ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში – 3-9 თებერვლის კვირაში, რუსეთის საჰაერო ძალები ახორციელებდნენ ყოველდღიურ ინტენსიურ დარტყმებს სირიელი ამბოხებულების კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნული აქტივობა, რუსეთი-ირანი-ასადის კოალიციის მიერ იდლიბის რეგიონზე წარმოებული შეტევითი ოპერაციის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. ამჯერადაც, გავრცელდა ინფორმაცია ხსენებული საჰაერო დარტყმებით, მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის შესახებ. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, 4 თებერვალს, კვლავ მოხდა ინციდენტი, როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა არ მისცეს რუს სამხედროებს გადაადგილების საშუალება.

ამერიკელი სამხედროები ბლოკავენ რუსების გადაადგილებას, 4 თებერვალი. წყარო: Defence Blog

https://syria.liveuamap.com/pics/2020/02/04/21955298_0.jpg

რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგები, ქალაქი ტაფტანაზი, იდლიბის რეგიონი. წყარო:  syria.liveuamap.com

ომი უკრაინაში – უკრაინაში, დონბასის  ფრონტზე, სროლა 3-9 თებერვლის კვირაშიც ყოველდღიურად მიმდინარეობდა. გასულ კვირას, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად ხუთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

აშშ-ს მე-2 ფლოტის სარდლის, ვიცე-ადმირალ ენდრიუ ლუისის განცხადებით, აშშ-ს ფლოტი აღარ განიხილავს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს აშშ-ს სამხედრო გემებისთვის უკონკურენტო სივრცედ, ატლანტის ოკეანეში რუსული წყალქვეშა ნავების გაზრდილი აქტიურობის გამო. „ჩვენს ახალ რეალობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენი მეზღვაურები გავლენ სანაოსნოდ, მათ უნდა ელოდონ კონკურენტულ სივრცეში მოქმედებას, როგორც კი დატოვებენ ნორფოლკს (პორტი აშშ-ში),“ განაცხადა ლუისმა. მან ასევე დაამატა: „ჩვენ ვხედავთ რუსული წყალქვეშა ნავების მზარდ რაოდენობას ატლანტის ოკეანეში და ამ წყალქვეშა ნავებს აქვთ მეტი შესაძლებლობები, ვიდრე ოდესმე, ისინი დავალებაზე იმყოფებიან უფრო ხანგრძლივი პერიოდით, და აქვთ უფრო ლეტალური საბრძოლო სისტემები.“

რუსეთის დაპირებით, იგი გააღრმავებს სამხედრო კოოპერაციას მადუროს რეჟიმთან ვენესუელაში, რათა დაეხმაროს რეჟიმს წინ აღუდგეს ამერიკის ზეწოლას.

Russian Foreign Minister Sergei Lavrov (left) and Venezuelan President Nicolás Maduro in Caracas. Photo: 7 February 2020

ლავროვი და მადურო კარაკასში, 7 თებერვალს. წყარო: BBC

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის მოდერნიზებულმა Tu-160M ტიპის მძიმე სტრატეგიულმა ბომბდამშენმა პირველი საცდელი ფრენა განახორციელა. რუსები აღნიშნული საფრენი აპარატის თავისი საჰაერო ძალებისთვის მიწოდების დაწყებას 2021 წელს აპირებენ.

 

კოსმოსი

ფრანგი გენერლის, საფრანგეთის საჰაერო ძალების შტაბის ყოფილი უფროსისა და ამჟამად ნატოს ძალებში უფროსი სარდლის, ანდრე ლანატას განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის კოსმოსური ობიექტების დასავლურ თანამგზავრებთან ახლო მანძილზე მანევრირება, ნატოს მოკავშირეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

სწავლებები*

„უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“ და „როპუჩა“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „კონდოპოგა“  6 თებერვალს „ჩართულ იქნა ინტენსიურ წვრთნაში ნორვეგიის ზღვის სამხრეთ ნაწილში“. სწავლების ფარგლებში გასროლილ იქნა „კინჟალის“ ტიპის მართვადი რაკეტაც. The Barents Observer-ის ინფორმაციით, „წვრთნა ჩატარდა არქტიკული წრის სამხრეთითა და რამდენიმე, კუნძულზე მდებარე, ნორვეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტის მახლობლად. მათ შორისაა აასტა ჰანშტენი, რომელიც მილსადენების ეროვნულ ქსელში ჩართული უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე ბუნებრივი გაზის ჭაბურღილია.“

58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია) ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის (ბბქდ) დანაყოფების 800 სამხედრო ჩაერთო სტავროპოლის მხარეში გამართულ სწავლებაში. წვრთნაში ბბქდ დანაყოფები წარმოდგენილები იყვნენ რუსეთის ფედერაციის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ჩეჩნეთი, დაღესტანი, ინგუშეთი; ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში სწავლებები ჩაატარეს. მე-4 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი) 1 200-მა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ წვრთნაში. პარალელურად, რეგიონში სწავლება ჩაატარა ცეცხლისმფრქვეველთა დანაყოფმაც. რაც შეეხება აფხაზეთის რეგიონს, მე-7 სამხედრო ბაზის (კიდევ ერთი მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი) 500-მა სამხედრომ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) სატანკო ძალებმა, სწავლება ჩაატარეს მოსკოვის და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში არსებულ პოლიგონებზე.

 

შეიარაღების ექსპორტი

ნიგერიამ  თავის შეიარაღებულ ძალებში რუსული Mi-171E ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენი მიიღო.

https://ic.pics.livejournal.com/bmpd/38024980/7780312/7780312_original.jpg

ნიგერიისთვის მიწოდებული Mi-171E ტიპის შვეულმფრენი. წყარო: bmpd.livejournal.com 


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.