ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი სირიაში – 18 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. აღმოსავლეთ სირიაში რუსი გენერალი, ვიაჩესლავ გლადკიხ, ემსხვერპლა გზისპირა აფეთქებას ქალაქ დეირ ეზ-ზორის სამხრეთ-აღმოსავლეთით. გლადკიხ რუსეთის 36-ე არმიის (შტაბ-ბინა ულან-უდეში, ბურიატეთი) მეთაურის მოადგილე იყო. სირიის ასადის რეჟიმი თანახმაა, მის მიერ კონტროლირებადი სივრციდან „რუსეთს დამატებით გადასცეს ტერიტორია და აკვატორიის ნაწილი, [ხმეიმიმში] მისი სამხედრო-საჰაერო ბაზის გასაფართოებლად“. არქტიკა – რუსეთი, გავრცელებული ინფორმაციით, ზრდის ასაფრენ ბილიკს ნაგურსკოეს საჰაერო ბაზაზე (ალექსანდრეს მიწის კუნძული, არქიპელაგი ფრანც-იოსების მიწა). არსებული ცნობებით, ბილიკის დაგრძელების შედეგად, ბაზა „შეძლებს მარტივად მიიღოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა სახის საფრენი აპარატი.“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი აყალიბებს „თავდაცვის საერთო სივრცეს“ აფხაზეთთან – საქართველოს რეგიონთან, რომელიც ოკუპირებულია რუსული სამხედრო ძალების მიერ. რუსეთმა გაგზავნა საკუთარი სამხედროები სამხედრო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც იმართება ბრესტში, დასავლეთ ბელარუსში. ღონისძიება 23 აგვისტოს გაიხსნა. რუსეთის მხრიდან მასში, სხვებთან ერთად, ჩართულია 45-ე სპეციალური ოპერაციების ძალების ბრიგადა (კუბინკა, მოსკოვის ოლქი), რომელიც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებს ეკუთვნის. დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა გააცილეს 9 რუსული სამხედრო გემი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს მოძრაობდნენ. აღნიშნულ პროცესში, ბრიტანულ გემებს დახმარებას უწევდნენ კანადის, დანიის, გერმანიის, ნორვეგიისა და პორტუგალიის საზღვაო ძალები. რუსულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვის თავზე გადაიჭირეს ნატოს საფრენი აპარატები 17, 19, 20 და 21 აგვისტოს, ხოლო ბალტიის ზღვის თავზე – 17 და 19 აგვისტოს. შავი ზღვის თავზე მომხდარ ინციდენტებში, აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ, ხოლო რუსეთის მხრიდან Su-27 და Su-30SM ტიპის გამანადგურებლები. ბალტიის ზღვის თავზე კი, ამერიკული თვითმფრინავები რუსულმა Su-27SM ტიპის გამანადგურებლებმა გადაიჭირეს. 19 აგვისტოს, იაპონიის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გზა ორ რუსულ Tu-95MS ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენს გადაუჭრეს, იაპონიის ზღვის თავზე.
სტრუქტურული ცვლილებები რუსებს განზრახული აქვთ საბჭოთა დროინდელი თვითმფრინავ-ამფიბიისთვის განკუთვნილი ბაზის აღდგენა საფონოვოში (მურმანსკის ოლქი), ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობის ქვეშ. გეგმა აღნიშნულ ბაზაზე Be-200 ტიპის თვითმფრინავ-ამფიბიების განთავსებას ითვალისწინებს. Be-200-ები წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო და სამძებრო-სამაშველო მოდიფიკაციების იქნება.
სწავლებები* 8000-მდე სამხედრო, ძირითადად 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 90-ე სატანკო დივიზიიდან (შტაბ-ბინა ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი), ჩაერთო სწავლებაში, რომელიც ჩელიაბინსკის ოლქში გაიმართა. რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ოდკბ) წევრი სახელმწიფოების ჩართულობით, გაიმართა ლოგისტიკური და ტექნიკური მხარდამჭერი დანაყოფების სწავლება სხვადასხვა ლოკაციებზე სამხრეთ რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა), აფხაზეთსა და ცხინვალში (საქართველო). წვრთნებში რუსული მხრიდან ჩართული იყო სამხრეთის სამხედრო ოლქის 6000 სამხედრო, მათთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამხედროებმა სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალებიდან. ჩრდილოეთის ფლოტის ძალებმა, რომლებიც არქტიკულ ექსპედიციაში მონაწილეობენ (იხილეთ დაიჯესტის წინა ორი გამოცემა), განახორციელეს სწავლება დუდინკას პორტის არეალში, ტაიმირის ნახევარკუნძულზე. სწავლება დუდინკას სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 1500-მა სამხედრომ, აფხაზეთში (საქართველო) ჩაატარა სწავლება, რომლის მიზანს მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტისგან თავდაცვა წარმოადგენდა. რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს ტარტუსის პორტში, სადაც განთავსებულია რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა.
შეიარაღების ექსპორტი რუსების ცნობით, მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც თურქეთისთვის პოლკის სამყოფი S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მეორე პარტიის მიწოდებას გულისხმობს. *ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |