ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა შენიშვნა მკითხველთათვის: ახალ წელთან დაკავშირებით, ჩვენ გამოვტოვებთ შემდეგ კვირას და 69-ე გამოცემით 2020 წლის 11-17 იანვრის კვირაში დავბრუნდებით. 69-ე გამოცემა 2 კვირის ინფორმაციას მოიცავს.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 21-27 დეკემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, 5 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ომი სირიაში – რუსებმა, შვეულმფრენების მხარდაჭერით, დამატებითი ძალები გაგზავნეს მათ პოსტზე ქალაქ აინ ისასთან, სირიის ჩრდილოეთში. მანამდე, ხსენებულ არეალში, პრო-თურქულმა მეამბოხეებმა წინსვლა სცადეს, რამაც ქურთულ ძალებთან მძიმე ბრძოლები გამოიწვია. იდლიბის რეგიონში, 24 დეკემბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. რუსეთი აფრიკაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (ცარ) მთავრობის მხარდასაჭერად, რუსეთმა, ქვეყანაში ასეულობით მებრძოლის გადასროლასთან ერთად, 25 დეკემბერს, დამატებით, ცარ-ში 2 ერთეული Mi-8AMTSh ტიპის სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენი გაგზავნა. ორი რუსული შვეულმფრენის ცარ-ში ჩატანის პროცესი 22 დეკემბერს, ორმა რუსულმა Tu-95 ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ერთობლივი პატრულირება განახორციელა 4 ჩინურ ბომბდამშენთან ერთად, იაპონიის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. ამავე დღეს, სამხრეთ კორეის განცხადებით, მათ განგაშის საფუძველზე ააფრინეს საკუთარი გამანადგურებლები ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში 15 რუსული და 4 ჩინური სამხედრო თვითმფრინავის შეჭრის გამო. იაპონიამ ასევე განახორციელა გამანადგურებლების განგაშით აფრენა.
სტრუქტურული ცვლილებები ახალი სანაპირო დაცვის სარაკეტო ბრიგადა ჩამოყალიბდა კუნძულ სახალინზე. ბრიგადა აღიჭურვება Bastion-P და Bal ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო სისტემებით.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია წყნარი ოკეანის ფლოტს, 25 დეკემბერს, „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტი „ალდარ ციდენჟაპოვი“ შეუერთდა, ხოლო 26 დეკემბერს – „ალექსანდრიტის“ კლასის (პროექტი 12700) ტრალერი „იაკოვ ბალიაევი“. რუსეთის საჰაერო ძალებმა მიიღო პირველი Su-57 ტიპის გამანადგურებელი, რომელიც 929-ე სახელმწიფო საფრენოსნო გამოცდების ცენტრს (ახტუბინსკის საჰაერო ბაზა, ასტრახანის ოლქი) გადაეცა. მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) 53-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადა (მარშალა ჟუკოვა, კურსკის ოლქი) შეიარაღდა Buk-M3 ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით. 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 61-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადამ (ბიისკი, ალტაის მხარე), ასევე დაასრულა Buk-M3 ტიპის სისტემებზე გადაიარაღება. მე-2 არმიის (შტაბ-ბინა სამარაში) 21-ე (მძიმე) მექანიზებული ბრიგადის (ტოცკოე, ორენბურგის ოლქი) საჰაერო თავდაცვის ბატალიონს გადაეცა 9K333 Verba ტიპის ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (მანპადი). 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 90-ე სატანკო დივიზიის (შტაბ-ბინა ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი) 228-ე მექანიზებული პოლკის (ეკატერინბურგი) სატანკო ბატალიონი სრულად გადაიარაღდა 30 ერთეული T-72B3M ტიპის ტანკით.
სწავლებები* სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარა რუს სამხედროებთან ერთად, რომლებიც მათ ქვეყანაში არიან განლაგებულნი.
შეიარაღების ექსპორტი რუსეთმა ყაზახეთს ოთხი ერთეული Su-30SM ტიპის გამანადგურებელი მიაწოდა.
*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |