ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა. შენიშვნა მკითხველთათვის: აღნიშნული გამოცემა მოიცავს ექვს კვირას. შემდეგი გამოცემა მოიცავს 9 მაისის შემდგომ ორ კვირას.
გეოსტრატეგიული აქტივობები 2021 წლის მარტის მეორე ნახევრიდან, რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში, განახორციელა დიდი ძალების თავმოყრა. აღნიშნული ძალები შეუერთდნენ ადგილზე მუდმივად განლაგებულ სამხედრო შენაერთებს. დამატებითი ძალები მოიცავდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს დასავლეთის, სამხრეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან, ასევე რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებიდან (ვდვ) და კასპიის ფლოტილიიდან. შავი ზღვის ფლოტის გემებს შეუერთდნენ ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტების სადესანტო გემები. რუსეთის მიერ, აღნიშნული ძალების გადაადგილების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა არაერთი „საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება“ და სწავლებები, მათ შორის ყირიმში გამართული მასშტაბური სწავლება. მართალია რუსებმა ხსენებული ღონისძიებების დასასრული აპრილის ბოლოს გამოაცხადეს, თუმცა 9 მაისის მდგომარეობით კვლავ რჩებოდა ეჭვი, რომ გარკვეული ძალები, რომლებიც უკრაინის მიმართულებით იქნა გადასროლილი, არ დაბრუნებულან საკუთარ ბაზებზე. ომი უკრაინაში – 3-9 მაისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო. 26 აპრილი – 2 მაისის კვირაში დაიღუპა 1 და დაიჭრა 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. 12-18 აპრილის კვირაში უკრაინულ მხარეს დაიღუპა 3 და დაიჭრა 5 სამხედრო. 5-11 აპრილის კვირაში დაიღუპა 6 და დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო. 29 მარტი – 4 აპრილის კვირაში კი, უკრაინულმა მხარემ დაკარგა 1 სამხედრო, ხოლო დაეჭრა 4. ომი სირიაში – 29 მარტს და 6-7 აპრილს, რუსეთის საჰაერო ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიაში, კერძოდ, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. 102-ე სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა გიუმრიში, სომხეთი) ორი ახალი სამხედრო პოსტი ჩამოყალიბდა სომხეთის სამხრეთ ნაწილში (სივნიეთის რეგიონი). აღნიშნული აქტივობა გამოიწვია სომხეთის დაუცველობის აღქმამ აზერბაიჯანისა და თურქეთის პირისპირ, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ პერიოდში. რუსეთი აფრიკაში – რუსეთის სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ) მხარს უჭერენ სამთავრობო ძალებს, ბრალი ედებათ ომის დანაშაულებში, „მათ შორის, მასობრივ ჯგუფურ სიკვდილით დასჯაში, თვითნებურ დაკავებებსა და დაკითხვისას გამოყენებულ წამებაში“. ვენესუელაში, კერძოდ შტატ სუკრეში, შემჩნეულ იქნა რუსეთის სამხედრო ოფიცრების ყოფნა ადგილობრივ სამხედრო დანაყოფში. 6 მაისს, რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა, ჩუკოტკის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრა აშშ-ს თვითმფრინავს. ასევე, აშშ-ს საფრენი აპარატები რუსული MiG-31 ტიპის გამანადგურებლების მიერ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით გადაჭერილ იქნნენ 10, 16 და 23 აპრილს. ბარენცის ზღვის თავზე, ზემოაღნიშნული ტიპის რუსულმა გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს ნორვეგიულ თვითმფრინავს 7 აპრილს, ხოლო ნორვეგიისა და აშშ-ს საფრენ აპარატებს – 19 აპრილს. გავრცელებული ცნობით, 29 მარტს, „ნატოს“ თვითმფრინავები განგაშის საფუძველზე 10-ჯერ აფრინდნენ რუსული თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად. აღნიშნულ დღეს, ინციდენტებს ადგილი ჰქონდათ ნორვეგიის, ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვების თავზე. მათში “ნატოს“ მხრიდან ჩართული იყვნენ ბრიტანული, ნორვეგიული, ბელგიური, თურქული, რუმინული, ბულგარული და იტალიური (მოქმედებდა ლიეტუვიდან) გამანადგურებლები. რუსეთის მხრიდან ინციდენტებში ფიგურირებდნენ Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენები, Tu-142 და Il-38 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავები, ასევე Su-27 ტიპის გამანადგურებლები. 20 აპრილს, „ნატოს“ თვითმფრინავებმა რამდენჯერმე გადაუჭრეს გზა რუსულ თვითმფრინავებს ბალტიის ზღვის თავზე. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა ინციდენტში, შედგებოდა Tu-160 ტიპის ბომბდამშენების წყვილისგან, Su-35S და Su-27 ტიპის გამანადგურებლებთან ერთად, რომლებიც გადაიჭირეს გერმანულმა, დანიურმა და ფინურმა თვითმფრინავებმა. 23 აპრილს აშშ-ს გამანადგურებლებმა Tu-142 ტიპის საფრენ საფრენ აპარატებს გზა გადაუჭრეს წყნარი ოკეანის თავზე. 19 აპრილს, კოლუმბიის გამანადგურებლებმა, საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, გზა გადაუჭრეს რუსულ Il-96-400VPU ტიპის თვითმფრინავს, რომელიც, არსებული ინფორმაციით ეკუთვნის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB). კოლუმბიელების ცნობით, თვითმფრინავმა გადაუხვია დაგეგმილი მარშრუტიდან, რის შემდეგაც გამანადგურებლებმა აიძულეს დაეტოვებინა კოლუმბიის საჰაერო სივრცე. გზაგადაჭრილი FSB-ს კუთვნილი თვითმფრინავის მარშრუტი წყნარი ოკეანის ფლოტის საბრძოლო გემების ორმა ჯგუფმა დატოვა ვლადივოსტოკი 1 მაისს, მათ დაიწყეს ხანგრძლივი ექსპედიცია ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში. პირველ ჯგუფში შედის წყნარი ოკეანის ფლაგმანი, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „მარშალ შაპოშნიკოვი“. მეორე ჯგუფში შედის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტები „გრომკი“ და „სოვერშენი“. შავი ზღვის ფლოტის „იური ივანოვის“ კლასის (პროექტი 18280) სადაზვერვო გემი „ივან ხურსი“ და ბალტიის ფლოტის „ვიშნია/მერიდიანის“ კლასის (პროექტი 864) კლასის სადაზვერვო გემი „ვასილი ტატიშევი“ ჩავიდნენ პორტ სუდანში, შესაბამისად, აპრილის პირველ ნახევარსა და ბოლოში. ბალტიის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტი „ბოიკი“ და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775.2) სადესანტო გემი „მინსკი“, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ მარტის მიწურულს გადაადგილდებოდნენ ხმელთაშუა ზღვისკენ, უკან გაბრუნდნენ და ბალტიის ზღვაში 3 აპრილს დაბრუნდნენ. ბალტიის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტმა „სტოიკი“, რომელიც ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფებოდა 2020 წლის 16 დეკემბრიდან, სუეცის არხის გავლით, 31 მარტს ინდოეთის ოკეანის აუზიდან გადმოინაცვლა ხმელთაშუა ზღვაში და 29 აპრილს დაასრულა ექსპედიცია ბალტიისკის ბაზაზე დაბრუნებით. შავი ზღვის ფლოტის „პროექტი 22160“ კლასის საპატრულო გემი „დმიტრი როგაჩევი“, რომელიც 2021 წლის იანვრიდან ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფებოდა, ინდოეთის ოკეანის აუზში მოქმედების შემდეგ, 3 აპრილს შავ ზღვაში დაბრუნდა.
სტრუქტურული ცვლილებები მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) მე-20 მექანიზებული ბრიგადა (ვოლგოგრადი) გაფართოვდება და გარდაიქმნება მე-20 მექანიზებულ დივიზიად. მისი დანაყოფები განთავსდება ვოლგოგრადსა და კამიშინში (ვოლგოგრადის ოლქი). კამიშინში არსებული ბაზა გამოათავისუფლა 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში გადასვლის პროცესშია, რაზედაც დაიჯესტის წინა გამოცემაში ვწერდით. ახალი დივიზია მე-8 არმიის დაქვემდებარებაში დარჩება. ახალი დეტალები გავრცელდა კალინინგრადის ოლქში ახლადშექმნილი მე-18 მექანიზებული დივიზიის შესახებ. კერძოდ, დივიზიის შემადგენლობაში შედის 275-ე მექანიზებული პოლკი და 280-ე მექანიზებული პოლკი. რუსული წყაროების ვარაუდით, აღნიშნული ორი პოლკი ყოფილი 79-ე მექანიზებული ბრიგადის (გუსევი) ბაზაზე შეიქმნა. გარდა ხსენებული პოლკებისა, მე-18 დივიზიის სარდლობაში შედის მე-11 სატანკო პოლკი (გუსევი) და 22-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (კალინინგრადი). ახალი მობილური ასეული ჩამოყალიბდა 1-ლი საარმიო კორპუსის (დონეცკი, დონბასის ოკუპირებული ნაწილი, უკრაინა) შემადგენლობაში.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია 7 მაისს, „იასენ-მ“ კლასის (პროექტი 885M) ატომური წყალქვეშა ნავი „კაზანი“ შეუერთდა რუსეთის საზღვაო ძალებს და დაექვემდებარა ჩრდილოეთის ფლოტს. მე-5 არმიის (უსურიისკი, პრიმორიეს მხარე) სპეციალური ოპერაციებისა და სადაზვერვო დანაყოფებმა ტაიფუნის ტიპის ჯავშანმანქანები მიიღეს. 35-ე არმიის (ბელოგორსკი, ამურის ოლქი) 64-ე მექანიზებული ბრიგადის (კნიაზე-ვოლკონსკოე, ხაბაროვსკის მხარე) სატანკო ბატალიონი გადაიარაღდა T-80BVM ტიპის ტანკებით. შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის (სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) ცალკეულ საზღვაო ქვეითთა ბატალიონს გადაეცა 40 ერთეული BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი. 49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) 25-ე სპეციალური ოპერაციების ძალების პოლკი (სტავროპოლი) აპრილის დასაწყისში, სრულად გადაიარაღდა AK-12 ტიპის მოიერიშე შაშხანით. წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას (ვლადივოსტოკი) მიეწოდა 40 ერთეულამდე BMP-3 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა. 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-6 სატანკო ბრიგადამ (მულინო, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი) მიიღო Tor-M2 ტიპის ახლო მოქმედების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები. გავრცელებული ცნობით, ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგის ალექსანდრეს მიწის კუნძულზე განთავსებულმა სანაპირო დაცვის სარაკეტო ბატალიონმა, მანამდე გადაცემულ Bastion-P ტიპის სისტემებთან ერთად, შეიარაღებაში მიიღო Bal ტიპის სანაპირო დაცვის მობილური სარაკეტო სისტემები.
კოსმოსი 1 აპრილს, 2018 წლის მარტიდან კოსმოსში მყოფი რუსული სამხედრო თანამგზავრი კოსმოს-2525, მოწყდა ორბიტას და ატმოსფეროში დაიწვა. 23 აპრილს, იგივე შეემთხვა რუსულ სამხედრო-საკომუნიკაციო თანამგზავრს მერიდიან N2-ს, რომელიც კოსმოსში 2009 წლიდან ოპერირებდა.
სწავლებები* (გარდა გეოსტრატეგიული აქტივობების სექციაში ხსენებული წვრთნებისა) ჩრდილოეთის ფლოტმა, აპრილის მეორე ნახევარში, ფართომასშტაბიანი სწავლება გამართა, რომელშიც, გავრცელებული ცნობით, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათასმა სამხედრო მოსამსახურემ, 30-მდე გემმა და 40-მა საფრენმა აპარატმა. 19-23 აპრილს, 201-ე სამხედრო ბაზის (მექანიზებული დივიზია) 2600-მა სამხედრომ, სამხედრო ავიაციის, შვეულმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) ჩართულობით, ერთობლივი სწავლება ჩაატარა ტაჯიკეთის სამხედრო ძალებთან ერთად. წვრთნაში, მათ შორის, მონაწილეობა მიიღეს თვითმფრინავებმა ყირგიზეთში არსებული რუსეთის კანტის საჰაერო ბაზიდან. მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში, ბელარუსის სამხედროებმა, რუსეთის 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-6 სატანკო ბრიგადის (მულინო, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი) სამხედროებთან ერთად, ერთობლივი სწავლება გამართეს მულინოში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო ერთობლივი სწავლებიდან აპრილის დასაწყისში, მე-7 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა) 4000-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ გამართა სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო). სწავლებას წინ უსწრებდა მარტის ბოლოს ჩატარებული წვრთნა, რომელშიც ამავე ბაზის 1000-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. აპრილის ბოლოს, ოკუპირებულ ცხინვალში (საქართველო) მე-4 სამხედრო ბაზის (ასევე, მექანიზებული ბრიგადა) 450 სამხედრო იყო ჩართული სწავლებებში.
შეიარაღების ექსპორტი გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში სერბეთს მიეწოდა რუსული BRDM-2MS ტიპის ამფიბიური საპატრულო ჯავშანმანქანებისა და T-72B1MS ტიპის ტანკების პარტია. რუსეთმა ტაილანდს მიაწოდა 3 ერთეული Mi-17V-5 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი. აღნიშნული შენაძენით, ამ ტიპის რუსული შვეულმფრენების რაოდენობა ტაილანდის სამხედრო ძალებში 10-მდე გაიზარდა.
*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |