგლობალურ მოძრაობასთან). ორგანიზაციის ლიდერი დ. მილერი არ ჩამორჩა შტატში მიმდინარე მოვლენებს და ტეხასის გამოყოფის შესახებ განაცხადა. თებერვალში მილერი მომხრეებთან ერთად გუბერნატორის ოფისს ეწვია და 170 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის იდეას რესპუბლიკელებთან ერთად ათობით ათასი დემოკრატიც ემხრობა. მიგრაციული და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე ტეხასის ეროვნული მოძრაობის საქმიანობა გააქტიურდა, თუმცა ამჟამად მას მაინც არ ჰყავს დიდი რაოდენობით მიმდევარი.

კალიფორნიის გამოყოფის მთავარი ფიგურა ყოფილი რესპუბლიკელი და ამჟამად რადიკალი ლიბერალი ლუის მარინელია, რომელმაც სეპარატისტული ორგანიზაცია „დიახ, კალიფორნია“ („Yes, California“) დააფუძნა. ფედერალური გამოძიების თანახმად, დასავლეთი შტატის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ აქტივისტს მოსკოვი კურირებდა და ფინანსურადაც ეხმარებოდა. ლ. მარინელი გარკვეული დროის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, მჭიდრო კავშირები ჰქონდა „რუსეთის ანტიგლობალური მოძრაობის“ ლიდერთან ალექსანდრ იონოვთან, მონაწილეობდა ორგანიზაციის კონფერენციებში, რომლებსაც რუსეთის მთავრობა აფინანსებდა.  შტატში დესტაბილიზაციის შესაქმნელად იონოვი მოუწოდებდა მარინდელს შტურმით აეღო გუბერნატორის ადმინისტრაცია, თუმცა აქცია უშედეგო აღმოჩნდა. იონოვმა  კალიფორნიელ სეპარატისტთან ერთად მოსკოვში შტატის საელჩოს გახსნაც შესთავაზა, რაზეც მარინელმა უარი არ თქვა. 2017 წელს „კალიფორნიის საელჩოში“ მათ კონფერენციაც გამართეს, რომელსაც სხვა ანტიგლობალური და სეპარატისტული ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

2021 წლის ივნისში ჩატარებული Bright Line Watch-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკის მოსახლეობის 37% მხარს უჭერს გამოყოფას (სეცესიას). რესპუბლიკელებს შორის სეპარატისტული განწყობები ყველაზე ძლიერია სამხრეთ შტატებში და მთიან რეგიონებში, ხოლო დემოკრატებში – ქვეყნის დასავლეთ სანაპიროსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ტეხასში სეპარატისტული განწყობები 44%-ს აღწევს, ხოლო კალიფორნიაში – 39%-ს. გასათვალისწინებელია ამ ორი შტატის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ამერიკისთვის. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ კრემლის სამიზნე ზუსტად ეს ორი შტატი გახდა.

 

შოტლანდია და კატალონია

ტეხასისა და კალიფორნიისგან განსხვავებით, შოტლანდიურ და კატალონიურ სეპარატიზმს ორგანიზებული სახე აქვს, გამოყოფის იდეის მომხრეებს აქვთ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში. კრემლი ყურადღებით აკვირდებოდა ამ ორი რეგიონის ბოლოდროინდელ მოვლენებს, რადგან დღეს შოტლანდიისა და კატალონიის გამოყოფის საფრთხე ყველაზე მაღალია.

2020 წლის ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს რუსეთი ზეგავლენას ახდენდა შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებზე და თანამშრომლობდა სეპარატისტულ შოტლანდიის ეროვნულ პარტიასთან.  საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შოტლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექს სალმონდი რუსეთის პროპაგანდისტულ Russia Today-ზე თავისი საავტორო ტოკ-შოუ გახსნა, რომელშიც დიდი ბრიტანეთიდან რეგიონის გამოყოფის ნარატივებს ავითარებდა.

მოსკოვის ყველაზე დიდი კვალი კატალონიაში აღმოჩნდა. კატალონიის პრეზიდენტი კარლოს პუჩდემონის მრჩეველ ხოსე ლუის ალაის 2019 წლის გაზაფხულზე მოსკოვში საიდუმლო ვიზიტი ჰქონდა. ვიზიტის მიზანი კრემლის მხრიდან კატალონიის დამოუკიდებლობაში მხარდაჭერის მოპოვება იყო. მოსკოვში ალაი შეხვდა რუს ჩინოვნიკებსა და ბიზნესმენებს.

კატალონიელ სეპარატისტების რუსეთთან კავშირების გამოძიება დღემდე გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარში სასამართლომ აღნიშნული საქმე 6 თვით გააგრძელა, იმის მერე, რაც მოიპოვა ფაქტი, რომ კრემლი სეპარატისტებს 500 მლნ დოლარს ჰპირდებოდა ესპანეთიდან გასვლის შემთხვევაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 რეფერენდუმის დაწყებამდე პუჩდემონი რუს დიპლომატს ნიკოლაი სადოვნიკოვს შეხვდა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი სეპარატისტების ლიდერს სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას შეჰპირდა.  აღსანიშნავია ისიც, რომ იონოვის ანტიგლობალურმა მოძრაობამ ღიად მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას.

 

დასკვნა

სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა და დესტაბილიზაციისკენ წაქეზება კრემლის ძველი მეთოდია. მან ეს კარგად გამოცადა პოსტსაბჭოთა სივრცეში, 2014 წლიდან კი ცდილობს „ქაოსის იმპორტირებას“ დასავლეთის ქვეყნებში. ეს არ  ნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული კერები აღარ დარჩა. ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური ხდება ეთნიკური რუსებით დასახლებული ჩრდილოეთ ყაზახეთის გამოყოფის საკითხი. მოსკოვისთვის მთავარია, რომ სეპარატისტული კერების არეალი არამეგობრულ სახელმწიფოებში გაიზარდოს.

რუსეთის მთავარი სამიზნე დასავლეთში ისეთი სეპარატისტული რეგიონებია, რომლებსაც პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვთ, და დიდი ფართობით გამოირჩევიან. ამიტომაც ექცევა დიდი ყურადღება ტეხასსა და კალიფორნიას ამერიკაში, კატალონიას ესპანეთში და შოტლანდიას გაერთიანებულ სამეფოში, და არა – ჰავაის კუნძულებს, პუერტო-რიკოს, ბასკეთს, ჩრდილოეთ ირლანდიას, სიცილიას, რომლებშიც სეპარატისტული განწყობები არანაკლებ ძლიერია.

აშშ-ის შემთხვევაში სეპარატიზმი ძირითადად მარგინალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობებიდან მოდის და არ აქვს ფართო ხასიათი. მიუხედავად ამისა, კალიფორნიასა და ტეხასში სეპარატისტული განწყობები მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტისთვისაა დამახასიათებელი, როგორც დემოკრატებისთვის, ისე რესპუბლიკელებისთვის. კატალონიის და შოტლანდიის სეპარატიზმი უფრო ორგანიზებულია, ორივე რეგიონიდან წარმოდგენილი არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გამოყოფის იდეას ავითარებენ, მათ ჰყავთ წარმომადგენლები ქვეყნის პარლამენტში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო წლებში გააძლიერა თავისი გავლენა დასავლეთ სამყაროში, აღნიშნულმა სეპარატისტულმა პარტიებმა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, განსაკუთრებით, კატალონიაში.

მთავარი დასკვნა, რომელიც უნდა გამოვიტანოთ აღნიშნული „ქეისებიდან“ არის ის, რომ რუსეთი თანამშრომლობს ყველა პოლიტიკური სპექტრის ძალებთან: ულტრამემარჯვენეებსა და ულტრამემარცხენეებთან, ლიბერალებსა და კონსერვატორებთან, სოციალისტებსა და ნაციონალისტებთან. მთავარია, ესა თუ ის პარტია, მოძრაობა თუ არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს არასისტემური და ქმნიდეს რუსეთის მოწინააღმდეგე სახელმწიფოში დესტაბილიზაციასა და ქაოსს. სეპარატიზმი ქაოსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორმაა. სეპარატიზმი საფრთხეს უქმნის არა მარტო დასავლური სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს, არამედ საერთაშორისო სისტემის ბალანსსაც.