ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – 4-10 მაისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიჭრა 18 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. სროლას ფრონტზე ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

ომი სირიაში – რუსული წყაროების ინფორმაციით, 8 მაისს, აშშ-ს სამხედრო ძალებმა კვლავ დაბლოკეს რუსული სამხედრო კოლონის გადაადგილება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.

რუსეთი აფრიკაში – გაეროს ანგარიშის მიხედვით, რუსული დაჯგუფება „ვაგნერის“ 800-დან 1200-მდე მებრძოლია „განლაგებული ლიბიაში, სადაც აძლიერებენ ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფ სამხედრო ლიდერს, ხალიფა ჰაფთარს.“ ანგარიშის თანახმად, „ვაგნერმა“ „[ლიბიაში] ჩაიყვანა სპეციალური დავალებების შემსრულებელი ძალები, მათ შორის სნაიპერთა ჯგუფები.“

რუსეთი აფრიკაში – სირიაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, ჯიმ ჯეფრის ინფორმაციით, „რუსები მუშაობენ ასადის რეჟიმთან ერთად, მესამე ქვეყნიდან ან სირიიდან  მებრძოლების ლიბიაში გადასასროლად. თანამშროლობა ეხება სამხედრო აღჭურვილობის გადატანასაც.“ როგორც დაიჯესტის 35-ე გამოცემაში ვწერდით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსებმა დაიქირავეს ყოფილი სირიელი მეამბოხეები, ლიბიის ომში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც „როიტერსი“ ვენესუელურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, „გასამხედროებული ჯგუფის წარუმატებელ შეჭრაში მონაწილე პირების სამძებრო ოპერაციის ფარგლებში, რუსი სამხედროები იყენებენ დრონებს ვენესუელას თავზე…“ ამავე წყაროს ცნობით, „რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სულ ცოტა რვა მებრძოლი ახორციელებს უპილოტო საფრენი აპარატებით სამძებრო და საპატრულო ოპერაციებს ლა-გუაირას მახლობლად, კარაკასის ჩრდილოეთით არსებულ ზღვისპირა შტატში.“ ვენესუელის სამხედრო ძალებმა უარყვეს რუსების ჩართულობა.

ბალტიის ფლოტის „ნეუსტრაშიმის“ კლასის (პროექტი 11540 „იასტრებ“) ფრეგატი „იაროსლავ მუდრი“, ინდოეთის ოკეანეში ხანგრძლივი ექსპედიციისა (რომლის ფარგლებშიც, სხვა ამოცანებთან ერთად,  მონაწილეობდა სამმხრივ ჩინურ-რუსულ-ირანულ საზღვაო სწავლებაში) და აფრიკის გარშემო ნაოსნობის შემდგომ, დაუბრუნდა საკუთარ ბაზას ბალტიისკში, კალინინგრადის ოლქში. გაზპრომის კუთვნილი გემი „აკადემის ჩერსკი“, რომელსაც შეუძლია პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დასრულება, ასევე ჩავიდა ბალტიის ზღვაში, რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან მოგზაურობისა და, სუეცის არხის გავლის ნაცვლად, აფრიკის გარშემო ნაოსნობის შემდეგ. როგორც დაიჯესტის 31-ე გამოცემაში ვწერდით, „იაროსლავ მუდრი“ „აკადემიკ ჩერსკის“ ზემოაღნიშნულ ექსპედიციაში ესკორტირებას უწევდა.

ბალტიისკის საზღვაო ბაზაზე დაბრუნებული „იაროსლავ მუდრი“. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

 

 

წყნარი ოკეანის ფლოტის გაუმჯობესებული „იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემი „მარშალ გელოვანი“, ანტარქტიკაში ექსპედიციისა და აღმოსავლეთ ავსტრალიის პორტ თაუნსვილში შესვლის შემდგომ, მაისის დასაწყისში პაპუა-ახალი გვინეის სიახლოვეს ოპერირებდა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

გავრცელებული ცნობით, რუსეთი გეგმავს ჩამოაყალიბოს კიდევ ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი 45-ე საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არმიის (შტაბ-ბინა საფონოვოში, მურმანსკის ოლქი)  მე-3 საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა როგაჩევოში, ახალი მიწა, არხანგელსკის ოლქი) შემადგენლობაში. წყაროს ინფორმაციით, ახალი პოლკის განლაგება იგეგმება არქტიკის ქალაქ დიკსონში, ტაიმირის ნახევარკუნძულზე, კრასნოიარსკის მხარეში.

 

სწავლებები* 

ბარენცის ზღვაში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო გემების ყოფნის პარალელურად, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტმა ამავე არეალში საკუთარი სწავლებები ჩაატარა. მასში ჩართული იყო „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტ“) სარაკეტო კრეისერი „მარშალ უსტინოვი“,  ასევე „გრიშა III” კლასის (პროექტი 1124M) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო კორვეტები „ბრესტი“, „სნეჟნოგორსკი“ და „იუნგა“, ტრალერების ჯგუფი და Il-38 ტიპის საზღვაო-საპატრულო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საბრძოლო თვითმფრინავი.

 

შეიარაღების ექსპორტი

ბელარუსმა რუსეთიდან ხუთი მოდერნიზებული T-72B3 ტიპის ტანკისგან შემდგარი პარტია მიიღო.

“SIRPI-ის“ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეიქმნა და, ასევე, BBC-ის მიერ გამოქვეყნდა გრაფა, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ ექსპორტირებული იარაღის გადანაწილებას მსოფლიოს გარშემო 2014-2019 წლების პერიოდში (ეგვიპტე იგულისხმება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში): 

 

 

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.