ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – 6 სექტემბერს, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა ფრონტზე დეტონირებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას.

ომი ლიბიაში – აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში „რუსეთი ლიბიაში დაახლოებით 3000 „ვაგნერის“ დაჯგუფებისა და 2000-მდე სირიელი დაქირავებული მებრძოლის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა“. ამავდროულად, გაეროს ანგარიშის ცნობით, რუსეთმა გააფართოვა „ვაგნერის“ ჯგუფის ლოგისტიკური მხარდაჭერა ლიბიაში, „338 სამხედრო-სატვირთო რეისით, რომელიც განხორციელდა სირიიდან, 31 ივლისამდე 9 თვის განმავლობაში, „ვაგნერის“ მებრძოლების დასახმარებლად“, რომლებიც მხარს უჭერენ ხალიფა ჰაფთარს.

არქტიკა – „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემმა „ალექსანდრ ოტრაკოვსკიმ“ და ტრალერმა „ვლადიმირ გუმანენკომ“ დატოვეს რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის არქტიკული ექსპედიცია და საკუთარი მუდმივი ბაზებისკენ დაიძრნენ. ექსპედიციის დარჩენილი 6 გემი, მათ შორის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკ“ და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „კონდოპოგა“, აგრძელებს მოძრაობას აღმოსავლეთით და ემზადება კარის ზღვიდან ლაპტევების ზღვაში გადასასვლელად, ვილკიცკის სრუტის გავლით.

„ვლადიმირ გუმანენკო“

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა MiG-31BM ტიპის თვითმფრინავებმა გადაიჭირეს ნორვეგიის სამხედრო თვითმფრინავები ბარენცის ზღვის თავზე 134 და 5 სექტემბერს. 3 სექტემბერს, ასევე ბარენცის ზღვის თავზე, MiG-31-მა გადაიჭირა აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები. 4 სექტემბერს, 8 რუსულმა გამანადგურებელმა (4 Su-27 და 4 Su-30 ტიპის) სცადა აშშ-ს სამი ბომბდამშენის გადაჭერა შავი ზღვისა და აზოვის ზღვის თავზე. 31 აგვისტოსბალტიის ზღვის თავზე, განგაშზე აფრინდა 3 რუსული Su-27 ტიპის გამანადგურებელი აშშ-ს 3 ბომბდამშენის გადასაჭერად. ამავე დღეს, ხსენებულმა თვითმფრინავებმა განახორციელეს აშშ-ს, გერმანიის, დანიისა და შვედეთის სადაზვერვო საფრენი აპარატების გადაჭერა. 1 სექტემბერს, Su-27 ტიპის გამანადგურებელმა გერმანიის სამხედრო თვითმფრინავი გადაიჭირა ბალტიის ზღვის თავზე.

აზერბაიჯანი გახდა ინდოეთის შემდეგ მეორე სახელმწიფო, რომელმაც უარი თქვა წლის მთავარ რუსულ სწავლება „კავკაზ-2020-ში“ მონაწილეობის მიღებაზე. სწავლება 2020 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. ოფიციალურ ბაქოს არ დაუსახელებია აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსულ შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა T-72 ტიპის ტანკი მოდერნიზდება T-72B3 მოდელამდე.

 

სწავლებები*

სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, 49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) 4000-მდე სამხედრომ მარშირებით დაფარა დაახლოებით 1000 კილომეტრი, ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი ბაზებიდან ასტრახანის ოლქამდე.

ცენტრალური სამხედრო ოლქის 6000-ზე მეტმა სამხედრომ საარტილერიო დანაყოფებიდან, დაიწყო სწავლებები რუსეთის 4 ადმინისტრაციულ რეგიონში ურალსა და ციმბირში, ასევე ტაჯიკეთში.

წყნარი ოკეანის „უდალოი I“ კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსნებმა „ადმირალ ტრიბუცმა“ და „ადმირალ ვინოგრადოვმა“, რომლებიც 1 აგვისტოდან ინდოეთისა და წყნარი ოკეანების რეგიონში ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფებიან, ბენგალის ყურეში ერთობლივი სწავლება გამართეს, ინდოეთის საზღვაო ძალებთან ერთად.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო), ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად. მასში ჩართული იყო 1500-ზე მეტი რუსი სამხედრო.

რუსები სწავლებაზე აფხაზეთში, საქართველო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყირიმში (უკრაინა) საზღვაო და საჰაერო სწავლებები გამართეს.

1000 რუსმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა სომხეთში გამართულ ერთობლივ, რუსულ-სომხურ სწავლებაში.

წყნარი ოკეანის ფლოტის სადესანტო გემებმა და საზღვაო ქვეითებმა წვრთნა ჩაატარეს არქტიკაში, ჩუკოტკის რეგიონში.

 

კატასტროფები

წყნარი ოკეანის ფლოტის ვლადივოსტოკის საზღვაო ბაზაზე, ძლიერმა ქარმა მცურავი მშრალი დოკის (გემშემკეთებელი მცურავი საშუალება) რამდენიმე გემსა და წყალქვეშა ნავთან შეჯახება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად, რუსული გემებისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხი უცნობია.  

 


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.