ავტორი: დავით ბატაშვილი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 13-19 იანვრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, უკრაინაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 4 და დაიჭრა 12 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ფრონტზე სროლა ყოველდღიურად მიმდინარეობდა. ომი სირიაში – რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებს მასიურ საჰაერო იერიშებს სირიაში, სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. 13-19 იანვრის კვირაში, რუსეთის საჰაერო ძალების წარმოებული დაბომბვების მიზანს წარმოადგენდა ასადის რეჟიმის სამხედრო ძალების სახმელეთო შეტევის მხარდაჭერა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რუსებმა ასევე ინტენსიურად დაბომბეს ქალაქ ალეპოს დასავლეთით არსებული ტერიტორია. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რუსული მედიის ცნობით, ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის ინციდენტი მოხდა. მედიის ინფორმაციით, 18 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა უფლება არ მისცეს რუს სამხედროებს იმავე არეალში არსებულ ნავთობსაქაჩ სადგურისკენ გადაადგილებულიყვნენ. რუსი დაქირავებული მებრძოლები ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. წყარო: Twitter, syria.liveuamap.com–დან
გადაიარაღება და მოდერნიზაცია გასულ კვირას გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი, T-14 „არმატა“ ტიპის ტანკებისა და T-15 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება გადაიდო. აღნიშნული ტიპის ჯავშანტექნიკის პირველი პარტიის მიწოდება დაგეგმილი იყო „2019 წლის ბოლოს-2020 წლის დასაწყისში“. რუსულმა ვებ-საიტმა bmpd.livejournal.com შეაჯამა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის 2019 წელს მიწოდებული ახალი საფრენი აპარატების რაოდენობა. ვებ-საიტის ცნობით, გასულ წელს, რუსეთის საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში მიიღო: რვა Su-34 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი; ათი Su-35S ტიპის გამანადგურებელი; ორი ექსპერიმენტული MiG-35 ტიპის გამანადგურებელი და სამი Il-76MD-90A ტიპის სტრატეგიული სატვირთო თვითმფრინავი. ექსპერიმენტული MiG-35UB ტიპის გამანადგურებელი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 2019 წელს მიეწოდა. წყარო: Vyacheslav Grushnikov/russianplanes.net, bmpd.livejournal.com–დან. მე-40 საზღვაო ქვეითთა ბრიგადამ (პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი, კამჩატკის მხარე) შეიარაღებაში მიიღო BMP-2M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები. S-350 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის პირველი სისტემის მიწოდება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, რომელზეც ამ დაიჯესტის მე-20 გამოცემაში ვწერდით, გეგმის თანახმად, მოხდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი დანაყოფისთვის, რომელიც განლაგებულია ლენინგრადის ოლქში. რუსეთის მე-20 არმია, რომელიც შეიქმნა 2015 წელს და რომლის დანაყოფებიც განლაგებულია უკრაინის საზღვართან, ასრულებს გადაიარაღებას „Ratnik” ტიპის სამხედროების ინდ. ეკიპირების კომპლექტებით.
სწავლებები* რუსეთის პირველი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-2 მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა კალინინეცში, მოსკოვის ოლქი) სამხედროებმა, 13 იანვარს, დაიწყეს არაგეგმიური სწავლება, რომელშიც ჩართულია 4 500-ზე მეტი სამხედრო. მე-7 სამხედრო ბაზის (რუსული მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი, განთავსებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში) საჰაერო-მობილურმა ჯგუფებმა განახორციელეს საჰაერო-სადესანტო სწავლება. შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა სიმფეროპოლში, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) 500-ზე მეტმა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო არაგეგმიურ სწავლებაში.
შეიარაღების ექსპორტი რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია „როსტექმა“ აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოს, რომლის სახელიც არ სახელდება, ღამის ხედვის მონოკლების „დიდი პარტია“ მიაწოდა.
*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |