ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 15-21 თებერვლის კვირაში ყოველდღიურად ისროდნენ დონბასის ფრონტზე, მათ შორის, რუსული ჰიბრიდული ძალები იყენებდნენ 122 მმ-იან არტილერიასაც. კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს დანაკარგი არ ჰქონია. ომი უკრაინაში – ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ გავრცელებული ცნობით, დონბასში, ლუგანსკიდან სამხრეთ-დასავლეთით 37 კილომეტრში, დაფიქსირდა თანამედროვე რუსული Kasta-2E1 ტიპის რადარი. 17 თებერვალს, შავი ზღვის თავზე, სამი ფრანგული სამხედრო თვითმფრინავისგან შემდგარ ჯგუფს გზა გადაუჭრა ორმა რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა. ომანის ყურეში გამართული ერთობლივი რუსულ-ირანული საზღვაო სწავლების შემდეგ, ბალტიის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტი „სტოიკი“, რომელიც 16 დეკემბრიდან ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფება, 20 თებერვალს ომანში, სალალაჰის პორტში შევიდა. სტოიკი
სტრუქტურული ცვლილებები ახალი ბატალიონი ჩამოყალიბდა 1724-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკის (იუჟნო-სახალინსკი, სახალინის ოლქი) დაქვემდებარებაში, რომელიც S-400 „მიწა-ჰაერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსებითაა აღჭურვილი.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია რუსების მტკიცებით, მათ სირიაში, ექსპერიმენტულ რეჟიმში, ბრძოლაში გამოიყენეს ე.წ. „კამიკაძე“ უპილოტო საფრენი აპარატები (უსა). რუსების ცნობით, ისინი აპირებენ დნეპრის, დარიალისა და ვოლგის ტიპის ყველა სარადარო სადგური ვორონეჟის ტიპის ადრეული გაფრთხილების რადარებით ჩაანაცვლონ.
სწავლებები* რუსეთმა და ირანმა 15-16 თებერვალს ერთობლივი საზღვაო სწავლება გამართეს. გავრცელებული ცნობით, ის ომანის ყურეში ჩატარდა და მასში ჩართული იყო როგორც ირანის სამხედრო-საზღვაო, ასევე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო სპეციალური ოპერაციების ძალები. რუსული მხრიდან, წვრთნაში მონაწილეობა მიიღო 16 დეკემბრიდან ხანგრძლივ ექსპედიციაში მყოფმა, ბალტიის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტმა „სტოიკიმ“. ცენტრალური სამხედრო ოლქის დანაყოფებიდან, 5000-ზე მეტი სამხედრო ერთდროულად გამართულ სწავლებებში ჩაერთო. წვრთნებმა მოიცვა 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 90-ე სატანკო დივიზია (შტაბ-ბინა ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი), 201-ე სამხედრო ბაზა (შტაბ-ბინა დუშანბეში, ტაჯიკეთი), 35-ე მექანიზებული ბრიგადა (ალეისკი, ალთაის მხარე) და 74-ე მექანიზებული ბრიგადა (იურგა, კემეროვოს ოლქი), ასევე მე-2 არმიის (შტაბ-ბინა სამარაში) 21-ე მექანიზებული (მძიმე) ბრიგადა (ტოცკოე, ორენბურგის ოლქი) და 30-ე მექანიზებული ბრიგადა (როშჩინსკი, სამარას ოლქი). შავი ზღვის ფლოტის სახმელეთო ძალების ათეულობით საარტილერიო სისტემა იყო ჩართული ფართომასშტაბიან საარტილერიო სწავლებაში, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) გაიმართა. რუსმა სამხედროებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სწავლებები გამართეს – ცხინვალის რეგიონში სნაიპერებისთვის, ხოლო აფხაზეთის რეგიონში უსა-საწინააღმდეგო.
შეიარაღების ექსპორტი პაკისტანის არმიის ინფორმაციით, რუსეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს პაკისტანში ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ექსპორტს. *ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |