ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

არაერთი წყარო მიუთითებს, რომ 31 იანვარი – 6 თებერვლის კვირაში, რუსეთი აგრძელებდა საკუთარი ძალების გადასროლას უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის ტერიტორიაზე, ბელარუსსა და ოკუპირებულ ყირიმში. 5 თებერვლის აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა თავი მოუყარა იმ ძალების 70 პროცენტს, რომელიც სჭირდება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის. მათი ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსებმა საკუთარი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების რიცხვი უკრაინის გარშემო გაზარდეს 60-დან 83-მდე, ხოლო კიდევ 14 ტაქტიკური ჯგუფი ტრანსპორტირების პროცესშია. აღნიშნული ზრდის ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმში არსებული კონტიგენტი გაიზარდა 10 000 მებრძოლით. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გარშემო განლაგებულმა რუსი სამხედროების რიცხვმა 130 000-ს მიაღწია. ბელარუსში უკვე გადაყვანილ რუსულ ძალებს, არსებული ინფორმაციით შეუერთდა ძალები 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის (შტაბ-ბინა ტულაში) 137-ე საჰაერო-სადესანტო პოლკიდან (რიაზანი) და 31-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის (ულიანოვსკი) ბატალიონი.

ომი უკრაინაში – 31 იანვარი – 6 თებერვლის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო.

ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 6 რუსული სადესანტო გემისგან შემდგარი დაჯგუფება, 3 თებერვალს შევიდა რუსეთის საზღვაო ბაზაზე ტარტუსში, სირიაში. ამის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის, რომელიც მოიცავს ბალტიის ფლოტის „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემებს „კალინინგრადს“, „კოროლევს“ და „მინსკს“, ასევე ჩრდილოეთის ფლოტის „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემებს „გიორგი პობედონოსეცსა“ და „ოლენეგორსკი გორნიაკს“ და „ივან გრენის“ კლასის (პროექტი 11711) სადესანტო გემს „პიოტრ მორგუნოვს“, შემდეგ დანიშნულების წერტილად შავი ზღვა განესაზღვრათ. ასევე, არსებული ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში მცურავი შავი ზღვის ფლოტის „გაუმჯობესებული კილოს“ კლასის (პროექტი 636.3) დიზელის წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“ უბრუნდება შავ ზღვას.

ჩრდილოეთის ფლოტის „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „მარშალი უსტინოვი“ და „ადმირალ გორშკოვის“ კლასის (პროექტი 22350) ფრეგატი „ადმირალი კასატონოვი“ 3 თებერვლის მონაცემებით, ოპერირებდნენ ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. 6 თებერვალს, გავრცელებული ცნობით, „მარშალი უსტინოვი“ გიბრალტარის სრუტის გავლით შევიდა ხმელთაშუა ზღვაში. კიდევ ერთი, ამ შემთხვევაში წყნარი ოკეანის ფლოტის, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ შევიდა ხმელთაშუა ზღვაში გასულ კვირას, სუეცის არხის გავლის შემდეგ.

„მარშალი უსტინოვი“

გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიის ფლოტის „სტერეგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტები „სოობრაზიტელნი“ და „სტოიკი“ 1-ლ თებერვალს ლა-მანშის სრუტის გავლით შევიდნენ ატლანტის ოკეანეში.

ბალტიის ფლოტის კორვეტების მარშრუტი

2 თებერვალს, ბრიტანულმა გამანადგურებლებმა ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით გზა გადაუჭრეს 2 რუსულ Tu-95 ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენსა და 2 Tu-142 ტიპის საზღვაო დაზვერვისა და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო ბრძოლის თვითმფრინავს. აღნიშნულ თვითმფრინავებს გზა ასევე გადაუჭრეს ნორვეგიულმა გამანადგურებლებმა. ნორვეგიული გამანადგურებლების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის კიდევ ერთ გზის გადაჭრას ადგილი ჰქონდა 3 თებერვალს, ბარენცის ზღვის თავზე.

ესტონეთში განალგებულმა აშშ-ს გამანადგურებლებმა, ბალტიის ზღვის თავზე, 3 თებერვალს გადაიჭირეს რუსული Tu-154 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი და მისი გამცილებელი Su-35S და MiG-31 ტიპის გამანადგურებლების წყვილები.

5 თებერვალს, 2-მა რუსულმა Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიულმა ბომბდამშენმა პატრულირება განახორციელა ბელარუსის საჰაერო სივრცეში.

31 იანვარს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა, რუსული თვითმფრინავების მიერ 29 იანვარს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით.

ომი სირიაში – რუსეთის საჰაერო ძალებმა, 3 და 6 თებერვალს, საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსეთი სუბსაჰარულ აფრიკაში – ორგანიზაცია CSIS-ს ანგარიშში ახალი დეტალები გამოჩნდა რუსული სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის“ მალიში ოპერირებასთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში, „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიწყეს საკუთარი ბანაკის შენება მალის დედაქალაქ ბამაკოს საერთაშორისო აეროპორტში. „ვაგნერის“ მებრძოლები ამის შემდეგ ცენტრალურ მალიშიც გადავიდნენ და 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან ჩაებნენ საბრძოლო მოქმედებებში ჯიჰადისტი მეამბოხეების წინააღმდეგ. „ვაგნერის“ ჯგუფმა ბაზები ასევე შექმნა ქალაქებში სეგოსა და ტიმბუკტუში.

 

სტრუქტურული ცვლილებები

მე-8 არმიის მე-20 მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა ვოლგოგრადში) სტრუქტურის შესახებ, ახალი ინფორმაციის თანახმად, 255-ე მექანიზებული პოლკის (ვოლგოგრადი) გარდა, დივიზიაში შედის 33-ე მექანიზებული პოლკი (კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი), ასევე თვითმავალი არტილერიის პოლკი და ცალკეული სატანკო ბატალიონი.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

12 ერთეული Msta-SM2 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა დასავლეთის სამხედრო ოლქის ძალებს გადაეცა.

 

კოსმოსი

5 თებერვალს, პლესეცკის კოსმოდრომიდან (მირნი, არხანგელსკის ოლქი) გაშვებულმა Soyuz-2.1a ტიპის რაკეტამ, ორბიტაზე გაიყვანა რუსული სამხედრო თანამგზავრი, სახელწოდებით Cosmos-2553.

 

სწავლებები*

რუსეთის სამხედრო ძალებმა სწავლება გამართეს დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში, მოლდოვაში.

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.