ავტორი: დავით ბატაშვილი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 2-8 მარტის კვირაში, დონბასის ფრონტზე, უკრაინის მსხვერპლი გაიზარდა და რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 27 სამხედრო მოსამსახურე. სროლას, ფრონტის ხაზზე, ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. ომი სირიაში – ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად, რუსეთის საჰაერო ძალებმა განახორციელეს საჰაერო იერიშები მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რუსეთმა სირიაში დამატებითი ძალები გაგზავნა. 5 მარტს რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომლის პირობების თანახმადაც გაიზარდა რუსეთის სამხედრო გავლენის სფერო ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. ომი სირიაში – გაეროს გამოძიების თანახმად, რუსეთმა სირიაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, რაც გამოიხატა მშვიდობიანი მოსახლეობის, სამხედროებისგან განურჩევლად, დაბომბვაში. გამოძიების ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მინიმუმ ორი ინციდენტისას, „რუსეთის საჰაერო ძალებმა არ მიმართეს იერიში უშუალოდ კონკრეტულ სამხედრო ობიექტზე, შედეგად განხორციელდა სამხედრო დანაშაული – მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვა.“ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი, დაბომბილი რუსეთის მიერ. წყარო: Anadolu Agency/Getty Images, The Guardian-დან. რუსეთი აფრიკაში – რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ მოსკოვმა ლიბიიდან გამოიყვანა „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები. ამ მომენტისათვის გაურკვეველია, რამდენად სწორია აღნიშნული ინფორმაცია. ნორვეგიის დასავლეთით, ზღვის თავზე, რუსული სამხედრო საფრენი აპარატების ჯგუფს, რომელიც შედგებოდა თითო-თითო Tu-142MR ტიპისა და Tu-142MK ტიპის საზღვაო სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავსა და MiG-31 ტიპის გამანადგურებლისგან, გზა გადაუჭრეს ნორვეგიულმა F-35 სტელსის ტიპის გამანადგურებლებმა. ასევე, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების Typhoon ტიპის გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს რუსული თვითმფრინავების ჯგუფს, შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან. ბრიტანული Typhoon-ი და რუსული Tu-142. წყარო: RAF/PA, The Guardian-იდან. რუსული Tu-142 და MiG-31. წყარო: ნორვეგიის სამეფო საჰაერო ძალები, Defence Blog-იდან.
წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ ვინოგრადოვი“ ამჟამად, ექსპედიციის ფარგლებში, ინდოეთის ოკეანეში იმყოფება. გაუმჯობესებული „იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემმა „მარშალ გელოვანმა“, დატოვა წყნარი ოკეანის ფლოტის ბაზა ვლადივოსტოკში და გაემართა ექსპედიციაში ანტარქტიდისკენ. როგორც დაიჯესტის 24-ე გამოცემაში ვწერდით, 2020 წლის იანვარში ანტარქტიკაში ჩავიდა ჩრდილოეთის ფლოტის „კრუიუს“ კლასის (პროექტი 22010) სპეციალური სადაზვერვო გემი „იანტარი“.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია რუსული წყაროების ცნობით, Su-57 ტიპის გამანადგურებელი, რომელიც მომავალში რუსეთის საჰაერო ძალებს მიეწოდება, ექნება შესაძლებლობა „მხოლოდ დაახლოებით“ აღმოაჩინოს ამერიკული F-22 და F-35 სტელსის ტიპის თვითმფრინავები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში, დასავლეთის სამხედრო ოლქმა მიიღო ახალი შეიარაღების 200 ერთეული, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ავტომობილსა და 12 ცალ BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს, რომელიც განკუთვნილია 27-ე მექანიზებული ბრიგადისათვის (მოსკოვი და მოსრენტგენი, მოსკოვის ოლქი).
სწავლებები* ცენტრალური სამხედრო ოლქისა და რუსეთის სხვადასხვა ფედერალური სამსახურის მონაწილეობით, ჩატარდა ერთობლივი სწავლება, რომელიც მოიცავდა რუსეთის 29 ადმინისტრაციულ ერთეულს ურალში, ციმბირისა და ვოლგის რეგიონებში. სწავლების ფარგლებში, პრაქტიკაში გამოიცადა რუსეთის ადმინისტრაციული რეგიონების ადამიანური და სატრანსპორტო რესურსის გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის. რუსეთის საოკუპაციო ძალების (მე-7 სამხედრო ბაზა, გუდაუთა, საქართველო) 1000-მდე სამხედრო ჩაბმული იყო წვრთნაში, რომელიც ჩატარდა საქართველოში, კერძოდ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის (გიუმრი, სომხეთის რესპუბლიკა) დაახლოებით 1000 სამხედრო მონაწილეობდა სომხეთის სამხედრო ძალებთან ერთად გამართულ ერთობლივ სწავლებაში.
* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |