ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები რუსეთი აფრიკაში – ლიბიის მთავრობის ინფორმაციით, „ვაგნერის“ 1600-მდე დაქირავებულმა მებრძოლმა უკან დაიხია ჩრდილო-დასავლეთ ლიბიიდან, სადაც რუსების მხარდაჭერილი მეამბოხეთა ლიდერის ხალიფა ჰაფთარის ძალებმა ბოლო პერიოდში არაერთი მარცხი განიცადეს. რუსეთი აფრიკაში – აშშ-ს სამხედრო ძალების განცხადებით, რუსულმა სამხედრო პერსონალმა MiG-29 ტიპის გამანადგურებლები და Su-24 ტიპის მოიერიშეები ლიბიაში გადაიყვანა. საფრენ აპარატებს ესკორტირებას უწევდნენ სხვა რუსული გამანადგურებლები. აშშ-ს აფრიკის სარდლობამ „განაცხადა, რომ მათი შეფასებით, რუსეთმა თვითმფრინავები სირიის გავლით ჩაიყვანა ლიბიაში, რაც ემსახურება რუსი დაქირავებული მებრძოლების მხარდაჭერას, რომლებიც იბრძვიან“ ჰაფთარის ამბოხებულებთან ერთად. სარდლობის მტკიცებით, „აპარატები გადაღებილ იქნა სირიაში, რათა მოეშორებინათ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების სპეციალური ნიშნები.“ რუსული თვითმფრინავები „თავდაპირველად ჩაფრინდნენ ტობრუკში, აღმოსავლეთ ლიბიაში, საიდანაც გადაინაცვლეს ცენტრალურ ლიბიაში, კერძოდ ჯუფრაში.“ ამერიკელების განცხადებით, ამომცნობი ნიშნების არმქონე რუსული საფრენი აპარატების რაოდენობა, რომლებიც ლიბიაში ჩაფრინდნენ, მინიმუმ 14-ია. აფრიკის სარდლობის დაზვერვის დირექტორატის ინფორმაციით, „რუსული თვითმფრინავების საჰაერო მარშრუტი დაიწყო რუსეთში, რის შემდგომაც გაიარეს ირანი და სირია, სანამ ლიბიაში ჩავიდოდნენ.“ აშშ-ს აფრიკის სარდლობის ფოტო, რომელზეც ასახულია ჯუფრას აეროდრომზე გადაყვანილი რუსული თვითმფრინავები რუსეთი აფრიკაში – აშშ-ს აფრიკის სარდლობის დაზვერვის დირექტორატის დირექტორის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, გრეგორი ჰედფილდმა, შეშფოთება გამოთქვა ლიბიაში რუსეთის სამხედრო ჩართულობით გამოწვეულ პოტენციურ გეოსტრატეგიულ შედეგებთან დაკავშირებით. გენერლის თანახმად, „თუ რუსეთი შეინარჩუნებს მუდმივ პოზიციას ლიბიაში და, კიდევ უარესი, ადგილზე განათავსებს შორი მოქმედების სარაკეტო სისტემებს, ეს რადიკალურად შეცვლის სიტუაციას ევროპისთვის, ნატოსა და დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის.“ ომი უკრაინაში – 25-31 მაისის კვირაში, რუსულმა ჰიბრიდულმა ძალებმა, დონბასის ფრონტზე, მოკლეს ერთი და დაჭრეს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო. ფრონტზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. რუსეთის გეგმავს ასადის რეჟიმისგან დამატებითი ობიექტებისა და საზღვაო სივრცის მიღებას, სირიაში საკუთარი ბაზებისთვის. სირიაში, ასადის რეჟიმის განცხადებით, მათ რუსეთისგან MiG-29 ტიპის გამანადგურებლების პარტია მიიღეს. აშშ-ს საზღვაო ძალებმა „სახიფათო და არაპროფესიონალური“ გადაჭერის შესახებ განაცხადა, რომლის დროსაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო სივრცეში, გზა გადაუჭრეს აშშ-ს საზღვაო ძალების P-8A „პოსეიდონის“ ტიპის საზღვაო-საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავს. გზის გადაჭრა 26 მაისს განახორციელა ორმა რუსულმა Su-35 ტიპის გამანადგურებელმა, რაც უკვე „მე-3 ფაქტია გასულ ორ თვეში.“ წინა ინციდენტების შესახებ დაიჯესტის ერთ-ერთ წინა გამოცემაში ვწერდით. რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული გზის გადაჭრის შესახებ – 29 მაისს, რუსულმა Su-27P და Su-30SM ტიპის გამანადგურებლებმა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე, გზა გადაუჭრეს ორ ამერიკულ B-1B ტიპის მძიმე ბომბდამშენს. იმავე დღეს, შავი ზღვის თავზე ანალოგიური შემთხვევა მოხდა, როდესაც რუსულმა Su-30SM ტიპის გამანადგურებლებმა გზა ამჯერად უკვე ბრიტანეთის Sentinel R1 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს გადაუჭრეს.
სტრუქტურული ცვლილებები რუსებმა დამატებით ჩამოაყალიბეს საზღვაო ქვეითთა ბატალიონი კასპიის ფლოტილიის 177-ე საზღვაო ქვეითთა პოლკში (კასპიისკი, დაღესტანი და ასტრახანი, ასტრახანის ოლქი). ახალი ბატალიონის ფორმირება, რომელიც საჰაერო-მოიერიშე ასეულსა და ორ საზღვაო ქვეითთა ასეულს მოიცავს, გეგმის თანახმად 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 177-ე პოლკში ამჟამად უკვე არსებობს ორი საზღვაო ქვეითთა ბატალიონი.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია 28 მაისს, რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტს შეუერთდა „ბორეი-ა“ კლასის (პროექტი 955A) ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი „კნიაზ ვლადიმირი“. რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებმა მიიღო 10 ათასზე მეტი ახალი AK-12 ტიპის საიერიშო შაშხანა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2S12A Sani-ს ტიპის მძიმე ნაღმტყორცნების კიდევ ერთი პარტია მიიღო. 2S12A Sani-ს ტიპის მძიმე ნაღმტყორცნი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მიღებული, ახალი, Koalitsya-SV ტიპის თვითმავალი ქვემეხების პირველი პარტია ცენტრალურ სამხედრო ოლქს მიეწოდა, და რვა დანადგარისგან შედგებოდა. არაოფიციალური წყაროები ვარაუდობენ, რომ ახალი ქვემეხები ჩაირიცხა 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 90-ე სატანკო დივიზიის (შტაბ-ბინა ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი) მე-400 თვითმავალი არტილერიის პოლკში. რუსულ მედიაში წინათ გავრცელებული ცნობები ახალი ქვემეხების დასავლეთის სამხედრო ოლქში გაგზავნის შესახებ, მცდარი აღმოჩნდა.
სწავლებები* ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ძალებმა საზღვაო-სადესანტო სწავლება ჩაატარეს. *ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |