ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ტაჯიკეთი აპირებს ჩამოაყალიბოს ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსეთთან ერთად. 23 სექტემბერს, 2 რუსული Su-27 ტიპის გამანადგურებელი განგაშზე აიჭრა ცაში, აშშ-ს ბომბდამშენებისთვის გზის გადასაჭრელად შავი ზღვის თავზე. კიდევ ერთმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა აშშ-ს ბომბდამშენები ბალტიის ზღვის თავზე 25 სექტემბერს გადაიჭირა. 21 სექტემბერს, ორმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა გზა გადაუჭრა ბრიტანეთის თვითმფრინავს ბარენცის ზღვის თავზე. კანადის ცნობით, რუმინეთში განლაგებულმა მისმა ორმა გამანადგურებელმა, რუმინეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს, შავი ზღვის თავზე, გზა რუსულ Su-27 ტიპის გამანადგურებელს გადაუჭრა. არქტიკა – 5 აგვისტოდან არქტიკულ ექსპედიციაში მყოფი ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფი, მათ შორის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“ და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „კონდოპოგა“, 20 სექტემბერს შევიდა ბერინგის ზღვაში და ჩუკოტკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით გააგრძელა მოძრაობა, რის შემდეგაც 26 სექტემბერს დაბრუნდა ჩუკოტკის ზღვაში და გაემართა დასავლეთით.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა პოლკის სამყოფი S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების პარტია. ეს უკვე მესამე პარტიაა, რომელიც სამინისტრომ 2020 წელს მიიღო.
სწავლებები* რუსეთმა გამართა წლის მთავარი სწავლება „კავკაზ-2020“, რომელიც 21-26 სექტემბერს ჩატარდა. რუსების ინფორმაციით, სწავლებაში ჩართული იყო 80 000 სამხედრო, 250 ტანკი, 450 ჯავშანმანქანა და 200 საარტილერიო დანადგარი, გარდა ამისა, შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის გემები. მონაწილე სამხედროებს შორის იყო 3500 რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების (ვდვ) მებრძოლი. „კავკაზ-2020-ის“ ფარგლებში, წვრთნები გაიმართა სამხრეთის სამხედრო ოლქში, შავ და კასპიის ზღვებში, სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს სამხედროებმა ჩინეთის, ირანის, პაკისტანის, ბელარუსის, სომხეთის, მიანმარისა (ბირმა) და მონღოლეთის შეიარაღებული ძალებიდან. კასპიის ზღვაში, რუსეთის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ძალებთან ერთად ერთობლივი წვრთნა ჩაატარა, რომელიც დაღესტანში რუსი საზღვაო ქვეითების დესანტირებასაც მოიცავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილია რუსეთ-ირანის ერთობლივი წვრთნა კასპიის ზღვაში, „კავკაზ-2020-ის“ ფარგლებში რუსი სამხედროები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – ცხინვალში, „კავკაზ-2020-ის“ მიმდინარეობისას 23 სექტემბერს, ბელარუსში ჩატარებულ ერთობლივ რუსულ-ბელარუსულ სწავლება „სლავური ძმობა 2020-ისას“, 6-მა რუსულმა Tu-22M3 ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, სასწავლო იერიშები განახორციელა. 22 და 24 სექტემბერს კი, ორმა Tu-160 ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ფრენები შეასრულა ბელარუსის საზღვრების გასწვრივ უკრაინასთან, პოლონეთთან და ლიეტუვასთან. რუსმა სამხედროებმა, რომლებიც არქტიკულ ექსპედიციაში იმყოფებიან, საზღვაო ქვეითთა დესანტირების სწავლება ჩაატარეს ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე, ბერინგის ზღვის სანაპიროზე. მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში – დნესტრისპირეთში – განლაგებული რუსული სამხედრო ძალების ოპერატიული ჯგუფის სამხედროებმა, ტაქტიკური სწავლება გამართეს.
კატასტროფები 23 სექტემბერს, დანიის სანაპიროს სიახლოვეს, ბალტიის ფლოტის „პარხიმის“ კლასის (პროექტი 1331M) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო კორვეტი „კაზანეცი“ დაზიანდა დანიურ სატვირთო გემთან შეჯახების შედეგად. კორვეტი პირველადი შეკეთებისთვის გადაყვანილ იქნა ბალტიისკის საზღვაო ბაზაზე. შემდგომი შეკეთებისთვის, იგეგმება მისი გადაყვანა მუდმივი დისლოკაციის ბაზაზე, კრონშტადტში. *ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |