ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – გასულ კვირას, უკრაინაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. დონბასის ფრონტზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. რუსეთი აფრიკაში – გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ყოფილი სირიელი მეამბოხეების ჯგუფი დაიქირავა, ლიბიაში, ამბოხებულთა ლიდერ ხალიფა ჰაფთარის მხარეს საბრძოლველად. არსებული ინფორმაციით, დაქირავებული მებრძოლები 2020 წლის 13 აპრილს გაემგზავრნენ ბაზაზე ქალაქ ჰომსში, საიდანაც იგეგმებოდა მათი გადაყვანა ლიბიაში, „ვაგნერის“ ჯგუფის კონტროლის ქვეშ. რუსეთის მიერ დაქირავებული ყოფილი სირიელი მეამბოხეები. წყარო: Elizabeth Tsurkov 19 აპრილს, ხმელთაშუა ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუსულმა Su-35 ტიპის გამანადგურებელმა გზა გადაუჭრა აშშ-ს საზღვაო ძალების P-8A „პოსეიდონის“ ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს. აღნიშნული ინციდენტი ამერიკელებმა შეაფასეს, როგორც „სახიფათო და არაპროფესიონალური, ვინაიდან Su-35-მა მანევრი შეასრულა მაღალ სიჩქარეზე, რამაც აპარატებს შორის მანძილი შეამცირა 25 ფუტამდე [8 მეტრი], ზუსტად P-8A თვითმფრინავის წინ, რამაც ამ უკანასკნელს შეუქმნა ტურბულენტური პირობები, და მას შეაფრქვია საკუთარი რეაქტიული ძრავის გამონაბოლქვი“. მსგავსი ინციდენტი 15 აპრილსაც მოხდა. ბელგიის საჰაერო ძალების მიერ 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნატოს ბალტიის ცის საპოლიციო მისიას დატვირთული კვირა ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც მოუწიათ ალიანსის საჰაერო სივრცის ერთიანობის დაცვა ბალტიის რეგიონში.“ კერძოდ, ბელგიის F-16 ტიპის გამანადგურებლებმა კვირის განმავლობაში ხუთჯერ განახორციელეს სხვადასხვა ტიპის რუსული საფრენი აპარატების გადაჭერა. რუსულ აპარატებს შორის იყო Su-24, Su-27, Tu-134 და An-26 ტიპის თვითმფრინავები.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია რუსეთის 49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) მე-7 სამხედრო ბაზის (გუდაუთა, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო) ამჟამინდელი T-90A ტიპის ტანკები შეიცვლება T-72B3 ტიპის ტანკებით. აფხაზეთში არსებული T-90A ტანკები გაივლიან მოდერნიზაციას T-90M დონემდე, რის შემდეგაც ეს მოდერნიზებული ტანკები გადანაწილდება დასავლეთის სამხედრო ოლქის დანაყოფებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმით, მე-7 სამხედრო ბაზის T-72B3 ტანკებზე გადაყვანა 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. T-90A ტიპის ტანკები ოკუპირებულ გუდაუთაში, საქართველო, 2009 წელს. წყარო: bmpd.livejournal.com მოსკოვი დასავლეთის სამხედრო ოლქში ახლად წარმოებულ T-90M ტიპის ტანკებსაც აგზავნის. ახალი ტანკების ერთი პარტია უკვე მიიღო 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-2 მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა კალინინეცში, მოსკოვის ოლქი) 1-ლი მექანიზებული პოლკის (კალინინეცი) სატანკო ბატალიონმა. პროექტ 20183 კლასის სპეციალური დანიშნულების გემი „აკადემიკ ალეკსანდროვი“, რომელიც შეუერთდა ჩრდილოეთის ფლოტს 2020 წლის მარტის დასაწყისში, გავრცელებული ინფორმაციით, „აიგო ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველოს ბრძანებით, ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს უშუალოდ რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში მყოფ გასაიდუმლოებულ დანაყოფს.“ რუსეთის არმიამ მიიღო პირველი მოდერნიზებული 2S7M მალკა/პიონი ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.
კოსმოსი გავრცელებული ინფორმაციით, 15 აპრილს, რუსეთმა ჩაატარა “Nudol“ ტიპის ანტი-სატელიტური სარაკეტო სისტემის გამოცდა. რაკეტა გაშვებულ იქნა პლესეცკის კოსმოდრომიდან. „Nudol” წარმოადგენს მობილურ სისტემას, რომელსაც შეუძლია ახლო ორბიტაზე არსებული თანამგზავრების გადაჭერა. 2014-2018 წლებში რუსეთმა უკვე განახორციელა აღნიშნული სისტემის შვიდი ტესტი.
COVID-19 რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში COVID-19-ის ეპიდემიის გამო, გადაიდო 9 მაისის გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმი. ამ გამოცემის წერის მომენტისთვის, უცნობია აღლუმის ახალი თარიღი. ამასთან, რუსეთის არმიამ გადაწყვიტა გადაიყვანოს ორკვირიან კარანტინში ყველა ის სამხედრო, რომელიც აღლუმის მომზადებაში მონაწილეობდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც სამზადისის რამდენიმე მონაწილეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული შეფასებით, აღლუმის რეპეტიციაში მონაწილეობდა დაახლოებით 15 000 სამხედრო. როგორც დაიჯესტის 33-ე გამოცემაში ვწერდით, აღლუმის რეპეტიციისთვის ათასობით რუსი სამხედრო წითელ მოედანზე ერთად იყო მოწყობილი. რუსეთის სამხედრო სასწავლებლების 46 მოსწავლესა და თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. დაინფიცირებულთა რიცხვი მოიცავს 31 შემთხვევას, რომელიც დადასტურდა მოსკოვში არსებულ ნახიმოვის საზღვაო სასწავლებელში, და ასევე 15 შემთხვევას, რომელიც გამოვლინდა ტიუმენის უმაღლეს სამხედრო-საინჟინრო სამეთაურო სკოლაში. ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) არსებული შავი ზღვის ფლოტის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის (ბბქდ) ძალები გაგზავნეს ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოში, ადგილზე COVID-19-თან საბრძოლველად. |