ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 14-20 დეკემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი. რუსეთი აფრიკაში – გავრცელებული ცნობით, რუსეთმა გადაისროლა „რამდენიმე ასეული სამხედრო და მძიმე შეიარაღება“ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ), რათა მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნის სახელისუფლებო ძალებს, რომელიც მეამბოხეთა ალიანსთან მძიმე ბრძოლებშია ჩართული. რუსული წყაროების თანახმად, შავი ზღვის ფლოტის „გაუმჯობესებული კილოს“ კლასის (პროექტი 636.3) დიზელის წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“, მინიმუმ ერთი წელი იმსახურებს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის საზღვაო ესკადრაში. ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში 1 ნოემბრიდან ექსპედიციაში მყოფი წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანი, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი„ვარიაგი“ და „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი„ადმირალ პანტელეევი“, 14-17 დეკემბრის პერიოდში კუნძულ იავაზე მდებარე ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში იმყოფებოდნენ. ბალტიის ფლოტის „სტერეგუშჩი“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტმა „სტოიკიმ“ დატოვა ბალტიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზა და დაიწყო ხანგრძლივი ექსპედიცია, რომელიც ნახევარ წელს გასტანს და მოიცავს ატლანტის ოკეანეს, ინდოეთის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვას. სტოიკი
გადაიარაღება და მოდერნიზაცია 15 დეკემბერს, რუსეთის საზღვაო ძალებს შეუერთდა „ივან გრენი“ კლასის (პროექტი 11711) სადესანტო გემი „პიოტრ მორგუნოვი“. აღნიშნული გემი ჩრდილოეთის ფლოტში იმსახურებს, პოლიარნის საზღვაო ბაზაზე. როსტოვის ოლქში, ქალაქ როსტოვის სიახლოვეს, ფუნქციონირება დაიწყო Nebo-UM ტიპის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სარადარო სადგურმა. 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 55-ე მექანიზებულმა (სამთო) ბრიგადამ (კიზილი, ტუვის რესპუბლიკა) Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები (უსა) მიიღო. მე-2 არმიის (შტაბ-ბინა სამარაში) 21-ე მექანიზებულ (მძიმე) ბრიგადას (ტოცკოე, ორენბურგის ოლქი) 15 ერთეული მოდერნიზებული BMP-2M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადაეცა.
კოსმოსი აშშ-ს კოსმოსური სარდლობის ინფორმაციით, რუსეთმა, პლესეცკის კოსმოდრომიდან, Nudol–ის ტიპის პირდაპირი აღმავლობის ანტი-თანამაგზავრული რაკეტის სატესტო გასროლა განახორციელა.
სწავლებები* საქართველოში, კერძოდ, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, რუსულმა საარტილერიო და ყუმბარმტყორცნელთა დანაყოფებმა სწავლებები ჩაატარეს. რუსებთან ერთად, საარტილერიო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებებმა. *ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |