ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

2019 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციის „საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საბჭოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, სახელწოდებით „მრავალმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის ახლებური აღქმა და მისი განმტკიცების გზები“. დოკუმენტი შემუშავდა რუსეთის არასამთავრობო და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების ექსპერტთა მიერ, ე.წ. სიტუაციური ანალიზის მეთოდით. მეთოდი მოიცავს სხვადასხვა ეტაპს, მათ შორის, არსებული ინფორმაციის ანალიზს, სიტუაციის ანალიზს, მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების დამუშავებასა და ვითარების შეფასებას, რის საფუძველზეც ექსპერტები სათანადო დასკვნებს აკეთებენ და მათ ერთიანი დოკუმენტის სახეს აძლევენ.

„მრავალმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის ახლებურ აღქმასა და მისი განმტკიცების გზებში“ საუბარია, თუ რა გავლენას ახდენს ბირთვული და სტრატეგიული დანიშნულების მქონე ულტრათანამედროვე შეიარაღება მსოფლიო წესრიგზე, საერთაშორისო პოლიტიკის დინამიკაზე,  დიდი ქვეყნების ქცევასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.    

ჩვენ ამ დოკუმენტიდან ამოვკრიბეთ მხოლოდ ის შეფასებები, რომლებიც ასახავენ რუსეთის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას აქვთ ბირთვული არსენალი და სტრატეგიული დანიშნულების ულტრათანამედროვე სისტემები. ამ შეფასებების საფუძველზე გამოვიტანეთ დასკვნები რუსეთის მიერ თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ხედვის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების თაობაზე.

 

რუსეთის ფედერაციის წინაშე არსებული საფრთხეები „მრავალმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის ახლებური აღქმისა და მისი განმტკიცების გზების“ მიხედვით

  • ამ მომენტისთვის ბირთვული იარაღის გავრცელების უკვე არსებული მასშტაბი შეუქცევადად უნდა ჩაითვალოს. ამავე დროს, უშედეგო იქნება სტრატეგიული ბირთვული ძალების შემდგომი შემცირების თაობაზე შეთანხმების მიღწევის მცდელობა აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის, რადგან სხვა ბირთვული ქვეყნებისა და არაბირთვული სტრატეგიული შეიარაღების არსებობა სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს მოსკოვისა და ვაშინგტონის სამხედრო პოლიტიკასა და ბირთვულ დოქტრინაზე;
  • ბირთვულ იარაღს კვლავაც აქვს შემაკავებელი ეფექტი, რადგან ახდენს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ომის გაჩაღების ერთგვარ პრევენციას. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული სტაბილურობა შესუსტებულია. ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია არაბირთვული კონფლიქტის შესაძლო წარმოქმნით, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ ომში;
  • წამყვან სახელმწიფოებს შორის არსებული საკმაოდ მაღალი დონის დაპირისპირება, არასამხედრო ხასიათის დამაზიანებელი ქმედებები და მკვეთრად იდეოლოგიზებული  მტრული რიტორიკა ქმნის ფონს ნებისმიერი კონფლიქტის ესკალაციისთვის ძალზე სახიფათო ფორმით;
  • სტრატეგიული სტაბილურობა ასევე შესუსტებულია კონფრონტაციის გაზრდით აშშ-სა და ჩინეთს და აშშ-სა და რუსეთს შორის;
  • დასავლეთი ეძებს საგარეო მტერს. თავიდან ასეთად რუსეთი მიიჩნეოდა, ახლა კი – უფრო მეტად ჩინეთი. აშშ ატარებს კონფრონტაციულ პოლიტიკას რუსეთისა და ჩინეთის მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს დასავლეთის 500-წლიანი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა, არ ემორჩილებიან აშშ-სთვის ხელსაყრელ მსოფლიო წესრიგს და არ აღიარებენ მას ლიდერად;
  • აშშ-ის კონფრონტაციული პოლიტიკის მიზანი არა რუსეთთან და ჩინეთთან გარიგებაა, არამედ ის, რომ მათ უარი თქვან საკუთარ შიდა და საგარეო პოლიტიკის მოდელებზე, ტრანსფორმირდნენ აშშ-ის ღირებულების შესაბამისად და აღიარონ იგი ლიდერად. კონფრონტაციის სავარაუდო ხანგრძლივობა რუსეთთან 6-10 წელია, ხოლო ჩინეთთან – 15-20 წელი;
  • აშშ-ის კონფრონტაციული პოლიტიკის სამხედრო ასპექტები რუსეთთან მიმართებაში აგებულია არაკონტროლირებადი გამალებული შეიარაღების ილუზიის შექმნით რუსეთის დაშინებაზე, რომელშიც გამარჯვება რუსეთს არ შეუძლია მცირე ეკონომიკური პოტენციალის გამო. გათვლა გაკეთებულია იმაზე, რომ რუსეთი ჩაერთვება ახალ გამალებულ შეიარაღებაში ან უბრალოდ შეეშინდება ამის გაკეთება და წავა დათმობებზე, რათა აშშ დააბრუნოს მოლაპარაკებების მაგიდასთან;
  • აშშ ომის წამოწყებასთან შედარებით, რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით უპირატესობას ანიჭებს ზეწოლის ისეთი მექანიზმებს, როგორიცაა სანქციები, სავაჭრო ომი, საინფორმაციო ომი, პოლიტიკურ-დიპლომატიური და ვირტუალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლა და გამალებული შეიარაღებით მუქარა;
  • აშშ უპირატესობას ანიჭებს  „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკას, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ მოწინააღმდეგე თავად იტყვის უარს კონფრონტაციულ პოლიტიკაზე ან ტრანსფორმირდება;
  • აშშ-სთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის აშშ-ის მხრიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე აშშ-ის განზრახვა განავითაროს მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი და განათავსოს იგი სტრატეგიულ გადამტანებზე;
  • ამავე საფრთხეს ქმნის ტაქტიკური ბირთვული იარაღის არაბირთვული კონფლიქტის დროს გამოყენების საკითხის განხილვა აშშ-ის მხრიდან და რუსეთის (ისევე, როგორც ჩინეთის) წინააღმდეგ წინმსწრები დარტყმების განხორციელების დოქტრინის ოფიციალურად გამოცხადება;      
  • იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ისეთი სტრატეგიული სისტემები, რომელიც რუსეთმა 2018 წელს წარმოადგინა, ყოველთვის ექნებათ მაღალი მოტივაცია, გათვალონ მოვლენათა ყველაზე უარესი განვითარების სცენარზე და იფიქრონ, რომ რუსეთს ჰყავს ისეთი სამხედრო ძალა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს გაიმარჯვოს სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის, ბირთვულ ომში ისე, რომ თავად არ ჰქონდეს განსაკუთრებული დანაკარგები;       
  • რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის დაპირისპირებაში გადაზრდის ალბათობა ძალზე მცირეა თვალსაწიერ მომავალში, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ჩინეთი სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით აგრძელებს გაძლიერებას. თუმცა, თუ ჩინეთი გადაწყვეტს ისეთი სტრატეგიული დანიშნულების ძალების შექმნას, რომლითაც აშშ-ისა და რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ძალებს გაუტოლდება, მაშინ გაძლიერდება რუსეთსა და ჩინეთს შორის უკვე არსებული დისბალანსი, მათი მთლიანი  ძალის თვალსაზრისით, რამაც შესაძლოა კრემლში გარკვეული შიში გამოიწვიოს;
  • ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, უახლოეს 10-15 წელიწადში ჩინეთმა შესაძლოა თავისი სტრატეგიული ბირთვული ძალები რუსეთისა და აშშ-ის დონეზე აიყვანოს;
  • უკვე არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს შეუძლიათ სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებული ზიანის მიყენება, ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ბლოკირებით, როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ტრანსპორტი, მედიცინა, ასევე, კომუნიკაციებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზებითა და ტექნოგენური კატასტროფების გამოწვევით, რაც თავისი დამანგრეველი მასშტაბით ბირთვულ აფეთქებას უტოლდება.

რუსეთის ფედერაციის წინაშე არსებული შესაძლებლობები „მრავალმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის ახლებური აღქმისა და მისი განმტკიცების გზების“ მიხედვით

  • დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ბირთვული ორპოლუსიანობის გაქრობისა და ჩვეულებრივი შეიარაღებისთვის სტრატეგიული იარაღის მახასიათებლების შეძენის გამო გაიზარდა ბირთვული ომისა და არაკონტროლირებადი გამალებული შეიარაღების რისკები. პირიქით, ამან შესაძლოა გააძლიეროს აშშ-ის შეკავების ფაქტორი და შეაჩეროს მისი მხრიდან 1990-იან და 2000-იანი წლების მსგავსი დამანგრეველი პოლიტიკის გატარება;        
  • აშშ-ის ზოგიერთ გადაწყვეტილებას რუსეთი საკუთარი ინტერესების ჭრილში განიხილავს. კერძოდ, საუბარია ბირთვული იარაღის არმქონე იუგოსლავიაზე, ერაყსა და ლიბიაზე თავდასხმაზე და ბირთვული იარაღის მქონე კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებისგან თავშეკავებაზე. ასევე, აშშ-ის მიერ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოსვლაზე;
  • ზოგიერთ მოკავშირეს შეუმცირდა აშშ-ის ბირთვული გარანტიებისადმი ნდობა;
  • დასავლეთის ქვეყნების ტრადიციულმა ელიტებმა პოლიტიკური მარცხი განიცადეს, დაკარგეს ძალაუფლების ფორმირებაზე კონტროლი. მათ მხარს აღარ უჭერს საკუთარი ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, მთლიანობაში დასავლეთი კარგავს საკუთარ გავლენას;
  • დასავლეთის პრაქტიკულად ყველა წამყვან ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ბრძოლის გამწვავების გამო ადგილობრივი ელიტები ხშირად შიდა დაპირისპირებაზე არიან კონცენტრირებული და  სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევენ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას;
  • მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, დემოკრატიულ ქვეყნებში, დაიწია ინტელექტისა და მორალის დონემ. ხელისუფლებაში მოვიდა ე.წ. „ტელევიზიის თაობა“, რომლებიც უმეტესად „ახალ ამბებზე“ დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს და ამავდროულად, თავად ძალიან დიდ დროს უთმობს „ახალი ამბების“ შექმნაზე ზრუნვას. მათ არ აქვთ არათუ სტრატეგიული, არამედ ოპერატიული აზროვნების უნარიც. ამასთან, ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება ე.წ. „Smart Phone“-ების თაობა, რომელსაც ზემოხსენებული ნაკლოვანებები კიდევ უფრო მეტად ახასიათებს;         
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ურთიერთნდობაზე აგებული სამხედრო-სტრატეგიული დიალოგის განმტკიცებას რუსეთსა და ჩინეთს შორის, რაც მიზნად ისახავს რუსეთსა და ჩინეთს შორის ნდობის განმტკიცებასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გამალებული შეიარაღების თავიდან აცილებას;  
  • უნდა განმტკიცდეს ჩინეთთან ოპერატიული კომუნიკაციის არხები, კრიზისებისა და მესამე ქვეყნებთან სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ურთიერთინფორმირებისა და კოორდინირებული მოქმედების მიზნით; 
  • რუსეთი და ჩინეთი ერთად უკვე საკმაოდ ეფექტიანად ახერხებენ აშშ-ის შეკავებას სამხედრო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ დონეზე;
  • სამხედრო სტრატეგიული ვითარების უმთავრეს დადებით ფაქტორს წარმოადგენს რუსეთის მიერ ულტრათანამედროვე სტრატეგიული სისტემების შეიარაღებაში მიღება. მათ შორის, პირველ რიგში, საუბარია გრძელრადიუსიან ზებგერით ფრთოსან რაკეტებზე, ზებგერით სარაკეტო დამგეგმავ კომპლექსებზე და წყალქვეშა უპილოტო საფრენ აპარატებზე ბირთვული აღჭურვილობით, რომელიც უზრუნველყოფს პოტენციური მოწინააღმდეგის გარანტირებულ განადგურებას საპასუხო და საპასუხო-შემხვედრი დარტყმით;     
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოსკოვის ხისტმა ქმედებებმა შეაჩერა დასავლეთის ექსპანსია. უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება თუ მთლიანად არ მოხსნილა დღის წესრიგიდან, სულ მცირე, დიდი ხნით გადავადდა; 
  • ახალი მრავალმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბირთვულ სახელმწიფოებს, უმთავრესად კი, რუსეთ-აშშ-ჩინეთს შორის  ამჟამად არსებული მწვავე კონფრონტაციის გადალახვა და ახალი დონის პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება;

დასკვნა

2019 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციის „საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საბჭოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი – „მრავალმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის ახლებური აღქმა და მისი განმტკიცების გზები“ არ უნდა განვიხილოთ, როგორც საექსპერტო დასკვნა. იგი დიდწილად ასახავს ოფიციალური მოსკოვის ხედვებს, მით უმეტეს, რომ მის შემუშავებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდენ;

ამ დოკუმენტს, ისევე, როგორც რუსეთის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მსგავს დოკუმენტებს, პროპაგანდისტული მიზნები აქვს, რომლებიც შესაძლოა შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

  1. დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა კი, აშშ-ის დისკრედიტაცია საერთაშორისო ასპარეზზე;
  2. რუსეთის კონსტრუქციული როლის ხაზგასმა;
  3. რუსეთის მზარდ სიძლიერესა და ამ პროცესის შეუქცევადობაზე ფოკუსირება. 

დოკუმენტში გაკეთებული არსებითი შეფასებებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას შემდეგი ასპექტები იქცევენ:

  1. მოსკოვი აბსოლუტურად გამართლებულად მიიჩნევს ბოლო პერიოდში მის მიერ გატარებულ ხისტ პოლიტიკას, რისი შედეგიც, მათ შორის, არის საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია. შესაბამისად, იგი მომავალშიც გააგრძელებს ასეთი პოლიტიკის გატარებას;
  2. რუსეთისთვის საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ინტერესების განხორციელების ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს დასვლეთის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე არსებული განსხვავებული პოზიციები. შესაბამისად, მის დღის წესრიგში კვლავ დარჩება ამ ქვეყნებს შორის კონკრეტულ საკითხებზე წინააღმდეგობის გაღრმავება;
  3. რუსეთი საკუთარი სიძლიერისა და გავლენის განმაპირობებელ  უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილავს ბირთვულ და ულტრათანამედროვე შეიარაღებას. ეს, მოსკოვის ხედვით, წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას, რომ მის აგრესიულ პოლიტიკაზე დასავლეთს ადეკვატური პასუხი ვერ ექნება;
  4. მოსკოვი ჩინეთთან პარტნიორობას აშშ-ის წინააღმდეგ ერთიანი ძალისხმევით მოქმედების ეფექტიან გზად მიიჩნევს. ამ ფონზე, მოსკოვი ერიდება, თუნდაც საექსპერტო დონეზე, ჩინეთის მხრიდან მის წინააღმდეგ არსებულ პოტენციურ საფრთხეებზე მკაფიო საუბარს. თუმცა, იმავდროულად კარგად აცნობიერებს რომ პერსპექტივაში ეს მოსალოდნელია.