ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 6-12 აპრილის კვირაში, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა ორი და დაიჭრა რვა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ფრონტის ხაზზე სროლა ყოველდღიურად წარმოებდა. ომი უკრაინაში – 5 აპრილს, უკრაინულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე, ქალაქ გორლოვკას ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაბა სვიტლოდარსკთან, ჩამოაგდეს რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი (უსა). ჩამოგდებული აპარატი წარმოადგენს Bird Eye 400 ტიპის უპილოტოს (რუსული სახელწოდება „ზასტავა“). ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩამოგდებულ აპარატს აწარმოებს ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა (მდებარეობს ეკატერინბურგში, რუსეთის ფედერაცია) , რომელიც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტექის“ კუთვნილებაა. აღნიშნული შემთხვევით, უკრაინელებს მიეცათ დამატებითი მტკიცებულება უკრაინაში, კერძოდ დონბასში, რუსეთის აქტივობების შესახებ. ჩამოგდებული Bird Eye 400 სადაზვერვო უსა. წყარო: Defence Blog ჩამოგდებულ უსა-ზე არსებული დაფა/მარკა, რომელზეც აღნიშნულია გამომშვები ქარხანა და კონკრეტული აპარატის ქარხნული ნომერი. წყარო: Defence Blog გავრცელებული ცნობით, რუსეთი ქმნის გასამხედროებულ ჯგუფებს „რუსეთ-უკრაინის საზღვართან, უკრაინის რეგიონების – ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების მიმდებარედ.“ აღნიშნული პროცესი აღნიშვნის ღირსია, ვინაიდან რუსეთმა გამოიყენა გასამხედროებული დაჯგუფებები 2014 წელს, ყირიმსა და დონბასში განხორციელებული აგრესიის დაწყებისას. რუსეთი აფრიკაში – ზოგი წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაქირავებული სამხედროების ჯგუფ „ვაგნერის“ წევრებმა 2020 წლის მარტში დატოვეს მოზამბიკი. რუსეთმა „ვაგნერის“ სამხედროები მოზამბიკში, ქვეყნის ჩრდილოეთში არსებულ ჯიჰადისტ ამბოხებულებთან ბრძოლაში, სამთავრობო ძალების დასახმარებლად გაგზავნა. როგორც წინათ დავწერეთ, ასევე არსებობს ინფორმაცია „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლების ლიბიიდანაც გამოყვანის შესახებ, სადაც ისინი ამბოხებულთა ლიდერ ხალიფა ჰაფთარს ეხმარებოდნენ, ტრიპოლიში არსებულ, გაეროს მიერ აღიარებულ, ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია ლიბიიდან ან მოზამბიკიდან „ვაგნერის“ წევრების გაყვანის შესახებ. Air Force Magazine-ის ცნობით, ამერიკულმა F-22 ტიპის გამანადგურებლებმა „8 აპრილს, ალასკასთან ახლოს, გზა გადაუჭრეს ორ რუსულ IL-38 ტიპის საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავს, რაც მორიგი შემთხვევაა, რეგიონში მომხდარ ანალოგიურ ინციდენტებს შორის“. წყნარი ოკეანის ფლოტის გაუმჯობესებული „იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემი „მარშალ გელოვანი“ 9 აპრილს ჩავიდა დიურვილის ზღვაში, აღმოსავლეთ ანტარქტიდაში მდებარე ადელის მიწასთან. როგორც ერთ-ერთ წინა გამოცემაში ვწერდით, 2020 წლის იანვარში ანტარქტიდაში ასევე ჩავიდა ჩრდილოეთის ფლოტის „კრუისის“ კლასის (პროექტი 22010) სპეციალური სადაზვერვო გემი „იანტარი“. წყნარი ოკეანის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტებმა „გრომკი“ და „სოვერშენი“, რომლებიც ცოტა ხნის წინ, ვლადივოსტოკიდან დაიძრნენ გრძელვადიან ექსპედიციაში, გაიარეს ცუსიმის სრუტე იაპონიასა და კორეას შორის და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში შევიდნენ.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ფოტოები – „სოვერშენი“ (ზემოთ) და „გრომკი“ (ქვემოთ), ცუსიმის სრუტის გავლისას. წყარო: bmpd.livejournal.com
სტრუქტურული ცვლილებები მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) მე-20 მექანიზებულ ბრიგადას (ვოლგოგრადი) ამჟამად უკვე გააჩნია უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო დანაყოფი.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია რუსულმა წყაროებმა დაგვიანებით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროექტ 20183 კლასის გემი „აკადემიკ ალეკსანდროვი“ შეუერთდა რუსეთის საზღვაო ძალებს, კერძოდ ჩრდილოეთის ფლოტს. ღონისძიება გაიმართა 2020 წლის მარტის დასაწყისში, სევეროდვინსკის საზღვაო ბაზაზე. მართალია რუსები ამ მცურავ საშუალებას ოფიციალურად აკვალიფიცირებენ, როგორც „ოკეანოგრაფიულ კვლევით ხომალდს“, გლობალური საფრთხეებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი (IGTDS) მას უწოდებს „ჯაშუშ გემს“, „ყინულოვანი კლასისა, რომელსაც შეუძლია არქტიკაში მოქმედება“. 2019 წლის ივნისში, საზღვაო ძალებში ოფიციალურ ჩარიცხვამდე მიმდინარე საზღვაო გამოცდებისას, „აკადემიკ ალეკსანდროვი“ შენიშნეს სევეროდვინსკში, ბორტზე „პოსეიდონის“ ტიპის სტრატეგიული იარაღით, რომელიც წარმოადგენს ავტონომიურ, უპილოტო ბირთვულ წყალქვეშა მცურავ საშუალებას, რომელიც ამჟამად რუსეთში განვითარების პროცესშია. „აკადემიკ ალეკსანდროვი“, ბორტზე „პოსეიდონით“. წყარო: Covert Shores რუსული წყაროები მიუთითებენ, რომ მომავალში, ჩრდილოეთის ფლოტი იქნება მთავარი მიმღები S-350 ტიპის მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემებისა. აღნიშნული სისტემების მიწოდება ჩრდილოეთის ფლოტისთვის, იქნება ერთ-ერთი კომპონენტი ოფიციალური მოსკოვის ძალისხმევისა, გააძლიეროს არქტიკაში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. მე-10 სპეციალური ოპერაციების ძალების ბრიგადამ (მოლკინო, კრასნოდარის მხარე) მიიღო Tigr-M ტიპის ქვეითთა ყველგანმავალი ჯავშანმანქანები. რუსულმა სამხედრო დანაყოფმა, რომლის დასახელებაც უცნობია, მიიღო 2S12A „სანის“ ტიპის მძიმე ნაღმმტყორცნების „დიდი პარტია“.
სწავლებები* ცენტრალური სამხედრო ოლქის 10 000-ზე მეტმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა საჰაერო თავდაცვის სწავლებათა სერიებში, რომლებიც გაიმართა ორენბურგის ოლქში. შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა სიმფეროპოლში, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფებმა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე სწავლება ჩაატარეს. რუსეთის 49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) მე-7 სამხედრო ბაზის (ბრიგადის ზომის დანაყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო) სადაზვერვო, მექანიზებულმა და საინჟინრო დანაყოფებმა წვრთნა გამართეს.
შეიარაღების ექსპორტი რუსეთმა დაიწყო BK-10 ტიპის (პროექტი 02450) ჩქაროსნული საიერიშო ნავების ექსპორტი სუბსაჰარული აფრიკის ერთ-ერთ, ამჟამად უცნობ, ქვეყანაში. BK-10 ტიპის ნავი. წყარო: RIA Novosti, Izvestia-დან.
COVID-19 გავრცელებული ცნობებით, პანდემია, და მის შედეგად შემოღებული თვითიზოლაციის რეჟიმი, უარყოფითად აისახა რუსეთის სამხედრო წარმოებაზე. 10 აპრილს, შავი ზღვის ფლოტის „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატების -„ადმირალ ესენის“ და „ადმირალ მაკაროვის“ – ეკიპაჟებს, ხმელთაშუა ზღვიდან სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე (ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) დაბრუნებისთანავე, კარანტინის რეჟიმი დაუწესეს.
* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.
|